3 Jun 2015

სამყაროს დიზაინერი _ სოფია

"...როცა არ იყო უფსკრულები, მაშინ გავჩნდი; როცა არც წყალუხვი წყაროები იყო; მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს; როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი; როდესაც იგი ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი; როდესაც უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა, როდესაც მაღლა ცას ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა, როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა, მაშინ მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი (ფერების) მომზავებელი..." (24-30)

ასე ამბობს სიბრძნე სოლომონის იგავებში და სამყაროს შექმნაში მონაწილეობისას თავის თავს მხატვარს უწოდებს. ამ ტექსტის თანახმად სამყარო თანამშრომლობით იქმნება, ანუ ქალური ბუნების მქონე სიბრძნე შესაქმის დროს ღმერთის პარტნიორია.

კოსმიური სქემების და შიდა სტრუქტურების მიხედვით ფორმების შექმნა არქიტექტურული კონსტრუქციის შექმნას გავს. ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ეს ქალი არქიტექტორის როლშიც გვევლინება: "...სიბრძნემ თავისთვის სახლი იშენა და მას ქვეშ შვიდი სვეტი შეუდგა... შემდეგ განაზავა ღვინო, გაამზადა ტაბლა, გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან: უგუნური ვინც არის, ჩემსკენ მობრუნდეს, და ჭკუანაკლულებს კი უთხრა: მოდით, ჭამეთ ჩემი პური და შესვით ღვნო, რომელიც განგიზავეთ თქვენ, დაუტევეთ უგუნურება (მოიძიეთ გონიერება, რათა ცხოველ იყვნეთ, წარიმართეთ მეცნიერებით გულისხმის – ყოფა)". (9.1-6)

როგორც ვხედავთ, სიბრძნის სახლი ევქარისტიის საიდუმლო რიტუალისთვის შენდება, სადაც სიბრძნე სუფრას გაშლის და ხალხს მიმართავს: - ჭამეთ ჩემი პური და შესვით ღვინო, რომელიც განგიზავეთ, რათა ამით დაუტევოთ უგუნურობა, მოიძიოთ გონიერება, შემეცნებით წარმართოთ გულისხმა, და “ცხოველ იყვნეთ”, ანუ უკვდავებას ეზიაროთო.

სამყაროს შექმნაში “ქალის” მონაწილეობა სულაც არ ემთხვევა ძველი აღთქმის დოგმატურ პათოსს და სოლომონს განსხვავებული რელიგიური მოძღვრების მიმდევრად წარმოგვიჩენს. მისი ტექსტები შემდგომი პერიოდის ერეტიკულ მიმდინარეობებს, ასევე ქრისტიანობაში ფარულ დინებებს დაედო საფუძვლად და ბევრი ინტელექტუალური თუ მენტალური კამათის, ბრძოლის საგანი გახდა. ამ თვალსაზრისით მთავარ “ერეტიკოსად” თვითონ სოლომონი გვევლინება და მისი მიმდევრობაც მოგვიანებით უკვე არადოგმატური ხაზის მიმდევრობას გულისხმობდა.

სოლომონი რომ ქალური და მამაკაცური ღვთაებრივი პრინციპის ბალანსის მქონე რომელიღაც ძველ რელიგიას აღიარებდა, ეს ყველაზე კარგად ჩანს მისი საკმაოდ უცნაური და იდუმალი ტექსტიდან – ქებათა ქება. მკვლევარები ლინ პიკნეტი და ქლაიფ პრინსი თავიანთ წიგნში “ტაძრის რაინდების საიდუმლო” წერენ რომ – “ქებათა ქებაში ძალიან ზუსტადაა ასახული ეგვიპტელთა საქორწინო წეს-ჩვეულებები და კერძოდ ქალღმერთ ისისისადმი მიძღვნილი რელიგიური თაყვანისცემა. ტექსტი გაჟღენთილია იმგვარი ორგიასტული სიმბოლიზმით, რაც უფრო უძველეს მისტერულ რელიგიებს ახასიათებს და ებრაელთა დაწერილ ბიბლიაში ამ განაკვეთის დღემდე დატოვება ცოტა არ იყოს უცნაურია”.

სოლომონის იდეები შემდგომში გნოსტიკოსებმა განავითარეს და თავისი მოძღვრების მთავარ დებულებად აქციეს. მხოლოდ მათ სიბრძნე უკვე დიდი ხნის დაკარგულად მიიჩნიეს: როდესაც ღმერთის თავდაპირველი აზრი დაეშვა ქვედა სამყოფელში, მატერიალური სუბსტანციის ტყვეობაში მოხვდა და დამოუკიდებლად თავის დახსნა ვეღარ მოახერხა. ამიტომაც გნოსტიკოსების მთავრი მიზანი სიბრძნის ძიება, აღმოჩენა და ტყვეობიდან გათავისუფლება იყო. ეს ძალიან გავს ალქიმიურ პროცესს. ალქიმიკოსისთვისაც მთავარი ამოცანა უხეში მატერიისგან ფილოსოფიური ქვის დახსნაა. სტეფან ჰოლერი წერს რომ: “სოფიამ თავისი კვალი ალქიმიაშიც დატოვა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ალქიმიურ სოფიას ეხება – არის ცნობილი ტრაქტატი «Aurora Consurgens», რომლის ავტორობასაც ზოგიერთი მკვლევარი შუასაუკუნეების ეკლესიის გამოჩენილ მასწავლებელს და დასავლეთის თეოლოგიის მამას _ თომა აქვინელს მიაწერს. ეს უცნაური ნაწარმოები ალქიმიურ გარდასახვებს აგვიწერს, როგორც სოფიას თანდათანობით გათავისუფლებას ქაოტური, შეზღუდული მატერიალურობის ტყვეობიდან”. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას რომ სოფია არა მარტო შესაქმის, არამედ ხსნის აქტშიც მონაწილეობს.

ყველაზე ნათლად ეს ფენომენი სიმონ მოგვის მოძღვრებაში აისახა; სიმონს ყავდა თანამგზავრი ქალი ელენე, რომელზეც ამბობდა რომ ის იყო ღმერთის თავდაპირველი აზრის ემანაცია. მას შემდეგ რაც ის ფიზიკურ სხეულში მოხვდა, როგორც ჭურჭლიდან ჭურჭელში, გადადიოდა ერთი ქალიდან მეორეში. “ძალები” (არქონტები) ერთმანეთს ეცილებოდნენ მის დასაუფლებლად და სადაც კი გამოჩნდებოდა, იქ მაშინვე არეულობა და შუღლი იწყებოდა. ის იყო იმ ელენეს სხეულშიც, რომლის გამოც მოხდა ტროას ომი. მოგზაურობდა რა ერთი სხეულიდან მეორეში, იტანდა ყველანაირ დამცირებას. სწორედ ის იყო “გზააბნეული ცხვარი”, რომლის გადასარჩენად სიმონი თვითონ მოვიდა, რათა ბორკილებისგან დაეხსნა და ამით ყველა ადამიანისთვის მოეტანა ხსნა.

მაგრამ რატომ შეარჩია სიმონმა ამ ალეგორიის გადმოსაცემად ტროელი ელენე? ისევე როგორც სოლომონის “ქებათა ქების” დაფარული აზრის ახსნას ეგვიპტეში, ისისის კულტში ეძებენ, ამ კითხვაზე პასუხიც ეგვიპტეში უნდა ვეძებოთ. გნოსტიციზმის მთავარ ცენტრს ეგვიპტის ალექსანდრია წარმოადგენდა (სიმონ მოგვიც გარკვეული დროის მანძილზე ალექსანდრიაში ცხოვრობდა). ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული ეს ქალაქი თავიდანვე იქცა ელინიზმის და ახალი ინტელექტუალური იდეების განხორციელების მთავარ სამოქმედო ასპარეზად. საინტერესოა რომ ქალაქი “ტროას ციკლის” მიხედვით იყო დაპროექტებული და მისი არქიტექტურული კონცეპციაც ტროელ ელენეს უკავშირდებოდა. ერთი შეხედვით ეს საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ალექსანდრესთვის ტროასთან დაკავშირებული ამბები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ისე უცნაურად აღარ მოგვეჩვენება. ამბობენ რომ ის ყველა ბრძოლაში თან დაატარებდა იდუმალ ფეტიშს, რომელშიც ჰომეროსის “ილიადა” იდო, თავად კი ელენეს გამტაცებელი პარისის სახელი ერქვა. 

ალექსანდრე არქიტექტორ დინოკრიტოსთან ერთად თვითონ იღებდა მონაწილეობას ქალაქის დაპროექტებაში. ქალაქს ჰქონდა ორი ჭიშკარი: აღმოსავლეთით _ მზის და დასავლეთით – მთვარის. ამ ორი კარის შემაერთებელ მთავარ მაგისტრალს – კანოპუსის გზა ერქვა. კანოპუსი იმ ხომალდის მესაჭე იყო, რომლითაც ელენე მგზავრობდა. ძვ. წ. VI ს. ავტორის სტესიქოროსის ვერსიით კი, სპარტადან წამოსული ელენე და პარისი ქარიშხალმა ეგვიპტის სანაპიროსთან იმ ადგილის მახლობლად გამორიყა, სადაც შემდეგ ალექსანდრია აშენდა. ზევსმა ნამდვილი ელენე მისი “ფანტომით” შეცვალა. ელენე ეგვიპტეში დარჩა, ხოლო პარისს მისი “ასლი” გაჰყვა ტროაში. მთელი იმ ხნის განმავლობაში რაც ტროას ომი მიმდინაარეობდა, ელენე ფარაონის მფარველობის ქვეშ ეგვიპტეში ცხოვრობდა. ჰეროდოტე კი იმასაც წერს რომ იქ ელენეს ტაძარი არსებობდა სახელად “უცხო აფროდიტე”.

მითოლოგიური ტრადიციით ხომალდი, რომელსაც კანოპუსი მართავდა, ცაზე განთავსდა დიდი თანავარსკვლავედის – “არგოს” სახელით, რომლის კიჩოსთან ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს კანოპუსი შეარქვეს. ის იმ არგოსაც განასახიერებდა, რომლითაც არგონავტებმა ოქროს საწმისი და მედეა გაიტაცეს, ანუ ხომალდი, რომელმაც მზის ამოსვლის ქვეყანაში იმოგზაურა და რომელზეც ალქიმიური ფორმულების შემცველი საწმისი დაიტვირთა. პლუტარქეს ცნობით კი არგო თავდაპირველად ოსირისის და ისისის ხომალდი იყო. 

ალექსანდრიის დაფუძნების ადგილი, იქვე მდებარე ფაროსის კუნძული, და საერთოდ მთელი ძველი ეგვიპტური რელიგია ქალღმერთ ისისის კულტით იყო გაჯერებული. მისი, როგორც ბუნების ნაყოფიერების გამომხატველი ქალღმერთის ასტრონომიული ასპექტიც ყველაზე დიდ როლს თამაშობდა ეგვიპტელების ცხოვრებაში. ალექსანდრიის სქემაშიც სწორედ ისისთან დაკავშირებული ასტრონომიული ალეგორია იყო ჩადებული. კანოპუსის გზა იმ ხომალდ არგოს მოძრაობას გადმოსცემდა, რომელიც ისისის ვარსკვლავს – სირიუსს დაატარებდა ცაზე. პლუტარქე წერს რომ ეგვიპტელები ცაზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს ისისს უწოდებენ, იმიტომ რომ ის იწვევს ნილოსის ადიდებას. ეს ხდებოდა სირიუსის ჰელიაკალური ამოსვლისას ივლისი-აგვისტოს მიჯნაზე, მაშინ როცა მზე ლომის ზოდიაქოში შედიოდა. ამ დროს 70 დღიანი გაუჩინარების შემდეგ სირიუსი პირველად ჩნდებოდა ცაზე – ის ზღვიდან ამოდიოდა. იგივე სიმბოლოს გამომხატველია იმ ადგილას ხომალდით მოსული ელენეს ალეგორიაც. სწორედ ამ ასტრონომიულ მოვლენას უკავშირდებოდა ალექსანდრე მაკედონელის დაბადებაც. 

ალექსანდრეს შემდეგ, როცა მისი იმპერია დაიშალა, ეგვიპტეში ალექსანდრეს მეგობარი პტოლემაიოსი გამეფდა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ალექსანდრია იმდროინდელი მსოფლიოს უნივერსალური ცოდნის, ინტელექტუალური, ფილოსოფიური შემეცნების ქალაქად ექცია და ამით ალექსანდრეს ოცნებაც განხორციელებულიყო. ანუ ქალაქი სიბრძნის – სოფიას ქალაქად იყო ჩაფიქრებული. მანვე ააგო ქალაქის ცენტრში სერაპისის ტაძარი, სადაც ალექსანდრიის ბიბლიოთეკა განთავსდა (სწორედ სერაპისის ტაძარი ითვლებოდა იმ პერიოდის ალქიმიის ცენტრად).

ტაციტუსი წერს რომ ერთხელ პტოლემაიოსმა უცნაური სიზმარი ნახა, მას ესიზმრა უზარმაზარი, ცეცხლით მოსილი ყმაწვილი, რომელმაც უბრძანა პონტოს სინოპედან მისი ქანდაკება წამოეღოთ და ალექსანდრიის ტაძარში დაედგათ, რაც ეგვიპტეს ბედნიერებას, ტაძარს კი დიდებას და სახელს მოუტანდა. პტოლემაიოსმა ხომალდით გაგზავნა ელჩები, მაგრამ სინოპეს მოსახლეობა ქანდაკების ქალაქიდან წაღების წინააღმდეგი იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც მოხერხდა ქანდაკების ხომალდზე გადატანა, რის შემდეგაც ხომალდმა მთელი გზა უსწრაფესად, ერთ დღეში დაფარა და ალექსანდრიის მახლობლად მიადგა ეგვიპტის ნაპირს.

ამ ამბებიდან ცოტა ხნის მერე ალექსანდრიელი პოეტი დაწერს ვრცელ პოემას – “არგონავტიკას”, სადაც ასევე პონტოს ზღვის სანაპიროდან საწმისის გატაცების ამბავს გადმოგვცემს იმავ ხომალდ არგოთი, რომელზეც ვსაუბრობდით, თან იმასაც დაამატებს - კოლხები ეგვიპტელები არიანო. თუმცა ეს არ არის ერთადერთი, რაც ამ მოვლენებს ჩვენთან აკავშირებს. როცა რამდენიმე საუკუნის შემდეგ ალექსანდრიაში სერაპისის ტაძარს დაანგრევენ და ბიბლიოთეკას გაანადგურებენ, პტოლემაიოსის სიზმრის ცეცხლოვან ყმაწვილს ახლა უკვე მცხეთაში ნახავს ტაძრის მაშენებელი ქალი. 

მაგრამ ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მთელი ეს ამბები ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის იდეას დაედო საფუძვლად. ცნობილია, რომ ტაო კლკარჯეთში მიმდინარე აღმშენებლობის დროს ეროვნული სახელმწიფოს ერთიანობას ეყრება საფუძველი. იმავე პერიოდში ხდება ბაგრატიონების ბიბლიური დავით მეფის (შესაბამისად სოლომონის) შთამომავლებად გამოცხადება, რაც იმას ნიშნავს რომ ქართველი მეფეები ქრისტეს უშუალო ნათესავები არიან და მათ შუამავალი ქრისტიანულ სამყაროსთან არ სჭირდებათ. იმავე პერიოდში ქართული ენის ბერძნულთან უპირატესობის შემცველი ნაწარმოებები იწერება, ხოლო ერთ ტექსტში კი საკმაოდ უცნაური ცნობა გაიჟღერებს _ ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტის თხზულებაში  “De administrando imperio”  წერია რომ – “იბერები (ქართველები), ანუ კურაპალატის ხალხი ტრაბახობენ და ამტკიცებენ რომ წარმოიშვნენ ხეთელი ურიას ცოლისგან, რომელიც წინასწარმეტყველ და ბასილევს დავითს შეეუღლა. მათი თქმით, ისინი წარმოიშვნენ მის მიერ დავითთან დაბადებული შვილებისგან, არიან დავითის ნათესავები და აქედან გამომდინარე ღვთისმშობელსაც ენათესავებიან, რადგან ის დავითისგან იყო წარმოშობილი”.

ეს ყველაფერი კი შეფარულად სოლომონის რელიგიურ და მენტალურ მემკვიდრეობას გულისხმობს. ამის ყველაზე კარგი დასტურია ქართლში ქალის მიერ ქრისტიანობის ქადაგების კვლავ წინა პლანზე წამოწევა და მისივე მეშვეობით მცხეთაში პირველი ეკლესიის აშენების თემა. “ქართლის ცხოვრებაში” პირდაპირი მინიშნებაა სოლომონის ტექსტში სიბრძნის მიერ აშენებულ სახლზე (მისივე მსგავსად წმ ნინოც შვიდ ბოძს გათლის), ანუ პირველი ქართული ტაძარი თავის საფუძველში სიბრძნის ძიების, სამყაროს შემეცნების და გონისმიერი ასპექტით ღმერთის შეცნობას გულისხმობს. ამიტომაც ეგვიპტეში აღმოჩენილ ძველ კოპტურ ტექსტში წმ ნინოს სახელად “თეოგნოსტა” ჰქვია.

ალექსანდრიასთან და შესაბამისად ალექსანდრე მაკედონელის რაღაც პროგრამასთან სიახლოვეზე კიდევ ერთი რამ მიანიშნებს. “ქართლის ცხოვრებიდან” ვიგებთ რომ ქართული სახელმწიფოს შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ალექსანდრე მაკედონელს მიუძღვის: ბევრი ბრძოლის შემდეგ ალექსანდრე ჩრდილოკავკასიიდან დარიალის გზით ქართლში მოსულა. როცა უნახავს მოსახლეობის ველური ყოფა, ქართველების გარდა ყველა უცხოტომელი გაუნადგურებია და მხოლოდ ქართველები დაუტოვებია, შემდეგ მათ მმართველად აზო დაუყენა, რომელსაც “უბრძანა ალექსანდრე რათა პატივსცემდნენ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა ხუთთა, და მსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა, რამეთუ მას ჟამსა არა იყო წინასაწარმეტყუელი და მოძღუარი სჯულისა ჭეშმარიტისა, რომელმანცა ასწავა და ამხილა, არამედ თვით მოიგონა სჯული ესე ალექსანდრე, მეფობასა შინა მისსა ყოველსა ქვეყანასა სჯული ესე დაუდვა, და წარვიდა ალექსანდრე”. 

მაგრამ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ეგვიპტესთან? საქმე იმაშია რომ “ქართლის ცხოვრებაში” ალექსანდრეს მამად არა მაკედონელი ფილიპე, არამედ ეგვიპტელი ფარაონი ნეკტანებეა დასახელებული, ანუ პირდაპირი მინიშნებაა ეგვიპტურ ტრადიციაზე. გამოდის რომ ეგვიპტელი ფარაონების კულტურულ-გენეტიკური მემკვიდრე – ალექსანდრე გამოარჩევს ქართულენოვან მოსახლეობას, მათ სახელმწიფო ჩანასახს უქმნის და რაღაც რელიგიას დაუწესებს. მაკედონელის პერიოდშივე მისი პოლიტიკური პროგრამის გამო მცხეთა საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს.

რამ განაპირობა ეს და რა პოლიტიკური ფუნქცია ჰქონდა ქალაქს? სხვადასხვა წერილობითი წყაროდან (მათ შორის ყურანი) ცნობილია რომ ალექსანდრე მაკედონელმა, კავკასიონის ქედს მიღმა ჩაკეტა ველური ხალხები, რომლებიც ცივილიზებულ სამყაროს საფრთხეს უქმნიდნენ და მოულოდნელი შემოსევებით დიდ ზიანს აყენებდნენ. ეს კარი ყაზბეგის მთის მახლობლად დარიალის ხეობაში მდებარეობდა. ის მაშინ ერთდათერთი გადმოსასვლელი იყო კავკასიონზე, სწორედ ამ გზას კეტავდა ქართლის მთა (მცხეთა) და ამდენად მას ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა (იგივე ფუნქცია უკვე შუასაუკუნეებში ჯვაროსნული ლაშქრობებისას შეიძინა საქართველომ და დავით აღმაშენებელს ახალი ალექსანდრეც კი შეარქვეს, მის დროშაზეც ალექსანდრეს დროშის მსგავსად მარტორქა ცხენი იყო გამოსახული). 

ქვეყანა რომელიც თავისუფლების კონცეპციას შეიმუშავებს, საფუძველშივე გულისხმობს თავისუფლებას ყველანაირი გავლენისაგან, იქნება ეს პოლიტიკური თუ რელიგიური. სწორედ მაშინ X-XI საუკუნეებში (თავად ეკლესიის წიაღში), რელიგიურ თავისუფლებას ჩაეყარა საფუძველი ერთმორწმუნე ბიზანტიასთან დაპირისპირებით, ანუ X საუკუნეში საეკლესიო ენის შეცვლით, შესაბამისად იცვლება ქრისტიანული მიმდინარეობის ფორმაც და ბიზანტიურ მართლმადიდებლობას ის ფარული დინება ჩაენაცვლება, რომელიც სოლომონის ხაზს უკავშირდება აქცენტით ქალზე – სიბრძნეზე, რაც დოგმატური რომაული ხაზის საწინააღმდეგოა (აქვე ხდება პირველად შუასაუკუნეებში გააზრება “დასავლურობის” მინიშნებით “ლიბერზე”). ამ ცვლილებების ბუნებრივი შედეგია “ვეფხისტყაოსანი”, აღმოსავლურ-დასავლური ფილოსოფიის სინთეზი გნოსტიკური მითით დატყვევებულ სოფიაზე, რომლის გასათავისუფლებლადაც იბრძვიან გმირები. მაგრამ ამ ყველაფერში მთავარი სულ სხვა რამეა. მაშინ ეყრება საფუძველი იდეას, რომელიც მომავალ _ ჩვენს თანამედროვე ეპოქაზეა გათვლილი. 

ახლა, როცა ადამიანის ცნობიერება განვითარების ახალ ფაზაში შედის, სოფია ჩვენთვის ყველაზე ახლობელი _ თანამედროვე ეპოქის სურათ-ხატია. ზოდიაქალარად ის მერწყულის ნიშნით გამოიხატება – ქალი თასით, რომელსაც ევქარისტიის ღვინო, ელევსინის მისტერიების კიკეონი, პართიელების ჰაომა დააქვს თან. მიუხედავად იმისა, რომ ასტრონომიულად  ახლა გამოდის ასპარეზზე, ფარულად უკვე დიდი ხანია არტისტების, განდევნილების, ფილოსოფოსების, შემეცნების ფსიქოდელიურ გზებზე მოხეტიალე მოგზაურების, ამბოხებულების ღმერთია.