3 Jun 2015

სამყაროს დიზაინერი _ სოფია

"...როცა არ იყო უფსკრულები, მაშინ გავჩნდი; როცა არც წყალუხვი წყაროები იყო; მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს; როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი; როდესაც იგი ზეცას განამზადებდა, იქ ვიყავი; როდესაც უფსკრულის პირზე წრეს ავლებდა, როდესაც მაღლა ცას ამაგრებდა, უფსკრულის წყაროებს აძლიერებდა, როდესაც ზღვას წესს უდგენდა, რომ წყალი ნაპირებიდან არ გადმოსულიყო, როდესაც ქვეყანას საფუძველს უყრიდა, მაშინ მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი (ფერების) მომზავებელი..." (24-30)

ასე ამბობს სიბრძნე სოლომონის იგავებში და სამყაროს შექმნაში მონაწილეობისას თავის თავს მხატვარს უწოდებს. ამ ტექსტის თანახმად სამყარო თანამშრომლობით იქმნება, ანუ ქალური ბუნების მქონე სიბრძნე შესაქმის დროს ღმერთის პარტნიორია.

კოსმიური სქემების და შიდა სტრუქტურების მიხედვით ფორმების შექმნა არქიტექტურული კონსტრუქციის შექმნას გავს. ამიტომ გასაკვირი არ არის რომ ეს ქალი არქიტექტორის როლშიც გვევლინება: "...სიბრძნემ თავისთვის სახლი იშენა და მას ქვეშ შვიდი სვეტი შეუდგა... შემდეგ განაზავა ღვინო, გაამზადა ტაბლა, გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან: უგუნური ვინც არის, ჩემსკენ მობრუნდეს, და ჭკუანაკლულებს კი უთხრა: მოდით, ჭამეთ ჩემი პური და შესვით ღვნო, რომელიც განგიზავეთ თქვენ, დაუტევეთ უგუნურება (მოიძიეთ გონიერება, რათა ცხოველ იყვნეთ, წარიმართეთ მეცნიერებით გულისხმის – ყოფა)". (9.1-6)

როგორც ვხედავთ, სიბრძნის სახლი ევქარისტიის საიდუმლო რიტუალისთვის შენდება, სადაც სიბრძნე სუფრას გაშლის და ხალხს მიმართავს: - ჭამეთ ჩემი პური და შესვით ღვინო, რომელიც განგიზავეთ, რათა ამით დაუტევოთ უგუნურობა, მოიძიოთ გონიერება, შემეცნებით წარმართოთ გულისხმა, და “ცხოველ იყვნეთ”, ანუ უკვდავებას ეზიაროთო.

სამყაროს შექმნაში “ქალის” მონაწილეობა სულაც არ ემთხვევა ძველი აღთქმის დოგმატურ პათოსს და სოლომონს განსხვავებული რელიგიური მოძღვრების მიმდევრად წარმოგვიჩენს. მისი ტექსტები შემდგომი პერიოდის ერეტიკულ მიმდინარეობებს, ასევე ქრისტიანობაში ფარულ დინებებს დაედო საფუძვლად და ბევრი ინტელექტუალური თუ მენტალური კამათის, ბრძოლის საგანი გახდა. ამ თვალსაზრისით მთავარ “ერეტიკოსად” თვითონ სოლომონი გვევლინება და მისი მიმდევრობაც მოგვიანებით უკვე არადოგმატური ხაზის მიმდევრობას გულისხმობდა.

სოლომონი რომ ქალური და მამაკაცური ღვთაებრივი პრინციპის ბალანსის მქონე რომელიღაც ძველ რელიგიას აღიარებდა, ეს ყველაზე კარგად ჩანს მისი საკმაოდ უცნაური და იდუმალი ტექსტიდან – ქებათა ქება. მკვლევარები ლინ პიკნეტი და ქლაიფ პრინსი თავიანთ წიგნში “ტაძრის რაინდების საიდუმლო” წერენ რომ – “ქებათა ქებაში ძალიან ზუსტადაა ასახული ეგვიპტელთა საქორწინო წეს-ჩვეულებები და კერძოდ ქალღმერთ ისისისადმი მიძღვნილი რელიგიური თაყვანისცემა. ტექსტი გაჟღენთილია იმგვარი ორგიასტული სიმბოლიზმით, რაც უფრო უძველეს მისტერულ რელიგიებს ახასიათებს და ებრაელთა დაწერილ ბიბლიაში ამ განაკვეთის დღემდე დატოვება ცოტა არ იყოს უცნაურია”.

სოლომონის იდეები შემდგომში გნოსტიკოსებმა განავითარეს და თავისი მოძღვრების მთავარ დებულებად აქციეს. მხოლოდ მათ სიბრძნე უკვე დიდი ხნის დაკარგულად მიიჩნიეს: როდესაც ღმერთის თავდაპირველი აზრი დაეშვა ქვედა სამყოფელში, მატერიალური სუბსტანციის ტყვეობაში მოხვდა და დამოუკიდებლად თავის დახსნა ვეღარ მოახერხა. ამიტომაც გნოსტიკოსების მთავრი მიზანი სიბრძნის ძიება, აღმოჩენა და ტყვეობიდან გათავისუფლება იყო. ეს ძალიან გავს ალქიმიურ პროცესს. ალქიმიკოსისთვისაც მთავარი ამოცანა უხეში მატერიისგან ფილოსოფიური ქვის დახსნაა. სტეფან ჰოლერი წერს რომ: “სოფიამ თავისი კვალი ალქიმიაშიც დატოვა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ალქიმიურ სოფიას ეხება – არის ცნობილი ტრაქტატი «Aurora Consurgens», რომლის ავტორობასაც ზოგიერთი მკვლევარი შუასაუკუნეების ეკლესიის გამოჩენილ მასწავლებელს და დასავლეთის თეოლოგიის მამას _ თომა აქვინელს მიაწერს. ეს უცნაური ნაწარმოები ალქიმიურ გარდასახვებს აგვიწერს, როგორც სოფიას თანდათანობით გათავისუფლებას ქაოტური, შეზღუდული მატერიალურობის ტყვეობიდან”. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას რომ სოფია არა მარტო შესაქმის, არამედ ხსნის აქტშიც მონაწილეობს.

ყველაზე ნათლად ეს ფენომენი სიმონ მოგვის მოძღვრებაში აისახა; სიმონს ყავდა თანამგზავრი ქალი ელენე, რომელზეც ამბობდა რომ ის იყო ღმერთის თავდაპირველი აზრის ემანაცია. მას შემდეგ რაც ის ფიზიკურ სხეულში მოხვდა, როგორც ჭურჭლიდან ჭურჭელში, გადადიოდა ერთი ქალიდან მეორეში. “ძალები” (არქონტები) ერთმანეთს ეცილებოდნენ მის დასაუფლებლად და სადაც კი გამოჩნდებოდა, იქ მაშინვე არეულობა და შუღლი იწყებოდა. ის იყო იმ ელენეს სხეულშიც, რომლის გამოც მოხდა ტროას ომი. მოგზაურობდა რა ერთი სხეულიდან მეორეში, იტანდა ყველანაირ დამცირებას. სწორედ ის იყო “გზააბნეული ცხვარი”, რომლის გადასარჩენად სიმონი თვითონ მოვიდა, რათა ბორკილებისგან დაეხსნა და ამით ყველა ადამიანისთვის მოეტანა ხსნა.

მაგრამ რატომ შეარჩია სიმონმა ამ ალეგორიის გადმოსაცემად ტროელი ელენე? ისევე როგორც სოლომონის “ქებათა ქების” დაფარული აზრის ახსნას ეგვიპტეში, ისისის კულტში ეძებენ, ამ კითხვაზე პასუხიც ეგვიპტეში უნდა ვეძებოთ. გნოსტიციზმის მთავარ ცენტრს ეგვიპტის ალექსანდრია წარმოადგენდა (სიმონ მოგვიც გარკვეული დროის მანძილზე ალექსანდრიაში ცხოვრობდა). ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული ეს ქალაქი თავიდანვე იქცა ელინიზმის და ახალი ინტელექტუალური იდეების განხორციელების მთავარ სამოქმედო ასპარეზად. საინტერესოა რომ ქალაქი “ტროას ციკლის” მიხედვით იყო დაპროექტებული და მისი არქიტექტურული კონცეპციაც ტროელ ელენეს უკავშირდებოდა. ერთი შეხედვით ეს საკმაოდ უცნაურად გამოიყურება, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ალექსანდრესთვის ტროასთან დაკავშირებული ამბები ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ისე უცნაურად აღარ მოგვეჩვენება. ამბობენ რომ ის ყველა ბრძოლაში თან დაატარებდა იდუმალ ფეტიშს, რომელშიც ჰომეროსის “ილიადა” იდო, თავად კი ელენეს გამტაცებელი პარისის სახელი ერქვა. 

ალექსანდრე არქიტექტორ დინოკრიტოსთან ერთად თვითონ იღებდა მონაწილეობას ქალაქის დაპროექტებაში. ქალაქს ჰქონდა ორი ჭიშკარი: აღმოსავლეთით _ მზის და დასავლეთით – მთვარის. ამ ორი კარის შემაერთებელ მთავარ მაგისტრალს – კანოპუსის გზა ერქვა. კანოპუსი იმ ხომალდის მესაჭე იყო, რომლითაც ელენე მგზავრობდა. ძვ. წ. VI ს. ავტორის სტესიქოროსის ვერსიით კი, სპარტადან წამოსული ელენე და პარისი ქარიშხალმა ეგვიპტის სანაპიროსთან იმ ადგილის მახლობლად გამორიყა, სადაც შემდეგ ალექსანდრია აშენდა. ზევსმა ნამდვილი ელენე მისი “ფანტომით” შეცვალა. ელენე ეგვიპტეში დარჩა, ხოლო პარისს მისი “ასლი” გაჰყვა ტროაში. მთელი იმ ხნის განმავლობაში რაც ტროას ომი მიმდინაარეობდა, ელენე ფარაონის მფარველობის ქვეშ ეგვიპტეში ცხოვრობდა. ჰეროდოტე კი იმასაც წერს რომ იქ ელენეს ტაძარი არსებობდა სახელად “უცხო აფროდიტე”.

მითოლოგიური ტრადიციით ხომალდი, რომელსაც კანოპუსი მართავდა, ცაზე განთავსდა დიდი თანავარსკვლავედის – “არგოს” სახელით, რომლის კიჩოსთან ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს კანოპუსი შეარქვეს. ის იმ არგოსაც განასახიერებდა, რომლითაც არგონავტებმა ოქროს საწმისი და მედეა გაიტაცეს, ანუ ხომალდი, რომელმაც მზის ამოსვლის ქვეყანაში იმოგზაურა და რომელზეც ალქიმიური ფორმულების შემცველი საწმისი დაიტვირთა. პლუტარქეს ცნობით კი არგო თავდაპირველად ოსირისის და ისისის ხომალდი იყო. 

ალექსანდრიის დაფუძნების ადგილი, იქვე მდებარე ფაროსის კუნძული, და საერთოდ მთელი ძველი ეგვიპტური რელიგია ქალღმერთ ისისის კულტით იყო გაჯერებული. მისი, როგორც ბუნების ნაყოფიერების გამომხატველი ქალღმერთის ასტრონომიული ასპექტიც ყველაზე დიდ როლს თამაშობდა ეგვიპტელების ცხოვრებაში. ალექსანდრიის სქემაშიც სწორედ ისისთან დაკავშირებული ასტრონომიული ალეგორია იყო ჩადებული. კანოპუსის გზა იმ ხომალდ არგოს მოძრაობას გადმოსცემდა, რომელიც ისისის ვარსკვლავს – სირიუსს დაატარებდა ცაზე. პლუტარქე წერს რომ ეგვიპტელები ცაზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს ისისს უწოდებენ, იმიტომ რომ ის იწვევს ნილოსის ადიდებას. ეს ხდებოდა სირიუსის ჰელიაკალური ამოსვლისას ივლისი-აგვისტოს მიჯნაზე, მაშინ როცა მზე ლომის ზოდიაქოში შედიოდა. ამ დროს 70 დღიანი გაუჩინარების შემდეგ სირიუსი პირველად ჩნდებოდა ცაზე – ის ზღვიდან ამოდიოდა. იგივე სიმბოლოს გამომხატველია იმ ადგილას ხომალდით მოსული ელენეს ალეგორიაც. სწორედ ამ ასტრონომიულ მოვლენას უკავშირდებოდა ალექსანდრე მაკედონელის დაბადებაც. 

ალექსანდრეს შემდეგ, როცა მისი იმპერია დაიშალა, ეგვიპტეში ალექსანდრეს მეგობარი პტოლემაიოსი გამეფდა, რომელიც ყველანაირად ცდილობდა ალექსანდრია იმდროინდელი მსოფლიოს უნივერსალური ცოდნის, ინტელექტუალური, ფილოსოფიური შემეცნების ქალაქად ექცია და ამით ალექსანდრეს ოცნებაც განხორციელებულიყო. ანუ ქალაქი სიბრძნის – სოფიას ქალაქად იყო ჩაფიქრებული. მანვე ააგო ქალაქის ცენტრში სერაპისის ტაძარი, სადაც ალექსანდრიის ბიბლიოთეკა განთავსდა (სწორედ სერაპისის ტაძარი ითვლებოდა იმ პერიოდის ალქიმიის ცენტრად).

ტაციტუსი წერს რომ ერთხელ პტოლემაიოსმა უცნაური სიზმარი ნახა, მას ესიზმრა უზარმაზარი, ცეცხლით მოსილი ყმაწვილი, რომელმაც უბრძანა პონტოს სინოპედან მისი ქანდაკება წამოეღოთ და ალექსანდრიის ტაძარში დაედგათ, რაც ეგვიპტეს ბედნიერებას, ტაძარს კი დიდებას და სახელს მოუტანდა. პტოლემაიოსმა ხომალდით გაგზავნა ელჩები, მაგრამ სინოპეს მოსახლეობა ქანდაკების ქალაქიდან წაღების წინააღმდეგი იყო, თუმცა საბოლოოდ მაინც მოხერხდა ქანდაკების ხომალდზე გადატანა, რის შემდეგაც ხომალდმა მთელი გზა უსწრაფესად, ერთ დღეში დაფარა და ალექსანდრიის მახლობლად მიადგა ეგვიპტის ნაპირს.

ამ ამბებიდან ცოტა ხნის მერე ალექსანდრიელი პოეტი დაწერს ვრცელ პოემას – “არგონავტიკას”, სადაც ასევე პონტოს ზღვის სანაპიროდან საწმისის გატაცების ამბავს გადმოგვცემს იმავ ხომალდ არგოთი, რომელზეც ვსაუბრობდით, თან იმასაც დაამატებს - კოლხები ეგვიპტელები არიანო. თუმცა ეს არ არის ერთადერთი, რაც ამ მოვლენებს ჩვენთან აკავშირებს. როცა რამდენიმე საუკუნის შემდეგ ალექსანდრიაში სერაპისის ტაძარს დაანგრევენ და ბიბლიოთეკას გაანადგურებენ, პტოლემაიოსის სიზმრის ცეცხლოვან ყმაწვილს ახლა უკვე მცხეთაში ნახავს ტაძრის მაშენებელი ქალი. 

მაგრამ ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ მთელი ეს ამბები ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის იდეას დაედო საფუძვლად. ცნობილია, რომ ტაო კლკარჯეთში მიმდინარე აღმშენებლობის დროს ეროვნული სახელმწიფოს ერთიანობას ეყრება საფუძველი. იმავე პერიოდში ხდება ბაგრატიონების ბიბლიური დავით მეფის (შესაბამისად სოლომონის) შთამომავლებად გამოცხადება, რაც იმას ნიშნავს რომ ქართველი მეფეები ქრისტეს უშუალო ნათესავები არიან და მათ შუამავალი ქრისტიანულ სამყაროსთან არ სჭირდებათ. იმავე პერიოდში ქართული ენის ბერძნულთან უპირატესობის შემცველი ნაწარმოებები იწერება, ხოლო ერთ ტექსტში კი საკმაოდ უცნაური ცნობა გაიჟღერებს _ ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VII პორფიროგენეტის თხზულებაში  “De administrando imperio”  წერია რომ – “იბერები (ქართველები), ანუ კურაპალატის ხალხი ტრაბახობენ და ამტკიცებენ რომ წარმოიშვნენ ხეთელი ურიას ცოლისგან, რომელიც წინასწარმეტყველ და ბასილევს დავითს შეეუღლა. მათი თქმით, ისინი წარმოიშვნენ მის მიერ დავითთან დაბადებული შვილებისგან, არიან დავითის ნათესავები და აქედან გამომდინარე ღვთისმშობელსაც ენათესავებიან, რადგან ის დავითისგან იყო წარმოშობილი”.

ეს ყველაფერი კი შეფარულად სოლომონის რელიგიურ და მენტალურ მემკვიდრეობას გულისხმობს. ამის ყველაზე კარგი დასტურია ქართლში ქალის მიერ ქრისტიანობის ქადაგების კვლავ წინა პლანზე წამოწევა და მისივე მეშვეობით მცხეთაში პირველი ეკლესიის აშენების თემა. “ქართლის ცხოვრებაში” პირდაპირი მინიშნებაა სოლომონის ტექსტში სიბრძნის მიერ აშენებულ სახლზე (მისივე მსგავსად წმ ნინოც შვიდ ბოძს გათლის), ანუ პირველი ქართული ტაძარი თავის საფუძველში სიბრძნის ძიების, სამყაროს შემეცნების და გონისმიერი ასპექტით ღმერთის შეცნობას გულისხმობს. ამიტომაც ეგვიპტეში აღმოჩენილ ძველ კოპტურ ტექსტში წმ ნინოს სახელად “თეოგნოსტა” ჰქვია.

ალექსანდრიასთან და შესაბამისად ალექსანდრე მაკედონელის რაღაც პროგრამასთან სიახლოვეზე კიდევ ერთი რამ მიანიშნებს. “ქართლის ცხოვრებიდან” ვიგებთ რომ ქართული სახელმწიფოს შექმნაში მნიშვნელოვანი როლი ალექსანდრე მაკედონელს მიუძღვის: ბევრი ბრძოლის შემდეგ ალექსანდრე ჩრდილოკავკასიიდან დარიალის გზით ქართლში მოსულა. როცა უნახავს მოსახლეობის ველური ყოფა, ქართველების გარდა ყველა უცხოტომელი გაუნადგურებია და მხოლოდ ქართველები დაუტოვებია, შემდეგ მათ მმართველად აზო დაუყენა, რომელსაც “უბრძანა ალექსანდრე რათა პატივსცემდნენ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა ხუთთა, და მსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა, რამეთუ მას ჟამსა არა იყო წინასაწარმეტყუელი და მოძღუარი სჯულისა ჭეშმარიტისა, რომელმანცა ასწავა და ამხილა, არამედ თვით მოიგონა სჯული ესე ალექსანდრე, მეფობასა შინა მისსა ყოველსა ქვეყანასა სჯული ესე დაუდვა, და წარვიდა ალექსანდრე”. 

მაგრამ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ეგვიპტესთან? საქმე იმაშია რომ “ქართლის ცხოვრებაში” ალექსანდრეს მამად არა მაკედონელი ფილიპე, არამედ ეგვიპტელი ფარაონი ნეკტანებეა დასახელებული, ანუ პირდაპირი მინიშნებაა ეგვიპტურ ტრადიციაზე. გამოდის რომ ეგვიპტელი ფარაონების კულტურულ-გენეტიკური მემკვიდრე – ალექსანდრე გამოარჩევს ქართულენოვან მოსახლეობას, მათ სახელმწიფო ჩანასახს უქმნის და რაღაც რელიგიას დაუწესებს. მაკედონელის პერიოდშივე მისი პოლიტიკური პროგრამის გამო მცხეთა საერთაშორისო მნიშვნელობას იძენს.

რამ განაპირობა ეს და რა პოლიტიკური ფუნქცია ჰქონდა ქალაქს? სხვადასხვა წერილობითი წყაროდან (მათ შორის ყურანი) ცნობილია რომ ალექსანდრე მაკედონელმა, კავკასიონის ქედს მიღმა ჩაკეტა ველური ხალხები, რომლებიც ცივილიზებულ სამყაროს საფრთხეს უქმნიდნენ და მოულოდნელი შემოსევებით დიდ ზიანს აყენებდნენ. ეს კარი ყაზბეგის მთის მახლობლად დარიალის ხეობაში მდებარეობდა. ის მაშინ ერთ-ერთი  მთავარი  გადმოსასვლელი იყო კავკასიონზე, სწორედ ამ გზას კეტავდა ქართლის მთა (მცხეთა) და ამდენად მას ძალიან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა (იგივე ფუნქცია უკვე შუასაუკუნეებში ჯვაროსნული ლაშქრობებისას შეიძინა საქართველომ და დავით აღმაშენებელს ახალი ალექსანდრეც კი შეარქვეს, მის დროშაზეც ალექსანდრეს დროშის მსგავსად მარტორქა ცხენი იყო გამოსახული). 

ქვეყანა რომელიც თავისუფლების კონცეპციას შეიმუშავებს, საფუძველშივე გულისხმობს თავისუფლებას ყველანაირი გავლენისაგან, იქნება ეს პოლიტიკური თუ რელიგიური. სწორედ მაშინ X-XI საუკუნეებში (თავად ეკლესიის წიაღში), რელიგიურ თავისუფლებას ჩაეყარა საფუძველი ერთმორწმუნე ბიზანტიასთან დაპირისპირებით, ანუ X საუკუნეში საეკლესიო ენის შეცვლით, შესაბამისად იცვლება ქრისტიანული მიმდინარეობის ფორმაც და ბიზანტიურ მართლმადიდებლობას ის ფარული დინება ჩაენაცვლება, რომელიც სოლომონის ხაზს უკავშირდება აქცენტით ქალზე – სიბრძნეზე, რაც დოგმატური რომაული ხაზის საწინააღმდეგოა (აქვე ხდება პირველად შუასაუკუნეებში გააზრება “დასავლურობის” მინიშნებით “ლიბერზე”). ამ ცვლილებების ბუნებრივი შედეგია “ვეფხისტყაოსანი”, აღმოსავლურ-დასავლური ფილოსოფიის სინთეზი გნოსტიკური მითით დატყვევებულ სოფიაზე, რომლის გასათავისუფლებლადაც იბრძვიან გმირები. მაგრამ ამ ყველაფერში მთავარი სულ სხვა რამეა. მაშინ ეყრება საფუძველი იდეას, რომელიც მომავალ _ ჩვენს თანამედროვე ეპოქაზეა გათვლილი. 

ახლა, როცა ადამიანის ცნობიერება განვითარების ახალ ფაზაში შედის, სოფია ჩვენთვის ყველაზე ახლობელი _ თანამედროვე ეპოქის სურათ-ხატია. ზოდიაქალარად ის მერწყულის ნიშნით გამოიხატება – ქალი თასით, რომელსაც ევქარისტიის ღვინო, ელევსინის მისტერიების კიკეონი, პართიელების ჰაომა დააქვს თან. მიუხედავად იმისა, რომ ასტრონომიულად  ახლა გამოდის ასპარეზზე, ფარულად უკვე დიდი ხანია არტისტების, განდევნილების, ფილოსოფოსების, შემეცნების ფსიქოდელიურ გზებზე მოხეტიალე მოგზაურების, ამბოხებულების ღმერთია.

ე. ქ.


9 Mar 2013

სიმონ მოგვი – ფაუსტუსი


“ტერმინი გნოსტიციზმი წარმოსდგება ბერძნული სიტყვიდან გნოსისი და ითარგმნება (თუმცა ცოტა შეცდომით), როგორც ცოდნა, გნოსტიკოსად კი მოიაზრება ის ადამიანი, რომელიც ხსნას ცოდნის საშუალებით ეძებს, თუმცა გნოსტიკური ცოდნა სინამდვილეში არ გვევლინება რაციონალურ შემეცნებად და მითუმეტეს არ შეიძლება განისაზღვროს როგორც ჩვეულებრივად დაგროვილი ინფორმაცია. ელეინ პეიჯელსი თავის ნაშრომში “გნოსტიკური სახარებები” გვიჩვენებს, რომ იმ მნიშვნელობით, რითაც გნოსტიკოსები ხმარობდნენ ამ ტერმინს, ის შეიძლება ვთარგმნოთ როგორც მიხვედრილობა, რადგან გნოსისი გვთავაზობს ინტუიტიურ პროცესს, სადაც ჩართულია თვითშემეცნება და ცოდნა საბოლოო ღვთაებრივ რეალობაზე. ზოგიერთი მეცნიერი თვლის რომ გნოსტიციზმი სათავეს იღებს ფსიქიკის განცდებში, სადაც არქეტიპული ფსიქოლოგია ხვდება რელიგიურ მისტიციზმს. გნოსტიკური გზავნილების სიცოცხლისუნარიანობა და მიმზიდველობაც, პირველ რიგში, ადამიანის ცნობიერების ღრმა შრეებთან მის სიახლოვეზეა დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ პირველი 3-4 საუკუნის განმავლობაში გნოსტიკოსებს, როგორც ერეტიკოსებს, დასცინოდნენ და დევნიდნენ, დასავლური კულტურის მთელი ისტორიის მანძილზე მათი სწავლება და პრაქტიკა მაინც ზედაპირზე ამოტივტივდებოდა ხოლმე. ვერ ასწრებდნენ გნოსტიციზმი გამქრალად გამოეცხადებინათ, რომ ის ისევ ჩნდებოდა შეცვლილი ფორმით, მაგრამ უცვლელი არსით და თან ბევრ მიმდევარს იძენდა.” (სტეფან ჰოლერი)

მართლაც, კატარული ერესიდან მოყოლებული, აღორძინების ეპოქის, “ფაუსტის” თემაზე შექმნილი ლიტერატურის თუ ეგზისტენციალიზმის სახით, გნოსტიციზმის იდეები დასავლეთ ევროპის ისტორიას ფარულ დინებად გასდევდა.

მე პირადად, რატომღაც მგონია, რომ გნოსტიციზმი მომავლის რელიგიაა და ის ფაქტი რომ პირველ საუკუნეებში გავრცელება ვერ მოახერხა, არა მარტო დევნის, არამედ გარკვეულწილად ეპოქასთან მენტალური შეუსაბამობის ბრალიც იყო, რადგან ის ეპოქა – დაპირისპირების, ომების ნიშნით ხასიათდებოდა, მაშინ როცა ახალი – მერწყულის ეპოქა შემეცნების, დოკუმენტალიზმის, ინტელექტის ნიშნითაა ცნობილი. ის ვერ იტანს დოგმებს, ამსხვრებს სტერეოტიპებს და დაპირისპირებულ პოლუსებს თავის თავში აერთიანებს. შესაბამისად ის ჰარმონიის და მშვიდობის - ქალური ეპოქაა.

თავის დროზე სწორედ გნოსტიკოსებმა მოგვცეს ძველი აღთქმის ყველაზე დიდი დოგმის - სამოთხისეული მითის – კრიტიკა: იმდროინდელ პატრიარქალურ სამყაროში დაუპირისპირდნენ ძველი აღთქმის დოქტრინებს და საფუძველშივე თავდაყირა დააყენეს მისი დოგმები, რადგან თქვეს რომ მოსეს ღმერთი ერთი ჩვეულებრივი ეონია და მას საერთო არაფერი აქვს ზეციურ მამასთან, რომ სამოთხის მითის ბიბლიური ინტერპრეტაციაა სწორედ ადამიანის ცოდვის სათავე, რადგან ყველაზე დიდი ცოდვა – უმეცრებაა, შესაბამისად ცოდნის მიღება ვერ გამოიწვევდა ადამიანის დაცემას. მათ ასევე ქალი ბიბლიური “პირველი ცოდვის” სტერეოტიპისგან დაიხსნეს და ქალური ღვთაებრივი პრინციპი კოსმიურ მოვლენად აქციეს, ის ღმერთის თავდაპირველ პარტნიორად გამოაცხადეს, ანუ მათ ზოგადად ადამიანი სამოთხის ცოდვის კომპლექსისგან გაათავისუფლეს და მას პირადი არჩევანის და შემეცნების გზით პიროვნული განვითარების, თავისუფლების გზა გაუხსნეს.

გნოსტიციზმის დამაარსებლად სიმონ მოგვი ითვლება. ის სირიული მიმდინარეობის მოთავედ გვევლინება, ქრისტიანი მამები კი ყველანაირი ერესის წამომწყებად სწორედ მას მიიჩნევენ. გადმოცემით ის იყო III ს-მდე არსებული გნოსტიკური სექტის – სიმონიანების ან ელენიანების (სახელი მომდინარებს მისი თანამგზავრი ელენედან) დამაარსებელი. თავიდან იოანე ნათლისმცემლის მოწაფე ყოფილა, შემდეგ ალექსანდრიაში წასულა, უკან დაბრუნებული კი უკვე ის ჩასდგომია სათავეში იოანეს სკოლას, რადგან მისი მოწაფეებიდან სიმონი ფავორიტად ითვლებოდა.

სიმონი სამარიის ქალაქ გიტაში დაიბადა და ბევრი თვლის რომ თავად ეს ფაქტი, დაბადების ადგილის გამო, მას წარმოაჩენს თავისებურ ერეტიკოსად, რადგან სამარიტელები ძველი დროიდანვე ცნობილი იყვნენ როგორც იუდაიზმის ერეტიკული ფორმის მიმდევრები. ისინი თავის თავს “ჭეშმარიტების მცველებს” უწოდებდნენ, უარყოფდნენ იერუსალიმის ტაძარს და მოსალოცად სამარიის წმინდა მთაზე დადიოდნენ. სამარიტელების გამოჩენა ასურელების მიერ ძვ.წ. 722 წ. სამარიის დაპყრობას უკავშირდება. ამ დროს ადგილობრივი ებრაელები იქიდან გადაასახლეს და მათ მაგივრად ბაბილონელები, მიდიელები, ხამათელები ჩაასახლეს. ახალ მოსახლეებს ძველი აღთქმის კულტმსახურებთან თავიდანვე მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ, რადგან ადგილობრივ რელიგიასთან ერთად, თავის ძველ ღმერთებსაც სცემდნენ თაყვანს.

შეიძლება სამარიტელების კავშირი მიდიურ და ბაბილონურ სამყაროსთან იყო იმის მიზეზიც, რომ სიმონს ძველი მოგვების და ქურუმების ცოდნა კარგად ჰქონდა შეთვისებული. მისი ახლობლები ყვებოდნენ მაგიის მიღწევებზე, რომელსაც სიმონი ფლობდა. მას თურმე შეეძლო მთის შრეები ისე გაევლო, თითქოს რბილი თიხა ყოფილიყოს. გადმოვარდნილიყო მაღალი მთიდან და მშვიდობიანად დაშვებულიყო მიწაზე. ქანდაკებები გაეცოცხლებინა, უხიფათოდ გაევლო ცეცხლში, ორსახოვანი გამხდარიყო, ბატკნად, თხად ან გველად გადაქცეულიყო, ოქროთი შემოსილიყო, ქვები პურად ექცია, რკინა დაედნო და ა.შ.

ირინეოსის ცნობით სიმონი სახელგანთქმული ჯადოქარი იყო. იუსტინე კი წერდა, რომ - სიმონი რომში დიდ სასწაულებს ახდენდა და ღმერთადაც კი იქნა აღიარებული. მდინარე ტიბროსის კუნძულზე მას, როგორც ღმერთს - ქანდაკებაც დაუდგეს. თითქმის ყველა სამარიტელი, ასევე ზოგიერთი ადამიანი სხვა ხალხიდან, მას “პირველ ღმერთად” მიიჩნევდა. მასთან ერთად თაყვანს სცემდნენ ვიღაც ელენეს, რომელიც სიმონს მუდამ თან დაჰყვებოდა და უწოდებდნენ მისგან გამოსულ “პირველ აზრს”. რომში სიმონს საპატიო სახელით – ფაუსტუსით მიმართავდნენ. ერთერთი ყველაზე საინტერესო თავისებურება, რასაც მას მიაწერდნენ – ფრენის შესაძლებლობა იყო. აქედან გამომდინარეობდა მისი ეპითეტი - მფრინავი. ბევრს ეკამათებოდა პეტრეს, რასაც დღევანდელ დღეს შეგვიძლია, სასწაულებში შეჯიბრი დავარქვათ იმის დასადგენად, თუ ვის უფრო მეტი ძალა ჰქონდა. (საერთოდ, იმდენად ცნობილი იყო მისი დაპირისპირება პეტრესთან, რომ ხშირად სიმონს მოციქულ პავლესთან აიგივებდნენ ხოლმე).

პირველი ისტორიული ცნობა სომონის შესახებ მოციქულთა საქმეებში გვხვდება. აქ სიმონი ქრისტიანობა მიღებული და მონათლული ფილიპეს მიერ, მოციქულებს სასწაულებს ევაჭრება და ზებუნებრივი ძალების მიყიდვას სთხოვს, მაგრამ პეტრეს მიერ იქნა მხილებული. (8.9.-12). მიუხედავად იმისა რომ ამ ნაწყვეეტში სიმონი ინათლება, სინამდვილეში მას ვერ ჩავთვლით ქრისტიან მოღვაწედ, რადგან ქრისტიანობის მიღებამდე მას უკვე საკუთარი, სრულიად ჩამოყალიბებული რელიგიური მოძღვრება გააჩნდა და ბევრი მიმდევარიც ყავდა.

სიმონს რამდენიმე ტრაქტატი დაუწერია, მაგრამ ისინი დაიკარგა და მხოლოდ მცირე ფრაგმენტებიღა შემორჩა სხვადასხვა ავტორთან. ამ ტექსტებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სიმონისთვის ყველაფერი არსებულის აბსოლუტური საწყისი – ცეცხლი იყო. ის ასწავლიდა რომ ცეცხლი ყველა გამოვლენილი საგნის მწვერვალი, სამყაროსეული პრინციპი, უსაზღვრო ძალაა, დაბადებული ფარული პოტენციალურობიდან. ეს ცეცხლი გვევლინება ხილული სამყაროსეული ყოფის თავდაპირველ მიზეზად, ფესვად, შეიცავს რა საკუთარ თავში როგორც გამჟღავნებულ, ისე დაფარულ, საიდუმლო მხარეს და რადგან ყველაფერს მოიცავს, შესაბამისად დაჯილდოებულია გონით, ასევე განსჯის უნარით და შეუძლია განვითარება გაფართოების და ემანაციის გზით. ეს ცეცხლი არ არის დედამიწისეული, ის ღვთაებრივი შუქია, იდეალურად ინტელექტუალური – “ერთიანობაში არსებული, რასაც არ აქვს დასაწყისი, არც დასასრული,”. საკუთარი თავის თავადვე წარმომშობი, ის ვლინდება აზრში, ანუ აბსოლუტური საწყისის პირველი აქტი არის ყოვლისმომცველი აზრის გამოყოფა, და ბადებს რა მას, აბსოლუტური განიხილება როგორც - გონი და მამა.

აზრის ძალისგან ღვთაებრივი იდეა გადადის ქმედებაში. აქედანაა თავდაპირველი ემანაციების სერია. აზრის საშუალებით დაბადებული ქმედება და ცეცხლის ობიექტური მხარე გვევლინება დედად, ხოლო მისი საიდუმლო მხარე – მამად. სიმონი ამ ემანაციებს უწოდებდა სიზიგებს (შეერთებული წყვილი ანუ ორნი), რადგან ისინი ემანირდებიან წყვილად: ერთი როგორც აქტიური, მეორე როგორც პასიური ეონი. ამ გზით გამოვლინდა სამი წყვილი (სულ ექვსი, ცეცხლი იყო მეშვიდე), რომლებსაც სიმონმა შემდეგი სახელები უწოდა: გონი  და აზრი, ხმა და სახელი, აზროვნება  და განსჯა; შემდეგ ამ თავდაპირველი ექვსიდან ემანირდა შუალედური სამყაროს ექვსი ეონი და ა.შ.. საბოლოოდ წარმოიშობიან დაბალი რანგის ეონები, რომლებიც ქმნიან ჩვენ სამყაროს.

და მაინც რაში მდგომარეობდა სიმონის მოძღვრების მთავარი თავისებურება?
ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის იყო, რომ სიმონი ყველგან თან დაატარებდა ტვიროსელ ქალს - ელენეს, რომელზეც ამბობდა რომ ის ღმერთიდან გამომავალი “პირველი აზრი” იყო. ირინეოსი წერს, რომ სიმონმა ფინიკიის ქალაქ ტვიროსში გამოისყიდა ვიღაც ქალი, სახელად ელენე, რომელიც ყველგან თან დაყავდა და უწოდებდა პირველ აზრს - ენოიას, ყველა საგნის დედას, რომლის მეშვეობითაც ღმერთმა თავდაპირველად ჩაიფიქრა შეექმნა ანგელოზები. მისგან გამოსული ეს აზრი (მამის ნების მცოდნე), დაეშვა ქვედა სამყოფელში და დაბადა “ძალები”, რომელთა მიერ, სიმონის თქმით, შექმნილია ეს სამყარო. რაც ისინი შექმნა, მათგანვე დაკავებულ იქნა შურის გამო, რადგან მათ არ უნდოდათ ყოფილიყვნენ ვინმეს მიერ დაბადებულები. მამას საერთოდ არ იცნობდნენ. მამის აზრი კი დაკავებულ იქნა მისგანვე დაბადებული ძალების და ანგელოზების მიერ, ვისგანაც განიცდიდა ყველანაირ დამცირებას. ამიტომ ის ვეღარ დაბრუნდა თავის მამასთან და ადამიანის სხეულშიც კი იქნა დატყვევებული, და დრო და დრო, როგორც ჭურჭლიდან ჭურჭელში, გადადიოდა ერთი ქალის სხეულიდან მეორეში. ის იყო იმ ელენეში, რომლის გამოც მოხდა ტროას ომი. მოგზაურობდა რა ერთი სხეულიდან მეორეში, იტანდა ყველა სახის დამცირებას, და სწორედ ის არის გზააბნეული ცხვარი. ამიტომაც სიმონი თვითონ მოვიდა, რათა დააბრუნოს და ბორკილებისგან იხსნას ის, ხოლო ადამიანებს მოუტანოს ხსნა მამის შეცნობის გზით. ანგელოზები ცუდად მართავდნენ სამყაროს, რადგან ყოველი მათგანი მიისწრაფოდა უზენაესი ძალაუფლებისკენ. ამიტომ მოვიდა საგნების გამოსწორების მიზნით და დაეშვა გადასხვაფერებული.

როგორც ვხედავთ, აქ უკვე სახეზეა მხსნელის მოვლინების იდეა, და მისი საშუალებით კოსმიური აზრის დახსნა სიბნელის ტყვეობიდან, რაც თავად ადამიანის შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესია. ამასთან დაკავშირებით ს. ჰოლერი წერს რომ “ე.წ. სიმონიანური მითის სტრუქტურა უშეცდომოდ გამოხატავს გნოსტიკური მონომითების ელემენტებს: ქალს და კაცს შორის არსებული ერთიანობის გაყოფა, ქალური პრინციპის დაშვება და გაუცხოება, ვისი როლიც მდგომარეობს სამყაროს შემქმნელების შექმნაში, ქალურის დაცემა დაკარგული თავისუფლების მდგომარეობაში, მსხნელის მოსვლა, რომელიც ან თავად არის წინარე ღმერთი, ან წარმოადგენს მის განსხეულებას. სიმონის მეშვეობით ელენეს გათავისუფლება, მაგალითია ყველა სხვა ადამიანის გამოსყიდვის ცრუ კოსმოსის მონობიდან, სადაც ისინი აღმოჩდნენ. სამყაროსეული სულის და სამყაროსეული გონის, შესაბამისად ეროსის და ლოგოსის გაერთიანებამ - გამოავლინა საწინააღმდეგო მხარეების შემოქმედებითი გაერთიანების არქეტიპი, რომელსაც მივყავართ შეზღუდულობისაგან თავის დახსნამდე და ახალი, უფრო მაღალი შეგნების დაბადებამდე.”

ე. ქ.





22 Feb 2012

გოთიკური ტაძარი

გოთიკური სატაძრო არქიტექტურა ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ევროპული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად. შუა საუკუნეების ხელოვნებისთვის ეს სტილი ძალზედ თამამი სიახლე იყო. ევროპაში გოთიკა უეცრად გაჩნდა და ზოგისთვის თავიდან მიუღებელიც კი აღმოჩნდა. აღორძინების ხანის იტალიელ მხატვარ ჯორჯო ვაზარის ის არ მოსწონდა და ამბობენ, თითქოს ამ მიმდინარეობას სწორედ მან შეარქვა სახელად "გოთური" - "ბარბაროსულის" მნიშვნელობით. თურმე მოლიერიც აღშფოთებული საუბრობდა მასზე, თუმცა, მათგან განსხვავებით, ძალიან ბევრი ადამიანი აღტაცებული იყო ამ სტილის სიდიადით, სილამაზით და იდუმალებით. XIX საუკუნეში ბევრმა ამ არქიტექტურულ სტილში პოეტური წარმოსახვის სიმბოლოებიც დაინახა. შატობრიანისთვის გოთიკური ტაძრები სავსე იყო რელიგიური ექსტაზით და გალური ტყეების მომხიბვლელობით, ახალგაზრდა გოეთესთვის კი უმაღლესი ჰარმონიის გამოხატულებას წარმოადგენდა.

უკვე XX საუკუნეში ალქიმიკოსმა ფულკანელიმ თავისებურად ახსნა, როგორც ტერმინი "გოთიკა", ასევე ტაძრების დეკორში დაფარული სიმბოლოები. ტაძრების ქანდაკებებში მან ალქიმიური ფორმულები ამოიცნო. მისივე აზრით, ცნება "art gothique" - ორთოგრაფიული დეფორმაციაა სიტყვისა "argotique" (ჟარგონული). "ჟარგონი - ეს არის იმ ადამიანების ენა, რომელთაც გემ "არგოთი" კოლხეთში იმოგზაურეს, ანუ "ჟარგონი" იმათი ენაა, ვისაც არ უნდა მათი ნათქვამი სხვებმაც გაიგონ. "არგოს" ენა, ეს არის "ჩიტების ენა" - ფილოსოფოსების და ხელდასხმულთა ენა, ამიტომაც გოთიკური ტაძარი - არგოტიკული ხელოვნების ნიმუშია" - წერდა ის.

ეს სტილი თავიდან საფრანგეთში გაჩნდა და იქიდან სწრაფად გავრცელდა ინგლისში, გერმანიაში და შემდეგ მთელს ევროპაში. საფრანგეთში პირველ სრულყოფილ გოთიკურ ნიმუშად მიჩნეულია სენ-დენის ტაძარი. სწორედ სენ-დენის ძველი ეკლესიის აბატმა სუგერიუსმა შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი გოთიკური სტილის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ამიტომაც გოთიკური სტილის წარმოშობა თარიღდება 1137-1143 წლებით, როცა სუგერიუსმა სენ-დენის ეკლესია გადააკეთა.

“ახალი სტილის ესთეტიკური პრინციპები "სინათლისა" და "ზეციური ემანაციების" შესახებ, სუგერიუსმა მისი მფარველი მოწამის - წმინდა დენის მოძღვრებებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა. სუგერიუსი და მისი თანამედროვეები თვლიდნენ, რომ წმინდა დენი - საფრანგეთში ქრისტიანობის გამავრცელებელი, I საუკუნეში მცხოვრები დიონისე არეოპაგელი იყო, რომელიც ათენში შეხვდა მოციქულ პავლეს, მისგან ქრისტიანობა მიიღო და შემდეგ მისივე მოწაფე გახდა. დიონისე არეოპაგელის ფილოსოფიური ნაშრომების ბერძნული ასლები, საფრანგეთში სენ-დენის სააბატოში ინახებოდა. ეს ნაწერები IX საუკუნეში კარლოს დიდის ვაჟს, საფრანგეთის მეფე ლუდოვიკოს, ბიზანტიის იმპერატორმა საჩუქრად გადასცა, მან კი ტექსტები მონასტერს უბოძა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დიონისე არეოპაგელის წიგნები სინამდვილეში ანონიმურ ავტორს ეკუთვნოდა, რომელიც სავარაუდოდ V საუკუნეში ცხოვრობდა, თავიდან ნეოპლატონიკოსი იყო და მხოლოდ მოგვიანებით მიუღია ქრისტიანობა. დიონისეს ნაწერები უაღრესად მისტიკურ ხასიათს ატარებდა. შეიძლება ითქვას, რომ მისი თეოლოგია წარმოადგენდა მოძღვრებას "სინათლეზე", რადგან ღმერთს და მისტიკურ იერარქიას იგი აგვიწერს სინათლის კატეგორიაში. ის ღმერთს აიგივებს სინათლესთან და სიკეთესთან, ანუ მისთვის ღმერთი, როგორც სიკეთე ყველაფერზე მაღლა მდგომი "არქეტიპული სინათლეა", რომელიც შუქს აძლევს ყველაფერს, რასაც კი მისი მიღება შეუძლია. "იგია საზომი ყველა არსების და მათი მარადისობის პრინციპის რიცხვი, წესრიგი და ერთიანობა" _ წერდა დიონისე არეოპაგელი. სწორედ ეს იდეა ესადაგებოდა სუგერიუსის თეოლოგიური შეხედულების ყველა ძირითად ელემენტს. ამიტომაც,  ფილოსოფიურ ხარისხში, სენ-დენის ტაძრის ფორმას და შემდგომ ყველა მომდევნო გოთიკურ ტაძარს, დიონისე არეოპაგელის მოძღვრების ეს პრინციპები დაედო საფუძვლად” (დანიელ გოტიე).

დიონისე არეოპაგელის წიგნებისადმი და მასში განვითარებული ფილოსოფიური იდეებისადმი ინტერესი მომდევნო საუკუნეებშიც დიდი იყო. ამ ფილოსოფიურმა მოძღვრებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა, როგორც აღორძინების ხანის, ასევე ახალი დროის ფილოსოფიაზე. არეოპაგიტული მოძღვრების შესახებ საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამდნენ მარსილიო ფიჩინო და პიკო დელა მირანდოლა, ხოლო XV ს იტალიური რენესანსის წარმომადგენელმა ლორენცო ვალამ და ნიდერლანდელმა ერაზმუს როტერდამელმა დაამტკიცეს, რომ არეოპაგიტული წიგნები V საუკუნის დიდი ნეოპლატონიკოსის პროკლეს იდეებს ატარებდა და შესაბამისად V საუკუნეზე ადრე ვერ შეიქმნებოდა. ასე დაიმკვიდრა დასახელებული წიგნების ავტორმა ფსევდო-დიონისე არეოპაგელის სახელი.

დიდი ხნის მანძილზე არავინ იცოდა, ვისი პიროვნება იმალებოდა ფსევდო დიონისე არეოპაგელის სახელის მიღმა, მხოლოდ XX საუკუნის 40-იან წლებში ორი მეცნიერი - შალვა ნუცუბიძე და ბელგიელი ერნესტ ჰონიგმანი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი კვლევის შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ფსევდო დიონისე არეოპაგელი - სინამდვილეში ქართველი უფლისწული - პეტრე იბერი იყო.

პეტრე იბერი - მურვანი, დაიბადა 411 წელს ქართველი მეფის ვარაზ-ბაქარის ოჯახში. დედის მხრიდან ის იყო ბაკურ მეფის შვილიშვილი. პატარა მურვანის მასწავლებლად და აღმზრდელად ფილოსოფოსი მითრიდატე ლაზი მოუწვევიათ, რომელიც მას მთელი ცხოვრების მანძილზე აღარ მოშორებია. თორმეტი წლის მურვანი სამეფო მძევლად გაგზავნეს კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის კეისრის თეოდოსი II-ის მოთხოვნით. აქ ქართველი უფლისწულის აღზრდას კეისრის მეუღლე, დედოფალი ევდოკია ხელმძღვანელობდა. იმპერატორის სასახლეში მურვანს დიდი ნიჭი გამოუმჟღავნებია, კარგი განათლებაც მიუღია, მეფის კარზე ნდობა და ავტორიტეტიც დაუმსახურებია, მაგრამ ბიზანტიის სახელმწიფო რეჟიმით უკმაყოფილომ, მალე ეს ქვეყანა მიატოვა და პალესტინაში გაიქცა. იერუსალიმში ჩასვლისას ბერად აღიკვეცა, სახელი შეიცვალა და პეტრე დაირქვა. შემდგომში პეტრე იბერმა, თავის ჯგუფთან ერთად, მრავალი ქვეყანა შემოიარა და საბოლოოდ მაიუმში დასახლდა. 452 წელს ის მაიუმის ეპისკოპოსად აირჩიეს. პეტრე იბერმა იერუსალიმში ააშენა ქართველთა მონასტერი და ჩამოაყალიბა სამონასტრო სასწავლებელი, სადაც მისივე ხელმძღვანელობით ფილოსოფიური და კულტურული ხასიათის მუშაობა მიმდინარეობდა. პეტრეს ხელმძღვანელობითვე, სირიაში შეიქმნა ქართველთა კოლონია, რომელიც მომდევნო საუკუნეებშიც განაგრძობდა არსებობას და ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა.

ე. ქ.

Copyright © 2006  დაიბეჭდა ჟურნალში "ჯორჯიან ეარვეისი".


2 Jan 2012

ოქროს საწმისი, როგორც ძველი რუკა და პურზედამწერლობა

ზღაპრის გმირი მუდამ დაეძებს ჯადოსნურ ნივთს. ძიების გზაზე მას მრავალი წინააღმდეგობის დაძლევა უხდება, რომელთა შორის ურთულესი,  ნივთის მცველი გველეშაპის დამარცხებაა.
   თუ კარგად ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რომ ზღაპრების და მითების  ამ სიუჟეტებში უძველესი რელიგიის დაფარული არსია გადმოცემული. ზღაპრის ჯადოსნური ნივთიც ამავე რელიგიას მიეკუთვნება და გარკვეულ საიდუმლო მოძღვრებას შეიცავს, ამ ნივთის ძიების გზაზე გველეშაპის დამარცხება კი უძველესი მისტერიების მთავარი მოტივია. ეს რელიკვია შეიძლება დაკარგული სამოთხის ბაღთანაც გავაიგივოთ, რომლის დასაბრუნებლად არსებული უამრავი წინააღმდეგობა ძველ სამყაროში ლაბირინთის სახით ვლინდება.
  ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ლაბირინთი “ცენტრის” ძიების გამოხატულებაა. მისი მშვიდობიანად გავლა და გველეშაპის დამარცხება, გარკვეული ცოდნის შეძენას და ამ ცოდნის საშუალებით საკუთარ თავში სიბნელის, უმეცრების დამარცხებას ნიშნავს.
  ლაბირინთი ასევე შეიძლება ჩაითვალოს ალქიმიური სამუშაოს სიმბოლოდ, რომლის მიმდინარეობის პროცესში უხეში მატერია გარდაიქმნება შინაგან შუქად, ოქროს სიბრძნედ, ჭეშმარიტ ფილოსოფიურ ქვად. ამდენად, ზღაპრის მაგიური ფეტიში განსაკუთრებული ცოდნის შემცველია და ფილოსოფიური ქვის ალეგორიად გაიაზრება.
   ძველი მითებიდან ცნობილი ერთ-ერთი ასეთი ნივთია ოქროს საწმისი, რომელიც კოლხეთში არესის ჭალაში ინახებოდა და რომელსაც უზარმაზარი გველეშაპი დარაჯობდა. არავინ იცის, სინამდვილეში რას წარმოადგენდა, ან როგორ გამოიყურებოდა ნივთი, რომლის მოსაპოვებლად არგონავტებმა ურთულესი გზა გამოიარეს. საწმისის ხელში ჩაგდებას ისინი ისეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რომ  მოგზაურობაში ელინთა თითქმის ყველა გმირი იღებდა მონაწილეობას.
   ზოგიერთი ძველი წერილობითი წყაროს თანახმად ოქროს საწმისი ვერძის ტყავი იყო, რომელზეც ოქროს მიღების ალქიმიური ფორმულები ეწერა, ზოგი ცნობით ეს იყო  “ოქროდამწერლობით” შესრულებული წიგნი.
  ამ საკითხთან დაკავშირებით ევსტათი თესალონიკელი წერს - ხარაქსის თქმით ოქროს საწმისი ეტრატზე აღნუსხული ხერხი იყო ოქროდამწერლობისო, ხოლო ანონიმური ავტორი ტრაქტატისა "დაუჯერებელთათვის" ამბობს - "კოლხეთში დაცული საწმისი ტყავებზე ნაწერი წიგნი იყო, რომელიც აღწერდა ქიმიის საშუალებით ოქროს მიღების მეთოდს".
  ოქროს საწმისის ამ განმარტებას იმეორებს VII ს. ავტორი იოანე ანტიოქელიც: "იასონმა და მისმა მხლებლებმა, პონტოს ზღვით კოლხეთს მიღწეულებმა, მოიპოვეს მედეა და ეგრეთ წოდებული ოქროს საწმისი. ეს ის კი არ იყო, როგორც პოეტურად გადმოგვცემენ, არამედ წიგნი იყო ტყავებზე ნაწერი, იმის შემცველი, თუ როგორ უნდა გაკეთდეს ოქრო ქიმიის საშუალებით".

მინიშნებას იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენდა საწმისი სინამდვილეში, აპოლონიოს როდოსელის “არგონავტიკის” ტექსტი იძლევა. საქმე ეხება ცნობას კოლხეთში არსებულ უძველეს დამწერლობაზე.
   სხვათა შორის, ეს ცნობა პირველი წერილობითი დადასტურებაა ძველ სამყაროში რუკების არსებობის თაობაზე, თანაც ფასეულია იმით, რომ ავტორი დიდი ხნის მანძილზე ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში მუშაობდა და შესაბამისად უძველეს, იშვიათ არქივებზე მიუწვდებოდა ხელი.  
   “არგონავტიკის” მეოთხე წიგნში ფრიქსეს უფროსი ვაჟი არგოსი არგონავტებს ეუბნება, რომ კოლხებს შენახული აქვთ თავიანთი მამების მიერ ნაწერი კვირბები, რომლებზედაც დედამიწის ირგვლივ სამოგზაუროდ, ზღვის და ხმელეთის ყველა გზა და საზღვარია ნაჩვენებიო.
   
ნაწერი კვირბები კოლხეთის გარდა კრეტაზე და საბერძნეთშიც ყოფილა ცნობილი. ძველ ავტორებთან შემონახული ცნობების თანახმად ისინი საკმაოდ საინტერესო ძეგლებს წარმოადგენდა. ზოგი ცნობით ისინი პირამიდული სვეტები იყო, ზოგი ცნობით სამკუთხა დაფები. კვირბები ასევე წვერწაწვეტებულ ბოძებთან დაკავშირებული ცეცხლგამძლე ფირფიტები ყოფილა, რომლებიც მიკრული იყო ან ზევიდან იდო ამ ბოძებზე ქუდის მსგავსად. ეს ფირფიტები კანონებს და კულტმსახურებასთან დაკავშირებულ წესებს შეიცავდნენ და სატაძრო რელიკვიებად იყო მიჩნეული. ისინი გამოიგონეს კრეტელმა კორიბანტებმა, ვისგანაც  შეერქვათ სახელი.
  წარწერები ამ დაფებზე ხშირად “ბუსტროფედონით” ყოფილა შესრულებული. ბერძნული სიტყვა “ბუსტროფედონი” ბუკვალურად ნიშნავს - “ხარს შევაბრუნებ” ანუ, შეიძლება ითქვას, რომ დამწერლობა კვირბებზე შედარებული ყოფილა ხარის მეშვეობით მიწის მოხვნა-დამუშავებასთან.
 
უკეთ რომ გავერკვეთ კვირბებზე დამწერლობის არსში, უნდა გავიგოთ ვინ იყვნენ კორიბანტები, ვისაც კვირბებზე დამწერლობის შექმნა მიეწერებათ. ანტიკური წყაროების თანახმად, კორიბანტები სამიწათმოქმედო კულტთან დაკავშირებული ღვთაებებია. ისინი ქალღვთაება კიბელეს თანამგზავრები და მცველები არიან.
  კიბელე - ფრიგიული წარმოშობის ნაყოფიერების ქალღვთაებას განასახიერებდა, რომელსაც ასევე უწოდებდნენ დინდიმენეს, იდელ დედას, ღმერთების დიდ დედას. ძველი ავტორების გადმოცემით, კიბელეს ოქროს ეტლში შებმული ლომები, ქალღვთაებას ფრიგიის მთებში დააქროლებდნენ. მას მუდამ თან დაყვებოდნენ გიჟური ცეკვით ცნობილი კორიბანტები, დაქტილები, კურეტები და ველური პანტერები.
  კიბელეს წარმოშობის შესახებ პავსანიასი უცნაურ ამბავს ყვება: ფრიგიული მითის თანახმად, პაპასმა გაანაყოფიერა ქვა, სახელად აგდოსი, რომელმაც თავის მხრივ დაბადა ჰერმაფროდიტული არსება აგდიტისი. მაგრამ ღმერთებმა დაასაჭურისეს აგდიტისი და ამ გზით იგი ქალღვთაება კიბელედ აქციეს.
   კიბელეს დაკავშირება ქვასთან სულაც არ არის გასაკვირი, რადგან ფრიგიაში მას თაყვანს სცემდნენ ციდან ჩამოვარდნილი მეტეორიტული ქვის სახით. ამ კავშირზე უნდა მიუთითებდეს მისი საყოველთაოდ ცნობილი თავსაბურავიც - მაღალი, დაკბილულ ქონგურებიანი კოშკის ფორმის გვირგვინი.
   ელინისტურ ხანაში კიბელეს კულტი რეას კულტს შეერწყა. სავარაუდოდ ეს უნდა მომხდარიყო კრეტაზე, სადაც საერთოდ ცნობილია აღმოსავლურ-მცირეაზიული და ელინური კულტურების შერწყმა. აქ რეა-კიბელე ზევსის დედად იქნა აღიარებული, ხოლო ზევსის ქურუმები - კურეტები, კორიბანტებთან გააიგივეს.
   რეა კრონოსის მეუღლე იყო. კრონოსმა წინასწარ იცოდა, რომ საკუთარი შვილი ძალაუფლებას წაართმევდა და ამიტომაც დაიწყო შვილების ჩაყლაპვა. ასე გადაყლაპა მან პირველი ხუთი შვილი - ჰესტია, დემეტრე, ჰერა, პლუტონი და პოსეიდონი. როდესაც ზევსის დაბადების დრო მოახლოვდა, რეა კრონოსისგან ფარულად კრეტაზე გაემგზავრა. იქ დიქტეს მთის გამოქვაბულში დაბადა ზევსი, აღსაზრდელად მელისევსის ქალიშვილებს და კურეტებს ჩააბარა, ხოლო კრონოსს ზევსის მაგივრად სახვევებში ბავშვივით შეხვეული ქვა ჩააყლაპა.
  კრეტაზე ახალდაბადებულ ზევსს ამალთეა და მელისა რძით და თაფლით კვებავდნენ, ხოლო კურეტები ფარებზე შუბების დარტყმით, ტიმპანების ხმაურით, ყვირილით და ცეკვით, ზევსის ტირილს ახშობდნენ, რათა კრონოსს მისი ხმა არ გაეგო და საიდუმლო არ გამჟღავნებულიყო.
  როდესაც ზევსი გაიზარდა, აიძულა კრონოსი გადაყლაპული შვილები უკან დაებრუნებინა. კრონოსმა ასევე უკან ამოიღო ზევსის მაგივრად ჩაყლაპული ქვაც, რომელიც, შემდგომში დელფოს სამისნოში მოათავსეს და ცნობილი გახდა, როგორც ქვა-ომფალოსი.
   დელფოს ქვა, ბერძნებისთვის სამყაროს ჭიპს, "ცენტრს" განასახიერებდა. ფუტკრის სკის ფორმის ეს ქვა, იმ ადგილას იდო, სადაც აპოლონმა უზარმაზარი გველი პითონი (ზოგი ცნობით დელფინი) დაამარცხა.
   ერთი ცნობის თანახმად, დიონისეს ფარზე გამოსახული ყოფილა რეა-კიბელე, რომელსაც ხელში ეჭირა ბავშვივით შეხვეული ქვა, ანუ იგივე "ომფალოსი" - სამყაროს ცენტრის განსახიერება. შეიძლება ამიტომაც ორფიკულ საგალობელში ღმერთების დედას - რეას მიმართავდნენ, როგორც შუაგული საყდრის მფლობელს, ჰესტიას, რაც მინიშნებაა იმაზე, რომ ქალღვთაება ცეცხლის სახედ და "ცენტრის" მპყრობელად მოიაზრებოდა.
   სხვათა შორის, კრეტაზე დიქტეს გამოქვაბული წმინდა ფუტკრებით ყოფილა სავსე და წელიწადში ერთხელ, გარკვეულ დროს ამ გამოქვაბულიდან თურმე მართლაც ცეცხლი გამოდიოდა.
    დიქტეს გამოქვაბულში თითქოსდა დიდხანს ეძინა ზევსის ერთ-ერთ ქურუმ კურეტს - ეპიმენიდეს (ძვ. წ. VII-VI სს), რის შედეგადაც მას შეუძენია განწმენდი ძალა და უამრავი წელი უცოცხლია. წარმოშობით ის კრეტელი იყო, ქალაქ ფესტოსიდან, თუმცა კნოსოსში მოღვაწეობდა. ამბობდნენ, ვითომდა მის სულს შეეძლო სხეულიდან ამოსვლა და დიდი ხნის ხეტიალის შემდეგ ისევ სხეულში დაბრუნება. თანამედროვე მკვლევარების მოსაზრებით, ეპიმენიდე სწორედ გამოქვაბულში ყოფნისას იმყოფებოდა ექსტატიკურ მდგომარეობაში ანუ "ამგვარ მოგზაურობას" იგი "ძილის" დროს ახორციელებდა და ის დიდი სიბრძნეც, რაც მას გამოქვაბულში ყოფნისას შეუძენია, სწორედ ექსტატიკური ტექნიკა იყო.
   პორფირის ცნობის თანახმად, პითაგორამ ინიციაცია კრეტაზე გაიარა. იდელი დაქტილების მიერ გარკვეული განმწმენდი რიტუალების ჩატარების შემდეგ, იგი (ტყავით შემოსილი) ჩავიდა იდას მთის გამოქვაბულში და იქ 27 დღე დაჰყო. დიოგენე ლაერტელი კი გადმოგვცემს, რომ პითაგორას თან ახლდა ცნობილი ინიციატორი - ეპიმენიდე.
  ამ ეპიმენიდეს მიეწერება ძალიან საინტერესო პოემების ავტორობა: "კურეტების, კორიბანტების წარმოშობა, თეოგონია" და "არგონავტიკა". ასეთი ტიპის განდობილი ქურუმი, როცა საწერად ირჩევს თემას, უნდა ვიფიქროთ რომ სიუჟეტი საკრალური მნიშვნელობით იქნებოდა დატვირთული. ეპიმენიდეს მიერ კურეტების, კორიბანტების და ღმერთების წარმოშობის ისტორიის პარალელურად, არგონავტების მოგზაურობის და ოქროს საწმისის ამბის გადმოცემას, წმინდა რელიგიური ხასიათი უნდა ჰქონოდა. თავდაპირველად ეს მოგზაურობა ინიციაციის ექსტატიკურ მოგზაურობას ხომ არ ასახავდა და გარკვეული კულტმსახურების რიტუალს ხომ არ უკავშირდებოდა?
  სტრაბონის ცნობით, ზევსის შვილი - კრეტის მეფე მინოსი, თავის ქვეყნის კანონმდებელი, ცხრა წელიწადში ერთხელ განმარტოვდებოდა ხოლმე ზევსის გამოქვაბულში და იქიდან კანონების შემცველი ფირფიტებით გამოდიოდა, ანუ  იასონივით - საკრალური "წიგნით" ხელდამშვენებული "ბრუნდებოდა მოგზაურობიდან".
   დაახლოებით იგივე ტექნიკაა აღწერილი ერთ-ერთი ძველი ფილოსოფოსის პარმენიდეს (ძვ. წ. IV ს. შუა წლები) პოემაში. პოემა ორი ნაწილისგან შედგება: "ჭეშმარიტების გზა" და "საზრისის გზა". პოემის შესავალში მოთხრობილია თუ როგორ "მოგზაურობს" პოეტი მზის ქალიშვილების მეგზურობით (რომლებიც სამართლიანობას გამოხატავენ), დღის და ღამის შეხვედრის ადგილას, ანუ მზის ჭიშკართან, და შიგ შესული როგორ იღებს ქალღვთაებისგან "გამოცხადების" ტექსტებს ჭეშმარიტების შესახებ, მსგავსად იასონისა, რომელიც მზის ქალაქში მოხვედრილი, მზის შვილიშვილის - მედეას მეშვეობით მიიღებს საწმისს.
მეცნიერთა აზრით, პარმენიდეს პოემის შესავალი ძალიან ახლოს დგას ორფიკული "გამოცხადების" ტექსტებისთვის დამახასიათებელ ყველა გარეგან ნიშანთან. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ორფიკული მიმდინარეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოემა იყო ორფიკული არგონავტიკა, სადაც მთავარ მოქმედ გმირად და საწმისის მომპოვებლად, თავად ორფევსი გვევლინება.
(საინტერესოა, რომ ძველად სწორედ ორფიკებს მიეწერებოდათ რაღაც საიდუმლო ფირფიტების ქონა, რომლებზეც თითქოსდა მათი თეოლოგიური ტექსტები იყო ჩამოწერილი.)
   კიბელეს თანამგზავრი კორიბანტები, ასევე მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული რკინის მეტალურგიის და მჭედლობის მფარველ კაბირებთან, რომელთა საიდუმლო მისტერიები კუნძულ სამოთრაკეზე იმართებოდა.
   თუ რა აკავშირებდათ კორიბანტებს სამოთრაკეს კაბირულ მისტერიებთან, ამის შესახებ საინტერესო ცნობებს დიოდორე სიცილიელი გადმოგვცემს: "სამოთრაკეს მიწაზე ზევსს და ელექტრას შეეძინათ დარდანოსი, იასიონი და ჰარმონია... ზევსმა გადაწყვიტა, რომ მისი ორი ვაჟიდან უმცროსს - იასიონსაც რგებოდა პატივი და ამიტომ გაათვითცნობიერა სამოთრაკეს მისტერიების ინიციაციის რიტუალებში, რაც იმხანად მის ხელში იყო, თუმცა ეს მისტერიები კუნძულზე უხსოვარი დროიდან არსებობდა. საერთოდ არ არის დაშვებული ინიცირებულის გარდა ვინმემ გაიგოს მისტერიების საიდუმლოს შესახებ და როგორც ამბობენ, იასიონი იყო პირველი ვინც ახდენდა უცხოელების ინიცირებას რიტუალებში და ამ გზით მისტერიებს დიდი ღირსება შესძინა.
   ამის შემდეგ კადმოსი თავისი დის - ევროპეს ძიებისას მივიდა სამოთრაკელებთან და სამოთრაკეს მისტერიებში ინიციაციის გავლის შემდეგ ცოლად შეირთო ჰარმონია - იასიონის და (ზოგიერთი ვერსიით ჰარმონია არესის ქალიშვილი იყო, რომელიც აღსაზრდელად გადასცეს ელექტრას). კადმოსის და ჰარმონიას ქორწილში კიბელე (ამ შემთხვევაში გაიგივებული დემეტრესთან) მოიხიბლა იასიონით და მას საჩუქრად ხორბლის თავთავი გადასცა... კიბელეს იასიონისგან ეყოლა ვაჟი - კორიბასი - კორიბანტების წინამძღოლი, ხოლო როდესაც იასიონი ღმერთების წრეს შეუერთდა, დარდანოსმა, კიბელემ და კორიბასმა აზიაში გადაინაცვლეს და ღმერთების დედის წმინდა რიტუალები ფრიგიაში დააარსეს".
   როგორც ირკვევა, კორიბასი - კორიბანტების წინამძღოლი - კიბელეს და იასიონის შვილი ყოფილა. იასიონი კიბელე-დემეტრეს სამგზის მოხნულ მინდორში შეეუღლა, რის შემდეგაც დაიბადა კორიბასი. სამგზის გადახნული მინდორი - სამიწათმოქმედო ნაყოფიერების რიტუალის ნაწილს წარმოადგენდა და საგაზაფხულო სამუშაოების წლის დაწყებას უკავშირდებოდა. ეს კი ჩვენთვის იმით არის საინტერესო, რომ როგორც კორიბანტების მიერ კვირბებზე წერა - გუთნით ხვნასთან იყო გაიგივებული, ასევე კორიბასის ჩასახვა, გუთნით მოხნულ მინდორს უკავშირდებოდა.
   ამ ცნობებიდან გამომდინარე, ასევე შეიძლება დავასკვნათ, რომ ფრიგიელთა კორიბანტული კულტი, სამოთრაკეზე უხსოვარი დროიდან არსებული კაბირული კულტის "მცირე აზიული" გაგრძელება ყოფილა. დიოდორე სიცილიელიც მიგვანიშნებს, რომ თავად იმ პერიოდზე საუბრობს, როცა ბერძნულ ტომებს და მათ უზენაეს ღვთაება ზევსს, უკვე საკმაოდ შეუვიწროვებიათ სამოთრაკეს კუნძულის ძველი მოსახლეობა და მათი საიდუმლო რიტუალებიც კი ჩაუგდიათ ხელში.
   კაბირთა კულტის საკითხი უძველესი მითოლოგიის ურთულეს პრობლემას წარმოადგენს. ამის მიზეზი ამ კულტის უაღრესად მისტიკური ფორმა იყო.  მ.პ .ჰოლი წერს, რომ ძველი ცნობის თანახმად, კაბირები შვიდნი იყვნენ და მათ სატურნ-კრონოსის სამეფო ტახტის წინ არსებული ცეცხლის შვიდ სულად მიიჩნევდნენ. სხვები მათ შვიდ ვარსკვლავურ მოგზაურად თვლიდნენ, რომლებსაც მოგვიანებით პლანეტები შეარქვეს.
   კალიმაქეს ცნობით, კაბირები საიდუმლოდ იზრდებოდნენ ჰეფესტოს ქურასთან და მეტალურგიის ხელოვნებას ეუფლებოდნენ. ჰეროდოტეს თქმით, კაბირები ჰეფესტოს შვილები იყვნენ. ამ ღვთაებების ცეცხლთან კავშირზე მიუთითებს ისიც, რომ კაბირთა ტაძრები ყოველთვის ვულკანური წარმოშობის ადგილებში შენდებოდა და საშენ მასალადაც ვულკანურ ადგილებში მოპოვებული ქვები გამოიყენებოდა
  სტრაბონის ცნობით კი, კაბირები ქურუმები იყვნენ, რომელთაც ბევრი კორიბანტებთან, დაქტილებთან, ტელხინებთან და კურეტებთან აიგივებდა. ზოგს ისინი ერთმანეთის ნათესავებად მიაჩნდა და მხოლოდ გარკვეულ უმნიშვნელო განსხვავებას ხედავდა მათ შორის. "ზოგადად თუ ვილაპარაკებთ, ყოველი მათგანი ცალ-ცალკე, ისევე როგორც ერთად აღებული, ერთგვარ ზეშთაგონებულ ადამიანებად გვევლინებიან, რომლებიც მონაწილეობას იღებენ  ბაკხურ სიშმაგეში და საზეიმო-საკრალურ რიტუალებში, სამხედრო ცეკვების მეშვეობით ტერორს განასახიერებენ, რასაც თან ახლავს იარაღის ხმაური, დოლების ბრახუნი, ციმბალების ჟღრიალი, ფლეიტების ხმა და ყვირილი".
  კაბირთა კულტი იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ ბევრი ძველი ავტორი მათ შესახებ საუბრისგან საერთოდ თავს იკავებს. მაგალითად როდესაც აპოლონიოს როდოსელი "არგონავტიკის" ტექსტში, კაბირთა მისტერიებში ფარული ზიარების მიზნით სამოთრაკეს კუნძულზე არგონავტების შეჩერების ამბავს ყვება, დასძენს - "სხვას აღარაფერს ვიტყვი ამის შესახებ, დაე იხაროს იმ კუნძულმა და ადგილობრივმა ღმერთებმა (კაბირებმა) რომელთაც წილად ხვდათ ის საიდუმლოებანი. მათზე სიმღერა ჩვენთვის ნებადართული არ არის".
  ასევე პავსანიასიც თებეს აღწერისას წერს, რომ იქ არსებულ კაბირია დემეტრეს და კორას ჭალაში შესვლა მხოლოდ საიდუმლოში განდობილს შეუძლიაო. ამ ჭალიდან ცოტა მოშორებით არის კაბირთა ტაძარიც. "ვინ არიან კაბირები ან რა საიდუმლოებები და რიტუალები იმართება მათ საპატივცემულოდ, მაპატიონ ადამიანებმა, ვისაც უყვარს ასეთი ამბების მოსმენა, თუკი მე ამ თემაზე დუმილს ვამჯობინებ". თუმცა იმას მაინც ყვება, რომ კაბირთა მხრიდან მრისხანებას და შურისძიებას ვერავინ გადაურჩება. ქსერქსეს მიერ ბეოტიაში დატოვებულმა და უცხო ხალხის რელიგიისადმი ზიზღით განწყობილმა მეომრებმა, სიმდიდრის ხელში ჩაგდების მიზნით, დააპირეს კაბირთა ტაძარში შესვლა, მაგრამ იმწამსვე გაგიჟდნენ და ზოგი ზღვაში გადაეშვა, ზოგიც კლდიდან გადაიჩეხა. ასევე ალექსანდრე მაკედონელის მეომრებმა, როცა თებე აიღეს, ჩათვალეს რომ ყველაფრის უფლება ჰქონდათ დაპყრობილ ტერიტორიაზე და შევიდნენ კაბირთა ტაძარში, მაგრამ იმწუთასვე მეხის დაცემით განადგურდნენ. აი ასეთ ხელშეუხებლად გვევლინება ეს ტაძარი უხსოვარი დროიდანო, დასძენს მწერალი.
   ჰეროდოტეს ცნობითაც, ეგვიპტეში მემფისის კაბირული ტაძარი იმდენად წმინდა იყო, რომ მის საზღვრებში შესვლის უფლება ქურუმის გარდა არავის ჰქონდა.
   მისტიკოსთა გადმოცემით კი კაბირები "ძლიერი ღმერთები" იყვნენ (როგორც მამრობითი, ასევე მდედრობითი სქესის), რომელთაც გააჩნდათ როგორც მიწიერი, ასევე ზეციური და კოსმიური ასპექტები. "დროის" დასაწყისშივე ისინი გვევლინებიან ადამიანთა მმართველებად, როგორც "ღვთაებრივ დინასტიებში" განსხეულებული მეფეები. მათგან იღებს სათავეს ცივილიზაციის პირველი იმპულსი. მათვე დააჯილდოვეს ადამიანთა მოდგმა გამომგონებლობისაკენ, ყველა ხელოვნების და მეცნიერების სრულყოფისაკენ მიმართული გონებით.
   წარღვნის შემდეგ, სხვადასხვა ხალხის მითებსა და ლეგენდებში, კაბირები უკვე ნოესთან ერთად გადარჩენილ ბრძენკაცებად გვევლინებიან: პერუს მცხოვრებლებს შორის შემორჩენილია ლეგენდა, რომლის თანახმად შვიდმა ინკამ თავიდან დაასახლა დედამიწა. ასევე ქალდეველთა ქსისუტროსი-ნოე წარღვნას გადაურჩა შვიდ ღვთაებასთან ერთად.
   ფაბერის თქმით კი, "შვიდი ტიტანი ანუ კაბირი შესატყვისია ინდუისტური მითებიდან ცნობილი შვიდი რიშის, რომლებიც ხომალდით გადარჩნენ თავის მანუსთან - ოჯახის უფროსთან ერთად."

კორიბანტ-კაბირების მჭიდრო კავშირს კოლხურ სამყაროსთან ამტკიცებს ცნობილი პრიორიტეტი, რაც მეტალურგიაში ქართველთა წინაპარ ტომებს: ხალიბებს, ტაბალებს, მოსხებს (მოსინიკებს), კოლხებს მიეკუთვნება. ეს ტომები ძველად ამიერკავკასიის გარდა, ფართოდ იყვნენ განსახლებული როგორც მცირე აზიაში, ასევე მესოპოტამიაში, ბალკანეთზე და ევროპის ზოგიერთ რეგიონში.
   მეტალურგიაში მათი დახელოვნების შესახებ ცნობები ძველ წერილობით წყაროებშია გადმოცემული. ამ ცნობების თანახმად პირველად  რკინის მადნები ხალიბებმა აღმოაჩინეს და საუკეთესო რკინის ნაწარმსაც ისინი ამზადებდნენ. მიჩნეულია, რომ თავად ფოლადის სახელი ბერძნულ ენაში “ხალიბოს”, ხალიბთა ტომის სახელწოდებიდან მომდინარეობს. ასევე ზოგიერთ ევროპულ ენებში თითბერის სახელი მოსინიკის ტომის სახელიდანაა წარმომდგარი. მეტალურგიასთანაა დაკავშირებული ტერმინი "ტაბალიც". ზოგი თანამედროვე მეცნიერი თვლის, რომ ეს სახელი იმ თუბალკაენს შეესატყვისება, რომელიც ბიბლიის თანახმად, პირველი მჭედელი იყო.
   კორიბანტ-კაბირები კრეტელი ანუ იდელი დაქტილების სახელითაც მოიხსენიება. ანტიკური წყაროების მიხედვით იდელი დაქტილები არიან ფრიგიელი დემონები, ბარბაროსები, ვისაც მიეწერება პირველად რკინის პოვნა და დამუშავება. კლიმენტ ალექსანდრიელის ცნობით კი კიბელეს ქურუმებმა, იდელმა დაქტილებმა აღმოაჩინეს მუსიკის რიტმი და შექმნეს მაგიური ძალის მქონე ეფესური დამწერლობა.
   (სხვათა შორის, დაქტილოგრაფია ხელისგულზე თითით წერას ნიშნავს, ხოლო დაქტილოლოგია ხელებით ლაპარაკს. საინტერესოა, ხომ არ იყო ეს მოვლენები რაიმე კავშირში საიდუმლო კულტმსახურებასთან, რადგან ცნობილია, რომ დაქტილოლოგიას ის პირები მიმართავდნენ, ვისაც დუმილის აღთქმა ჰქონდა დადებული.)
   სამიწათმოქმედო კულტთან დაკავშირებული დამწერლობა რომ მართლაც შეიძლება კოლხეთში ჩასახულიყო, ამას ამტკიცებს ამიერკავკასიის რეგიონის დაწინაურებული როლი სამიწათმოქმედო კულტურის  განვითარების საქმეში. მკვლევართა აზრით, მცირე აზიის რეგიონში, სწორედ ამიერკავკასია ითვლება მარცვლეული მცენარეების ფორმათა წარმოქმნა-ევოლუციის ცენტრალურ პლაცდარმად და ეპიცენტრად.
   ასევე საქართველოს ტერიტორიაზეა ნაპოვნი ვაზის ყველაზე ძველი წიპწები და სასხლავი ბრინჯაოს ინსტრუმენტები. შეიძლება ამ მიზეზით საქართველო უძველესი დროიდან ცნობილია როგორც “პურის” და “ღვინის” ქვეყანა. ამასვე აღნიშნავს ქვეყნის სახელი “გეორგია”, რაც მკვლევარების მიერ “მიწათმოქმედად” არის განმარტებული. ამ მოვლენას როდოსელიც  კარგად იცნობს. ამიტომაც ხაზს უსვამს, რომ აიეტის სასახლის ეზო მაღალი და ხშირი ვაზის ფოთლებით იყო დაბურული. ასევე შემთხვევით არ წერს ის აიეტის გუთნის შესახებ, რაც იმ დროს იშვიათი მოვლენა უნდა ყოფილიყო.
   ამდენად, სრულიად ბუნებრივია, რომ სწორედ მიწათმოქმედებას უკავშირდება ის ურთულესი დავალება, რომელიც იასონს უნდა შეესრულებინა კოლხეთში საწმისის მოსაპოვებლად და რომელსაც კოლხეთის მეფე  საკუთარი ხელით ასრულებდა. თავად აიეტი ამის შესახებ ამბობს: “არესის ველზე საბალახოდ გაშვებული მყავს ორი სპილენძისფეხებიანი ხარი, რომლებიც ხახიდან ცეცხლს აფრქვევენ. მე მათ უღელში ვაბამ და არესის ოთხი დღიური ხოდაბუნისკენ  მივრეკავ. ამ ხოდაბუნს სწრაფად ვხნავ ბოლომდე გუთნით და ხნულებში დეოს პურის თესლებს კი არ ვყრი, არამედ საზარელ გველეშაპის კბილებს, რომლებიც იარაღასხმულ ვაჟკაცებად გარდაიქმნებიან. ჩემს წინააღმდეგ ყოველი მხრიდან დაძრულთ იქვე ვფანტავ და ჩემი შუბით ვსპობ. ხარებს უღელში დილით ადრე ვაბამ, ხოლო საღამო ჟამს მკას ვწყვეტ.:”
   აიეტის ქმედებიდან, რომელიც ღვთაების წმინდა ველზე ხორციელდება და თავისთავად რაღაც მაგიურ კულტმსახურებას წარმოადგენს, ყურადღებას იქცევს ერთი უმთავრესი მოვლენა. ეს არის გველეშაპის კბილების “დათესვის”, დაფვლის გზით მიღწეული “მეტამორფოზა”, რაც შეიარაღებულ მეომრების აღმოცენებაში ვლინდება და როგორც “ხელახალი დაბადების” საიდუმლო, ჰერმეტიზმს უკავშირდება. ამ თვალსაზრისით აიეტის ქმედება შესაქმის აქტს წარმოადგენს. იგი დემიურგი ღვთაების როლში გვევლინება, ვისი საშუალებითაც ხდება პირველყოფილი "ადამიანის" ჩასახვა დედამიწის წიაღში, იქიდან მისი დაბადება, ზრდა გარკვეულ ეტაპამდე და შემდეგ განადგურება, თანაც ხაზგასმულად მცირე დროის განმავლობაში. ეს კი უკვე ალქიმიის საიდუმლოა. შეიძლება ამიტომაც, ნიკოლა ფლამელი აიეტის ამ დავალებას ალქიმიურ პროცესად მიიჩნევს და წერს, რომ გველეშაპის დათესილი კბილებიდან, თავად გველაშაპები იბადებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აიეტი - მეფე, მეომარი და მიწათმოქმედი, ამავე დროს  გველეშაპებთან მებრძოლი გმირის არქეტიპულ სახესაც განასახიერებს.
   ცალკე უნდა შევაჩეროთ ყურადღება აიეტის გუთანზე, რომელიც ჩვეულებრივი მასალისგან კი არ არის დამზადებული, არამედ იდუმალი ადამანტისგან. "ადამანტი" (ადამასი) ბერძენ ავტორებთან განმარტებულია როგორც "ფოლადი" ხოლო საბას ლექსიკონში, როგორც - ალმასი.  (ალმასი - ასტროლოგიურად  მზის შესატყვისი ქვაა. იგი თავის კეთილშობილური თვისებების გამო ფილოსოფიურ ქვასთან არის გაიგივებული.)
  ანტიკური ხანის ნაშრომში "ფიზიოლოგუსი" ადამასი ახსნილია, როგორც უძლეველი. ეს არის ქვა, რომელიც არ იწვის ცეცხლში და არ იმტვრევა რკინით. მისი პოვნა შეიძლება ღამით და თანაც მხოლოდ იმ ადგილას, საიდანაც მზე ამოდის. თუ გავითვალისწინებთ, რომ აიეტი - ამომავალი მზის ქვეყნის მეფე - თავად მზის შვილია, აღარ გაგვიკვირდება, რომ სწორედ ის ფლობს ამ ქვისგან დამზადებულ გუთანს.
   პინდარეს ტექსტის თანახმად კი ადამასი იმ კაბირის სახელია, რომელიც, "წმინდა ცეცხლების" ანუ კაბირების მიერ ჩასახული, დედამიწის საშომ სამოთრაკეს კუნძულზე დაბადა. ის იყო პირველკაცის პროტოტიპი და გვევლინება შვიდიდან ერთ პირველყოფილ წინაპრად, რომლებისგანაც წარმოიშვა კაცობრიობა. (ეს ინფორმაცია ძველად სამოთრაკეს კაბირული მისტერიების საიდუმლოს წარმოადგენდა და ყველაზე ნათლად ჰერმესის "პოიმანდრესის" ტექსტშია გადმოცემული).
  ამდენად, აიეტი, რომელიც სწორედ "ადამანტის" გუთნით ამუშავებს ღვთაების ველს, (მითუმეტეს სიმბოლოთა მკვლევარები გუთნით ხვნას, ყოველთვის სექსუალურ აქტთან აიგივებენ), რის შედეგადაც მიწის წიაღიდან მეომრები იბადებიან, მართლაც დაკავშირებული ჩანს უძველესი, სავარაუდოდ კაბირთა კოსმოგონიური მოძღვრების "შესაქმის" მოვლენებთან.
 
კოლხეთის მეფის კულტმსახურებიდან ასევე ნათლად იკვეთება, რომ კოლხეთში განვითარებული  სამიწათმოქმედო კულტურის გვერდით, საკმაოდ დაწინაურებული ყოფილა სამჭედლო და საბრძოლო ხელოვნების ტრადიციები. აიეტისთვის ჰეფესტო და არესი ახლობელი ღვთაებებია.
   ჰეფესტოს მისთვის სპილენძისფეხებიანი და სპილენძისხახიანი ცეცხლისმფრქვეველი ხარები უჩუქებია, ხოლო ადამანტის მთლიანი გუთანი სწორედ მას გამოუჭედავს. ასევე მისი ნახელავია აიეტის სასახლის ეზოში, მაღალი ვაზების ძირში ამომავალი ოთხი წყარო, რომლებიდანაც მუდმივად მოედინება რძე, ღვინო, სურნელოვანი ზეთი და წყალი. აღსანიშნავია, რომ ამ წყლის ტემპერატურა ცაზე პლეადების მოძრაობასთან ერთად იცვლება.
   არესს კი აიეტი საომარი აბჯარით დაუსაჩუქრებია. არესის მსგავსად, აიეტი თავადაც რომ საუკეთესო მეომარია, ამის შესახებ მისი შვილიშვილი არგონავტებს ეუბნება - აიეტი საზარელი ხმით და დიდი ღონით სწორედ არესს გავსო. ტიტან ჰიპერიონის შვილიშვილი აიეტი, როდოსელთანაც უძლეველ მეომრად არის დახასიათებული, რომელთანაც შებრძოლება მხოლოდ ჰერაკლეს თუ შეეძლო, ხოლო ერთ-ერთ უძველეს ფერწერულ ტილოზე კოლხეთის მეფე მართლაც გოლიათი-მეომრის სახით ყოფილა წარმოდგენილი: "ოთხცხენიან ეტლზე შემდგარი აიეტი უზარმაზარია და ყველა ადამიანს აღემატება. ჩამჯდარია რომელიღაც გოლიათის საომარ იარაღში, ვინაიდან ამას გვაფიქრებინებს (იარაღის) ჩვეულებრივი ადამიანისთვის მიუწვდომელი სიდიდე.. თვალებიდან თითქოს ცეცხლს აფრქვევს, მარჯვენა ხელში ჩირაღდანი უჭირავს, ეტლის ფერსოსთან შუბი გაუმზადებია..." (ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აიეტს საბრძოლო ეტლში ჰელიოსის ნაჩუქარი უსწრაფესი ცხენებია შებმული.)
   ამ ფაქტების გათვალისწინებით უკვე სრულიად ბუნებრივად შეიძლება მოგვეჩვენოს სტრაბონის ცნობა, რომელიც წერს რომ კორიბანტები, რომლებიც მჭიდროდ უკავშირდებიან მჭედლობის მფარველ კაბირებს, შესაძლოა კოლხეთიდან არიანო: “ტიტანებმა რეას (კიბელეს) გადასცეს შეიარაღებული მცველები – კორიბანტები, რომლებიც (კრეტაზე) ბაქტრიანედან არიან წამოსულები, ზოგიერთები კი ამბობენ კოლხთაგანნი არიანო”.
   კოლხეთიდან კორიბანტების კრეტაზე მოხვედრა, სრულიად თავისუფლად არის დასაშვები, რადგან ეს ორი ცივილიზაცია მჭიდროდ იყო ერთმანეთთან დაკავშირებული. ამ სიახლოვის დამადასტურებელია ის ფაქტიც, რომ კრეტის ლეგენდარული მეფის - მინოსის ცოლი პასიფაე, აიეტის დაა. სწორედ მისგან “შობილი” მინოტავრისთვის შენდება ლაბირინთი, რაც კრეტული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს.
  
სვეტებთან და ფირფიტებთან დაკავშირებული უძველესი დამწერლობის შესახებ ინფორმაცია კარგად არის შემონახული მასონურ ლეგენდებში. ამ ლეგენდების თანახმად ლამეხის შვილებმა: იავალმა, იუვალმა, თუბალკაენმა და ნამახმა, რომელთაც მიეწერებათ სხვადასხვა ხელოვნების: გეომეტრიის, არქიტექტურის, ცხვრის მოშენების, მჭედლობის, საქსოვი საქმის გამოგონება, წარღვნისაგან რაღაც ცოდნის გადასარჩენად ორი წარწერებიანი სვეტი აღმართეს. ერთი-ქვის, რომელსაც ერქვა “მარბელი”, ცეცხლგამძლე იყო, ხოლო მეორე “ლატურუსი” წყალში არ იძირებოდა. ერთ-ერთი სვეტი მოგვიანებით თითქოს ჰერმესმა აღმოაჩინა და კაცობრიობას აცნობა სვეტზე დაწერილი საიდუმლოებები.
   ასევე არსებობს ცნობა, რომ პატრიარქმა ენოქმა ოქროს სამკუთხა ფირფიტაზე დაწერილი ღმერთის საიდუმლო სახელი, მის მიერვე აშენებულ მიწისქვეშა ტაძრის ყველაზე ღრმა დარბაზში, თეთრ კვადრატულ საკურთხეველზე მოათავსა, ხოლო  საიდუმლო მეცნიერული ცოდნის გადარჩენის მიზნით, სწორედ მან აღმართა ორი სვეტი. ლითონის ბოძზე ალეგორიული სიმბოლოების სახით მან გადმოსცა საიდუმლო სწავლება, ხოლო მარმარილოს ბოძზე მოათავსა წარწერა, რომელიც მიანიშნებდა მიწისქვეშა ტაძრის არსებობაზე, სადაც უძვირფასესი განძი ინახებოდა.
   წარწერებიანი სვეტების შესახებ, იოსებ ფლავიუსიც მოგვითხრობს. ამ სვეტების აღმართვას იგი ბიბლიური ადამის ვაჟის - სეთის შვილებს მიაწერს.
   როგორც ვხედავთ, უძველესი, წარწერების შემცველი სვეტები, წარღვნასთან დაკავშირებითაც გვხვდება და წარღვნისაგან ცოდნის გადარჩენის საშუალებად, ანუ თავისებურ "კიდობნად" გვევლინება. საინტერესოა ერთი გარემოება, რომ ზოგი ცნობით, სწორედ კორიბანტ-კაბირები, ვისაც მიეწერებოდათ კვირბების სახით დამწერლობის შექმნა, ითვლებოდნენ "წარღვნის ღმერთებად". ეგვიპტის კაბირულ ტაძარში უხსოვარი დროიდან არსებობდა ორი ფიგურა - მამაკაცის და მის წინ თავდაყირა მდგარი ქალის - რომლებიც განასახიერებდნენ კაბირებს, მაგრამ ამავე დროს გამოხატავდნენ საწინააღმდეგო პოლუსებს, რომელთა სიმბოლოს უნდა დაეფიქსირებინა დედამიწის ღერძის დახრის მიზეზით გამოწვეული პოლუსების გადაადგილება საწინააღმდეგო მხარეს, რის შედეგადაც ყოველთვის ხდებოდა ოკეანეების გადაადგილება, პოლარული ქვეყნების დატბორვა და ახალი მატერიკების ამოსვლა ეკვატორულ რეგიონში.
        როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგიერთი მკვლევარი კაბირებში “ნოეს კიდობნის და მისი ოჯახის” ყველა შემდგომ გამოვლინებას ხედავდა. ბლავატსკაია წერს, რომ წარღვნის შემდეგ ამ მოვლენის უკვდავსაყოფად ნოეს შთამომავლებმა დააარსეს რელიგიური დღესასწაული, რაც მოგვიანო თაობებმა დაამახინჯეს და ნოე თავისი შვილებით აქციეს ან დემონებად, ან ღვთაებრივ გმირებად. სინამდვილეში ნოე და მისი ოჯახი უბრალოდ არის სამოთრაკული მისტერიების ებრაული გადმოცემა სატურნის, ანუ კრონოსი-სადოკის შესახებ. წარღვნის თქმულებები წარმოადგენენ ეგზოტერულ ალეგორიას, დამყარებულს სამოთრაკეს ეზოტერულ მისტერიებზე. “ისტორიულად სამოთრაკე ცნობილი იყო წარღვნის მიზეზით, რომელმაც დატბორა მთელი ქვეყანა და მისწვდა მაღალ მთებსაც, ეს მოხდა არგონავტებამდე ბევრად ადრე. კუნძული დაიტბორა უეცრად ევქსინის წყლით, რომელიც იქამდე ითვლებოდა ტბად”.
 
როგორც ვხედავთ, სამოთრაკეს კაბირული მისტერიები ემყარებოდა რომელიღაც წარღვნის მოვლენებს და ამ მოვლენების დროს გადარჩენილ პირებს, რომლებმაც არამარტო თავიდან დაასახლეს დედამიწის გარკვეული ტერიტორიები, არამედ გადაარჩინეს და ხელახლა გაავრცელეს როგორც მეცნიერება და ხელოვნება, ასევე რელიგიური წარმოდგენები და ღვთისმსახურებასთან დაკავშირებული წესები, და თუ წყალდიდობა მართლაც ევქსინის პონტოსთან იყო დაკავშირებული, მაშინ შეიძლება დავუშვათ, რომ წარღვნას გადარჩენილი ქურუმები, სწორედ კავკასიიდან იყვნენ, რაც ამართლებს კორიბანტ-კაბირების კოლხეთიდან წარმომავლობას.
   შეიძლება, ამიტომაც წერდა XIX საუკუნის ფრანგი მკვლევარი, რომ “შუა საუკუნეებში კავკასიაზე ფრიად პოეტური შეხედულება ჰქონიათ. იმ დროს ზოგიერთს კავკასია მიაჩნდა საერთოდ ყველა ხალხის წარმოშობის კერად, სხვები კიდევ ცდილობდნენ აქედან გაეყვანათ ინდოევროპელთა განსახლების გზები. აი საიდან გაჩნდა სახელწოდება კავკასიური რასა, რომელსაც ევროპისა და აზიის მეტ წილ მცხოვრებთა მიმართ ხმარობენ. აქვე ეგულებოდათ განათლებისა და რელიგიურ რწმენათა დასაბამი, ფიქრობდნენ, რომ აქედან გავრცელდა, როგორც თქმულება წარღვნაზე, ასევე სხვადასხვა ხელობა და გაუმჯობესებული ცხოვრება”.
   ცხადია ეს მოსაზრება, რაღაც ძველ ცნობებს ემყარებოდა, და თუ მართლაც კავკასიიდან გავრცელდა თქმულება წარღვნაზე, სხვადასხვა ხელობა, განათლება და გარკვეული რელიგიური მოძღვრება, შესაძლოა სწორედ მაშინ გავრცელდა დამწერლობაც კვირბების სახით, რომელიც ამ რელიგიის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა. და თუ ეს დამწერლობა მართლაც ისე ძველია, რომ წარღვნამდე უკვე არსებობდა, საინტერესო იქნება მისი არსის ამოცნობა

ბერძნულ წყაროებში სიტყვა “კვირბის” ეტიმოლოგია სხვადასხვანაირად არის ახსნილი. რადგან ნაწერ კანონთა შემცველი ქვის სვეტები წვერით ბოლოვდებოდა, სიტყვა “კვირბის” დაუკავშირეს ბერძნულ სიტყვას koriphe - "წვერი”, “კენწერო”; აქედანვე წარმოდგა kurbasi - “ტიარა”. ამის პარალელურად, არის ცნობა, თითქოს სიტყვა “კვირბის” მომდინარეობდეს ზმნისგან kateskeirostai  -“მტკიცედ დგომა”,  ასევე ამ სიტყვას უკავშირებენ ტერმინს  skiros - skuros  - “მაგარი”.
   ყველა ეს ახსნა: “მტკიცედ დგომა”, “კენწერო”, “მაგარი” მართალია კვირბის გარეგნულ მხარეს გადმოგვცემს, მაგრამ ვერ იძლევა ნათელ წარმოდგენას, თუ რა აკავშირებდა ამ ფირფიტებს და სვეტებს რუკებთან, გეოგრაფიასთან. ასევე ვერ ასახავს ეს სიტყვები კვირბის - როგორც სატაძრო ფეტიშის  ეზოტერულ მნიშვნელობას და კავშირს მათ შემქმნელ მიწათმოქმედ ღვთაებებთან.
   რადგან კვირბების წარმომავლობა, ისევე როგორც კორიბანტების, შესაძლოა კოლხეთს უკავშირდებოდეს, მაშინ მისი ეზოტერული მნიშვნელობაც, შეიძლება სწორედ ქართული ენით აიხსნას.
   საბას ლექსიკონში ტერმინი “ყუერბი” ერთის მხრივ განმარტებულია, როგორც "საცეცხლე კერის ადგილი", ხოლო მეორეს მხრივ - "ბოსტნის მარგი ანუ კვალი." ასევე  ძალიან საინტერესოა ხევში შემონახული ტერმინი – “ყვერბაული” – საშობაო დღესასწაულისთვის გამომცხვარი, სპეციალური ბეჭდით დაბეჭდილი ხორბლის პური. თუ ჩავუკვირდებით, ეს მნიშვნელობები: კერა, ბოსტნის კვალი, ხორბლის პური, ბევრად უფრო შეესატყვისება როგორც მიწათმოქმედებასთან, ასევე ცეცხლთან და მჭედლობასთან დაკავშირებულ ღვთაებებს.

ძველქართული ტრადიციით კერა უმეტესად შენობის ცენტრში იყო მოთავსებული. ამიტომაც შეერქვა მას სახელად “შუა ცეცხლი”. იგი დედაბოძთან ერთად ქართული ტრადიციის ყველაზე დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს. რელიგიური დღესასწაულების აღნიშვნისას, სწორედ კერასთან სრულდებოდა მრავალი რიტუალი, რაც ძველი ხალხის რელიგიურ წარმოდგენებში კერის საკრალურ მნიშვნელობაზე მიუთითებს.  
   კერა – როგორც “ცენტრის” ამსახველი მოვლენა, ქართულ არქეოლოგიურ მასალებში უკვე VII ათასწლეულიდან გვხვდება. ამ პერიოდის ადრესამიწათმოქმედო კულტურისთვის დამახასიათებელია თიხის წრიული სახლები, რომელთა ცენტრში თიხის მრგვალი კერაა მოწყობილი. იქვე დაფიქსირებულია ორმო ხის ბოძისათვის.
   ამ კერებში არქეოლოგებმა თიხის მრავალი პატარა ქანდაკება იპოვეს. ერთ-ერთ კერაში ქალის ჩვიდმეტი სტილიზებული ფიგურა აღმოჩნდა. მათზე საკმაოდ მკვეთრადაა ხაზგასმული ნაყოფიერების გამომხატველი ნიშნები. კერებში ქალის ფიგურების ასეთი სიუხვე გვაფიქრებინებს კერის კავშირზე ქალღვთაება “დიდი დედის” კულტთან.
  შემდგომი მტკვარ-არაქსის კულტურისთვისაც, რომელიც IV-III ათასწლეულით თარიღდება, ყველაზე მეტად დამახასიათებელია წრიული ნაგებობების ცენტრში მრგვალი კერის არსებობა. ამ პერიოდის კერის და ზესადგარების ფორმაში უკვე აშკარად იკვეთება ნაყოფიერების კულტი, რაც გაიაზრებოდა ასთრალური ღვთაებების სქესობრივი კავშირით. “კერა ქალღვთაებას გამოხატავს, ხოლო მისი გამანაყოფიერებელი მამაკაცი ზეცის გამგებელია და მის ატრიბუტს კერის ზესადგარი წარმოადგენს, რომელიც თავის ფორმით ხართან და მთვარესთან არის ახლოს. ზეცის მიერ წვიმის საშუალებით დედამიწის განაყოფიერების შედეგად წარმოიშვება ახალი ღვთაება - მცენარეულობა, სიმბოლურად გამოხატული ცეცხლით ან სიცოცხლის ხით - ჩიჩილაკით, რომელიც სავარაუდოდ რქიან სადგარებსა და კერებში მაგრდებოდა”.
  ამგვარად, ამ ეტაპზე კერა უკვე სიყვარულს, შეუღლებას განასახიერებს, რის შედეგადაც იბადება სიცოცხლის სიმბოლო - ცეცხლი, ისევე როგორც წვიმის შემდეგ იბადება მცენარეულობა. ამ კავშირში უკვე კოსმოგონიური ჰარმონიის იდეაც არის გადმოცემული მზის და მთვარის, ცეცხლის და წყლის ანუ საპირისპირო მოვლენების “ქორწინების” გზით მიღწეული.
  "ქორწინების" ეს სიმბოლო ამავდროულად ასახავს უძველესი მისტერიების საიდუმლო ფორმულას, როცა მონაწილეები ცას ახედავდნენ და ამბობდნენ: "იწვიმე", ხოლო შემდეგ დაბლა დაიხედავდნენ და დედამიწას მიმართავდნენ "ჩასახე". ჰიპოლიტუსის ცნობით ეს ორი სიტყვა შეადგენდა მისტერიების უდიდეს საიდუმლოს. მირჩა ელიადე წერს, რომ ეს სიტყვები აშკარად რიტუალური ფორმულაა, დაკავშირებული იეროგამიასთან, რაც საერთოდ დამახასიათებელია ნაყოფიერების კულტისთვის.
ეს იდეა - მზის და მთვარის "ქორწინება" - ასევე პარალელს ამჟღავნებს ჰერმესის "ზურმუხტის ფირფიტის" ტექსტთან, რომელიც უძველეს ალქიმიურ ტრაქტატს წარმოადგენს. ფირფიტაზე წერია, რომ: ..."ყველა ნივთი წარმოიშვა ერთიდან, ერთიანობის მეშვეობით. ამდენად ყველა ნივთი წარმოსდგა ამ ერთი არსიდან. მზე მისი მამაა, მთვარე მისი დედაა, ქარმა ის თავის საშოში ატარა, დედამიწამ გამოკვება..."
"ზურმუხტის ფირფიტის" შედარება მზის და მთვარის კავშირის მატარებელი ძველქართული კერის მოდელთან და მის შესატყვის დამწერლობასთან, ერთი შეხედვით შეიძლება ხელოვნური ჩანდეს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ "კვირბი" (კერა) სახელად ერქვა მიწათმოქმედ და მჭედელ ქურუმთა დამწერლობას,  რომელთათვისაც ქურას და ცეცხლს ყველაზე საკრალური მნიშვნელობა ენიჭებოდა და რომელთა წრეშიც უნდა წარმოშობილიყო ალქიმია, თანაც ეს დამწერლობა ზურმუხტის ფირფიტასავით მყარ ფირფიტებზე ნაწერ ტექსტებს წარმოადგენდა, მაშინ შეიძლება დავუშვათ, რომ ამ მოვლენებს მართლაც ჰქონდა რაღაც საერთო. ასევე აღსანიშნავია, რომ ოქროს საწმისი, რომელიც ჰერმესის ფირფიტასავით, ალქიმიურ ფორმულებს შეიცავდა - "შუა ცეცხლივით" სატაძრო ტერიტორიის “ცენტრში” იყო მოთავსებული და “კვირბივით” ხეზე (სვეტზე) იდო.
  უძველეს რელიგიებში "ცენტრის” გამომხატველ სიმბოლოს  მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. ბევრი ხალხის რელიგიურ ტრადიციაში “ცენტრი” - კოსმიური მთის წვერია, ყველაზე წმინდა ადგილია იმ სივრცეში, რაც ადამიანს გარს აკრავს. თავად შესაქმის აქტი აქ ვითარდება, ანუ ქაოსი თავდაპირველად აქედან განიდევნება. ასევე წარღვნის წყლები - ქაოსის ექვივალენტი - ვერ წვდება ცენტრალური მთის მწვერვალს. მისტიკური ცენტრის გამომხატველია ასევე სამყაროს ღერძი - კოსმიური ხე. შუამდინარეთის ძველ კულტურებში ამ სიმბოლოს მთა-ზიკურატი შეესატყვისებოდა, რომლის ოთხკუთხა არქიტექტურულ ნაგებობას “ცენტრის” სიმბოლოში ოთხი მხარის ცნება შემოაქვს, რაც ასევე სამყაროს, ადამის ოთხი ელემენტისგან შექმნის იდეას ეხმიანება.
   სირიული ნაწარმოების “განძის გამოქვაბულის” მიხედვით, ადამი სწორედ დედამიწის ცენტრში შეიქმნა. იმავე ადგილას მოგვიანებით აღიმართა იესოს ჯვარი, (აქ გატარებულია აზრი, რომ ადამიანი და სამყარო “ჭიპთან” იქმნება, და ასევე ადამიანის ხსნა - ქრისტეს ვნების გზით მიღწეული - ამავე ადგილას, ანუ "ცენტრში" დაბრუნების წყალობით ხდება შესაძლებელი). სიმბოლურად ქრისტე სწორედ “ცენტრალურ", კოსმიურ ხეზე იქნა გაკრული, იგივე ხის ქვეშ იჭრება ატისიც და პრომეთეს მიჯაჭვის ადგილიც სწორედ კოსმიური მთაა.
   ამ სიმბოლოებთან კი ახლოს დგას დამწერლობა, რომელიც "შუა ცეცხლივით" ცენტრალურ მოვლენას განასახიერებს და როგორც მყარ მასალაზე დაფიქსირებული ინფორმაცია, ლოგოსის მნიშვნელობას ატარებს. ისიც ღვთაებასავით მიკრულია ხეზე და სახელად ჰქვია "დაბეჭდილი პური".
   
პურის კავშირი ხესთან და "შუა ცეცხლთან" განსაკუთრებით კარგად ჩანს, ქართულ ეთნოგრაფიულ მასალებში შემონახული შობა-ახალწლის დღესასწაულის აღსანიშნავი უძველესი რიტუალებიდან. ეს რიტუალები, რომელთა უმრავლესობა ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ტრადიციების ამსახველია, დატვირთული იყო მრავალფეროვანი მაგიური ხასიათის წეს-ჩვეულებებით. ყველა ქმედება მიმართული იყო უხვი მოსავლის მისაღებად და კეთილდღეობით სავსე მომავლის უზრუნველსაყოფად.
   შობის წინა საღამოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო კერაში კარგი ცეცხლის დანთება და ხორბლისგან ფაფის მოხარშვა. მოხარშული ხორბლის ქაფს გარეთ ხეებს წაუსვამდნენ - კარგი მოსავალი იქნებაო. ვახშმისთვის გამოაცხობდნენ სამ ჯვარდასახულ კვერს. მოხარშულ ხორბალს, კვერებს, ღვინოს გობში ჩააწყობდნენ და გობს მლოცველი ქალი ან კაცი კერის ცეცხლთან სამჯერ შეატრიალებდა და დაილოცებოდა.
   თუშეთში ოჯახის დიასახლისი აცხობდა პურებს ადამიანთა და შინაურ ცხოველთა გამოსახულებით, რომელთაც “სალოცავებს” ეძახდნენ. თითოეული ვაჟისთვის, ვინც იარაღს ატარებდა ან მოზარდთათვის, ცხვებოდა პატარა გახვრეტილი კვერები. მათ კერასთან სამამაცო (ანუ ცეცხლის მარჯვენა მხარეს, რომელიც მამაკაცებისთვის იყო განკუთვნილი) ადგილის თავზე დამაგრებულ ჩხირებზე წამოაცმევდნენ. ამ კვერების ჩამოღება არ შეიძლებოდა. ისინი ან თავად უნდა ჩამოცვენილიყო, ანდა თაგვს თუ კატას შეეჭამა. კერის პირას ნაცარში ჩასვამდნენ ანთროპომორფულ კვერს, ნისკარტივით წაწვეტებული თავით და ცერცვის მარცვლის თვალებს ისე გაუკეთებდნენ, თითქოს ფიგურა ჭერში იყურებოდა. იგი კერის მფარველი ღვთაების სიმბოლოს განასახიერებდა და სახელად "ნაცრის დედა" ერქვა. იგი კერის პირას რჩებოდა იქამდე, სანამ არ დაიწვებოდა ან კატა-თაგვი არ შეჭამდა.
   ხევში შობის ღამეს “ყორბოულობა” ღამეს ეძახდნენ. ცხვებოდა ერთი საკვლევი, სამი წმ. სამების პური, ორი ყორბოული (ქრისტეს პური) და თესლის პური. ყველა პურს გამოცხობის წინ ჯვრის ნაჭდევს გაუკეთებდნენ, მხოლოდ ყორბოულს ჰქონდა ჯვრის გამოსახულების საკუთარი საბეჭდავი. ყორბოულს და თევზს იმავე ღამეს ჭამდნენ. ბედისკვერებს და საკვლევს ახალწლისთვის ინახავდნენ, ხოლო თესლის პურს - საგაზაფხულო თესვამდე. (ყურადღება მივაქციოთ, რომ ყორბოული ორი ცხვება, მას საკუთარი საბეჭდავი აქვს, და თევზთან ერთად იჭმევა. თავად ტერმინი "ყორბოულობა", რასაც ქრისტიანულ ხანაში შობის დღესასწაულს უწოდებენ, წარმართობის დროიდან უნდა მომდინარეობდეს, როცა 25 დეკემბერს მზის "დაბადებას" ზეიმობდნენ, რადგან ეს დღე მზებუდობის დღედ იყო მიჩნეული.) 
   31 დეკემბერი საქართველოს ზოგიერთ კუთხეში ცნობილია კალანდობის სახელით. ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა და საახალწლოდ განკუთვნილ ხეს და მარხილით შეშას მოიტანდა. ქართლში საახალწლო ხე მუხა უნდა ყოფილიყო და სათარს ეძახდნენ. გუდამაყარში იფნის ხე მოჰქონდათ და მას ბებერა ერქვა. ამ ხეს ჩადებდნენ შუა ცეცხლში და დიასახლისი ზედ ბედის კვერებს გამოაცხობდა. სასურველი იყო საახალწლო ცეცხლი დიდხანს არ ჩამქრალიყო. ცეცხლში ჩადების წინ ბებერას თავში, შუაში და ბოლოში ჯვარედინად თაფლს და ერბოს წაუსვამდნენ, რის შემდეგაც, ბებერაზე ბიჭს გადასვამდნენ, რომელიც დაილოცებოდა.
   მთაშიც და ბარშიც ოჯახის ყველა წევრისთვის ცხვებოდა ბედის კვერები, ცხვებოდა კაცთ პური. პური ხარებისთვის, ძროხებისთვის, ცხვრებისთვის, წყლისთვის, ქათმებისთვის, სადღვებლისთვის, მეკვლისათვის, ბებერასთვის, რომელიც მთელს ოჯახს უნდა ეჭამა. ასევე ცხვებოდა დიდი სამეკვლეო კვერი. ხევსურეთში სამეკვლეოს სპეციალური საბეჭდავებით აჭრელებდნენ. მასზე გამოსახავდნენ ჯვარს, კაცს, სახნისს, ძროხას, ცხენს. თავთავს და ა.შ.  მეკვლე სამეკვლეო კვერს სამჯერ სახლში შეაგორებდა და თუ კვერი ჯვარწაღმა დაეცემოდა, ეს კარგი ნიშანი იყო. მეკვლე კერასთან მივიდოდა, მუგუზალს შეუჩინჩხლებდა და ნაპერწკლები რომ გასცვივდებოდა, ადამიანის და საქონლის გამრავლებაზე დაილოცებოდა.
   ამავე მოვლენათა რიგში შეიძლება განვიხილოთ საახალწლოდ გაკეთებული ხის ფორმის რიტუალური საგანი – ჩიჩილაკი, რომელიც სიმბოლურად სიცოცხლის ხეს განასახიერებს. ჩიჩილაკს წვერს ჩაუჩეხავდნენ ხოლმე და ჯვარედინად ჯოხებს ჩაასობდნენ, ზედ ყველით და კვერცხით შეზავებულ კვერს დადებდნენ. ამ შემთხვევაში თითქოს კვირბის კომპოზიცია მეორდება – ხე, სვეტი ზედ შემოდებული კვერით. იგივე სიმბოლოს უნდა განასახიერებდეს კვერთხიც, ძალაუფლების, მაგიურობის რეგალია, რაც ქართულ ენაში იშიფრება როგორც - კვერის ხე.
  
მაგრამ რას შეიძლება ნიშნავდეს “კვერის ხე” ანუ ხეზე შემოდებული კვერი? ქართულ ენაში სიტყვები: კვერცხი, კვერი, კვარი, ნაკვერცხალი და სხვ.  ყველა ცეცხლს, პურს, ნაყოფიერებას უკავშირდება. სწორედ ეს სიმბოლოები აისახა ქართულ წარმართულ რელიგიაში ყველაზე პოპულარული ნაყოფიერების ღვთაების - კვირიას სახელშიც.
   მითოლოგიური გადმოცემებით, კვირია მორიგე ღმერთთან ყველაზე დაახლოვებული ღვთაებაა. ის ღმერთის შიკრიკად გვევლინება, რომელიც ხალხს ღმერთის ნებას გადასცემს. “ხმელეთზე რაც ხდება, ყველაფერი მას ეკითხება”. მისი ეპითეტებია: “ხმელთ მოურავი”, “ღვთის კარზე მოარული”, “კარავიანი, რომელსაც სამწერლო აქვს გამართული”. (ნიშანდობლივია, რომ დამწერლობა სწორედ მას უკავშირდება). კვირიასგან ელიან სამართლიან გადაწყვეტილებას, შვილის შეძენას.
   “კვირა” ქართულ ენაში მზის დღეს აღნიშნავს, "კვირიაკე" ზოდიაქალურად მზის თვეა, მაგრამ “კვირა” ასევე შვიდ დღესაც გულისხმობს და კალენდარულ სიმბოლოსთან აქვს საერთო.
    საქართველოს უძველეს რელიგიებში სწორედ კვირია იყო ის ღვთაება, რომლის სახელზეც ეწყობოდა ნაყოფირებასთან დაკავშირებული საგაზაფხულო დღესასწაული. ფალიკური ნიშნით აღბეჭდილი ეს დღესასწაული რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა, რომელთა დასახელებაც ასევე ფალიკური სიმბოლოების მაჩვენებელია: “ადრეკილაი”, “საქმისაი”, “ტულეფია მელიაი”. ამას გარდა სრულდებოდა გარკვეული ტიპის საკულტო ცეკვები, რომელშიც შიშველი მამაკაცები იღებდნენ მონაწილეობას.
   დღესასწაულის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო კვირიას საგალობელი, რომლის ტექსტი სიძველის გამო უკვე დიდი ხნის დაკარგულად ითვლება. ეთნოგრაფიული ჩანაწერებით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ძველად საერთოდ ყველა დღესასწაული და სასოფლო ლოცვა, პირველად კვირიას ხსენებითა და საგალობლით იწყებოდა. “კვირიას საგალობელს რომ ამბობენ, ყველანი პირს აღმოსავლეთისკენ იზამენ. ეს საგალობელი ღვთის დიდი სავედრებელია და მისი წარმოთქმის დროს ყველა ქუდმოხდილია და პირჯვარს იწერს.”
   რადგანაც სახელი "კვირია" იგივე ფუძის შემცველია, რაც "კვირბი", თანაც კვირბივით კვირიაც წერასთან და დამწერლობასთან არის დაკავშირებული, ჩვენთვის საინტერესოა გაირკვეს, მაინც რაზე მღეროდნენ კვირიას საგალობლის დროს? 
  რადგან კვირა მზის დღეს შეესატყვისება, კვირიას სახელზე ჩატარებული საგაზაფხულო დღესასწაულები განახლებული ბუნების აღსანიშნავად ეწყობოდა და ნაყოფიერებას, გამრავლებას უკავშირდებოდა, ხომ არ მღეროდნენ ისინი ხელახლა დაბადებული, ამომავალი მზის, მარადიულობის სადიდებელს, რაც გაიაზრება განახლებით, ყოველ დილით აღდგენილი მზის ამოსვლით, დღის და ღამის მონაცვლეობით, თავად ბუნების კვდომა-აღდგინებით, გაზაფხულის ხელახალი გამარჯვებით ზამთარზე და ვლინდება იგივე ფუძის შემცველ კიდევ ერთ სიტყვაში “კვირტი”- ჩანასახი მზის, სიცოცხლის, რომელიც კვერცხიდან უნდა დაიბადოს. ქართული ბრინჯაოს სარტყელის კომპოზიცია კი თითქოს პირდაპირ ასახავს ამ სცენას: თევზის პირიდან გამოდის კვერცხი, საიდანაც მზე იბადება. თევზის პირიდან მზე იბადება, როგორც “სიტყვა”-ლოგოსი. როგორც შუმერული ფრაზა ღვთაების შესახებ ამბობს: “პურია ნათქვამი მისი, სიცოცხლეა სიტყვა მისი”ო.
  
 იმავე მოვლენათა რიგში შეიძლება განხილვა სიტყვისა “ხორბალი”, ძველქართულად “ხვარბალი”, რომელიც სავარაუდოა თავდაპირველად “ყვრბალი” ფორმიდან მომდინარეობს და თავისი თვისებებით სიმბოლურად ასახავს მისტერიებში წარმოდგენილ მცენარეულობის მომაკვდავ და მკვდრეთით აღმდგარ ღვთაებებს. ნიშანდობლივია ისიც, რომ ზოგი ცნობით ამ მისტერიების მიმდინარეობისას ინიცირებულებს "საზეიმო სიჩუმეში"'სწორედ ხორბლის თავთავს უჩვენებდნენ. ჰიპოლიტუსის ცნობით, მოჭრილი ხორბლის თავთავი ფრიგიელებისთვის ყველაზე დიდ საიდუმლოს წარმოადგენდა.
   მირჩა ელიადე წერს, რომ მისტერიების კულმინაციურ მომენტში ქურუმი აცხადებდა - მშვენიერმა დაბადა წმინდა ბავშვი, "ბრიმომ დაბადა ბრიმოსი", რასაც მოსდევდა ინიციაციის შემდეგი ეტაპი - "ეპოპტეია" (ჭვრეტა) - რომლის დროსაც მისტი ხდებოდა "ეპოპტი" (ის ვინც ხედავს). ამ დროს აქრობდნენ ჩირაღდნებს, იწეოდა ფარდა და გამოდიოდა იეროფანტი ყუთით ხელში. ის ხსნიდა ყუთს და იქიდან იღებდა ხორბლის მწიფე თავთავს. ამ მოვლენებთან დაკავშირებით ვ. ოტო წერს, რომ "თავთავი, გაზრდილი და დამწიფებული ზებუნებრივი სისწრაფით, წარმოადგენდა დემეტრეს საიდუმლოთა შემადგენელ ნაწილს, ისევე, როგორც რამდენიმე საათში გაზრდილი ვაზი, დიონისეს დღესასწაულის ნაწილი იყო. ამ ამბებში ეჭვს არ იწვევს მოვლენების სასწაულებრივი ბუნება..."
   ეს ყველაფერი ჩვენთვის იმითაც არის საინტერესო, რომ კოლხეთშიც არესის ველზე აიეტის ქმედების შედეგად მიწაში ხორბლის მსგავსად დაფლული კბილები, ისეთივე ზებუნებრივი სისწრაფით აღმოცენდებიან (მხოლოდ ამ შემთხვევაში გიგანტი მეომრების, ანუ მამაკაცების სახით), როგორც ეს ხდება კიბელეს, დემეტრეს მისტერიებში. ამდენად, აიეტის ქმედებაც, როგორც ირკვევა  მისტერიის საიდუმლოს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა, რომელთანაც ასევე უნდა ყოფილიყო დაკავშირებული დამწერლობა, რადგან ოქროს საწმისი - ნაწერი ტექსტი - სწორედ ამ ველზე ინახებოდა.
  
კვირბის (ყუერბის) მეორენაირი ახსნაც მიწათმოქმედებას უკავშირდება და ბოსტნის მარგს ანუ კვალს აღნიშნავს.
  გარდა სამეურნეო მიზნებისა, ანუ თავის  საკრალური ფუნქციით, რით არის საინტერესო ბაღი და ბოსტანი? ალბათ, პირველ რიგში წესრიგით, რაც ზოგიერთ ენაში კოსმოსის აღმნიშვნელია. მართლაც, ბოსტანი გარკვეულ რიგებად დაყოფილი, მოვლილი, დამუშავებული, დათესილი მიწის ნაკვეთია, სადაც ადამიანის ხელით უზუსტესი წესრიგი მყარდება; მისთვის უცხოა ქაოსი, იქ ვერ იკიდებს ფეხს სარეველა. ამ წესრიგის აუცილებელი პირობა გაყვანილი კვალია, რასაც ძველქართულში ყუერბი რქმევია.
   ყუერბი-კვალი ანუ “მარგი” დაკავშირებულია ტერმინთან “მემარგე”, ანუ ბაღის, ბოსტნის მომვლელი, მიწათმოქმედი, რომელიც გარდა იმისა, რომ მარგლავს, ასუფთავებს ნათეს-ნარგავებს, ასევე გეომანტი, მიწით ბედის მკითხავიც ყოფილა.
   ამ ტერმინით დაინტერესებული ივ. ჯავახიშვილი წერს, რომ “ ქართული სიტყვა მემარგე ს. ორბელიანს მერამლედ აქვს განმარტებული. შავთელის აბდულმესიაში კი ნათქვამია: იკითხვენ, სწერენ, თაყუმსა სჩხრეკენ, რამლს ჰკვრენ, არჩევენ ბედთა მათთაგანო. ამ ტექსტში რამლის კვრით წინასწარმეტყველების გარკვეული ფორმა, გეომანტიის ხელოვნება იგულისხმება, რომელიც მიწის ან ქვიშის ტყორცნის საშუალებით წარმოებდა. ამდენად მისნის აღმნიშვნელი "მემარგეც", იმ სიტყვა მარგი-საგან უნდა იყოს ნაწარმოები, რომელიც ბოსტნის კვალის სახელი იყო. ამავე სიტყვასთან ჩანს დაკავშირებული ნათესის ბალახისაგან გარჩევა-განწმენდის აღმნიშვნელი სახელზმნა მარგვლა. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ  მემარგე ადამიანის ბედ-იღბლის კვალის გამრკვევიც ყოფილა."
   სხვათა შორის, ქართულ მეცნიერებაში გამოითქვა აზრი, რომ სიტყვა “წერა” ქართულ ენაში თავდაპირველად მაგარ ნივთიერებაზე – ქვაზე, თიხაზე, ლითონზე ამოჭრის, ამოკვეთის მიმანიშნებელი ტერმინი უნდა ყოფილიყო და იმ ხანას უნდა განეკუთვნებოდეს, როდესაც საწერად სწორედ ასეთი მასალა გამოიყენებოდა.Aამის დამადასტურებლად მოჰყავთ ისეთი სიტყვები, როგორიც არის “წერაქვი”, “წერტილი” და სხვ. ს. ჯანაშიას აზრით კი “წერა” ასევე ხვნასაც ნიშნავდა. ეს მოსაზრებები თითქოს ადასტურებს კვირბებზე, როგორც მყარ მასალაზე წერის და თანაც ტექსტის “ბუსტროფედონით” გადმოცემის ფაქტს.
   მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული და ასევე წერის გამომხატველი მნიშვნელობით, არსებობდა სხვა სიტყვებიც: "ჭრა", “ჩხრეკა” და “ჩხიბვა”. ეს უკანასკნელი საბას ლექსიკონში “გრძნების შეკვრასაც” ნიშნავს, აქედან გამომდინარე “მჩხიბავი”-გრძნეულს. თუკი გავითვალისწინებთ, რომ “ჩხრეკა” ანუ “ქექვა” ერთდროულად თხრას და ძებნას აღნიშნავს, ხოლო “ჩხიბვა” –მაგიურ ქმედებას, მაშინ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოტანილი ტერმინები, როგორც დამწერლობის ან გამოსახულებათა შესრულების აღმნიშვნელი სიტყვები, მოიცავენ მაგიური ან საკულტო მიზნებით გამოსახულებათა გამოყვანის პროცესსაც.
   ამრიგად თუკი მემარგე ბოსტნის კვალის გამთხრელი, გამყვანი, ნათესის ბალახისგან გამწმენდი, ასევე მაგიურ მოქმედებასთან, მაგიური ფიგურების წერასთან, ადამიანის ბედის კვალის გაყვანასთან დაკავშირებულ პიროვნებად გვევლინება, ხოლო მის მიერ გასერილ, გაჭრილ, გახაზულ კვალს “ყუერბი” რქმევია და ეს ქმედება კი წერასაც აღნიშნავდა, ყოველივე ეს აუცილებლად უნდა უკავშირდებოდეს მიწათმოქმედების კულტს და მის წიაღში წარმოშობილ დამწერლობას.
   ამ მოვლენასთან მიმართებაში თიხის პატარა ფირფიტა, ანუ სველი მიწის ნაჭერი, რომელიც წარწერებით უნდა დაიფაროს, თითქოს ბაღ-ბოსტნის ნაკვეთთან და ამ ნაკვეთზე დამყარებულ წესრიგთანაა შედარებული. ეს წესრიგი გულისხმობს ხვნას, დაკვალვას, თესვას, გასუფთავებას, მორწყვას, აღმოცენებას და მოსავლის აღებას; ეს მოვლენები თითქოს გადატანილია იმ პატარა ფირფიტაზე, რომელიც ლერწმის კალმით ისერება, იღარება, იკვალება ასო-ნიშნების მეშვეობით, შიგ აზრი, ინფორმაცია ითესება, ხოლო შემდეგ, თუნდაც დიდი ხნის მერე, ხდება წაკითხვა-მოსავლის აღება.
   აიეტსაც, მაგიური მოქმედების დროს, გუთნით გაჰყავს კვლები, ყუერბები, და ამ საქმიანობისას იგი ხარებსაც შეაბრუნებს ხოლმე. ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ აიეტი “ბუსტროფედონით” წერს რაღაც ტექსტს, ხოლო მისი ადამანტის გუთანი ხომ არ არის რაიმე მაგიური ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ხდებოდა მაგარ ნივთიერებაზე ასოების ამოჭრა-გამოყვანა, თუნდაც ისეთ მასალაზე, როგორიც არის ზურმუხტის ფირფიტა?
   “კვირბებიც”, როგორც რუკები, რომლებზედაც ნაჩვენები იყო ზღვის და ხმელეთის საზღვარები, თავისებურ "დაკვალულ" ტერიტორიას მოიცავდა, რადგან გზის გაყვანა მიწაზე, წყალზე თუ თოვლში, კვალის გაყვანას ნიშნავს. ქართული მეკვლეობის ტრადიციაც ამ მოვლენებში შეიძლება განვიხილოთ: საახალწლოდ გამომცხვარ ჯვარდასახულ, სხვადასხვა ნიშნებით დაჭრელებულ  კვერს მეკვლე სახლში შეაგორებდა და იტყოდა; “ჩემიმც კვალ კაზე დაგიჯდებით, პურიანი, წულიანი, სახლსარგებლიანი, ერთ ეს წელი, ათი ათას სხვაი კარგად ყოფისა, კაცისა და საქონლისა”-ო. ამ შემთხვევაში შემოგორებული კვერი, რომელიც ახალი წლის მოვლენათა კვალის გამჭრელია, კალენდარული არსის, ერთი წლის წრიული ციკლის  გამოვლინებაა და დროის ბორბალს განასახიერებს. ამდენად იგი თავის თავში ზოდიაქალურ ნიშნებს მოიცავს და სიმბოლურად ცის "რუკად" გვევლინება.
   საინტერესოა, მაინც როგორ უნდა გამოიყურებოდეს წარწერებით დაფარული კვირბები? რადგან "ყორბაული" დაბეჭდილ კვერს ერქვა, უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ დამწერლობის ერთ-ერთი ვარიანტი თიხის ფირფიტაზე ბეჭდით ნაბეჭდ ტექსტს განასახიერებდა, რომელსაც "ცენტრი" ცეცხლის, მზის შესატყვისი ნიშნით აღენიშნებოდა.
   რადგან საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი დამწერლობის ნიმუშები ჯერ აღმოჩენილი არ არის, ხოლო დამწერლობა კვირბი კრეტა-საბერძნეთშიც იყო ცნობილი, იქნებ ბერძნულ არქეოლოგიურ მასალებში მოიპოვებოდეს მისი ნიმუში? ერთ-ერთი ასეთი ფირფიტა მართლაც არის ცნობილი. ის არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კრეტაზე, ფესტოსის სასახლეში A ხაზოვან წარწერებთან ერთად და ცნობილია ფესტოს დისკოს სახელით.
   სპეციალისტების აზრით, ფესტოს დისკო დამზადებულია არაკრეტული, ძალიან მაღალი ხარისხის თიხისგან, რაც მიანიშნებს მის იმპორტულობას. იგი ერთი შეხედვით მართლაც ქადას, ნამცხვარს, კვერს წააგავს. ტექსტის გადმოსაცემად გამოყენებულია 45 ნიშანი, ხოლო წარწერები დაბეჭდილია სპეციალური საბეჭდავით, ანუ შეიძლება ითქვას, რომ ეს არის პირველი ნაბეჭდი ტექსტი, რომელიც ძვ. წ. 1600 წ. თარიღდება. იმ დროს, როცა უკვე არსებობდა გარკვეული სახის ასო-ნიშნები, ამ ტიპის რეალისტური ნახატის გამოყენება ტექსტის გადმოსაცემად ცოტა უცნაურია. ხომ არ არის ეს რაიმე საიდუმლო შიფრი და თავად დამღა-ნიშნებით დაბეჭდვა, ტექსტის საიდუმლი ხასიათზე ხომ არ მიანიშნებს?
   მეცნიერებისთვის ჯერჯერობით იდუმალებით არის მოცული ფესტოს დისკო. მათ ვერაფერი გაუგეს ამ დამწერლობას. მართალია გამოთქმულია ბევრი ვარაუდი ტექსტის შინაარსთან დაკავშირებით, მაგრამ ნაწერი მაინც გაუშიფრავი რჩება.
  კრეტის ცივილიზაციის აღმომჩენი არტურ ევანსის მოსაზრებით, ფირფიტის ტექსტი სამხედრო ხასიათისა ჩანს და ომის ღვთაებასთან უნდა იყოს დაკავშირებული, ან გამარჯვების ჰიმნს წარმოადგენდეს.
   რამდენად ესადაგება ეს მოსაზრება ტექსტის შინაარს, ძნელი სათქმელია, მაგრამ წრიული და მოწითალო ფერის ფირფიტა, სავარაუდოდ ყველაზე მეტად მართლაც არესთან (მარსთან) - წითელ პლანეტასთან უნდა იყოს ახლოს. თანაც წარწერები ცენტრიდან სპირალურად ვითარდება, სპირალი კი თავის ფორმით ყველაზე მეტად ვერძის რქებს წააგავს. (სხვათა შორის უძველეს მოლუსკებს - ამონიტებს, რომლებიც ზუსტად იმეორებენ ფესტოს დისკოს მოხაზულობას, სახელი ვერძ ამონის გამო შეარქვეს.) დისკოზე გამოსახული რამდენიმე ფიგურა გაშლილ ტყავებს ესადაგება, კოლხეთში კი, როგორც ვიცით, ვერძის ტყავი სწორედ არესის ჭალაში ინახებოდა.
   არესი მცირეაზიული წარმოშობის, ბერძნებისთვის უცხო ღვთაებად ითვლება, სამაგიეროდ იგი მეტად ახლობელი იყო კოლხებისთვის, ასევე ხალიბებისთვის, რომლებიც მის შთამომავლებად მიიჩნეოდნენ და რკინის მეტალურგიაში დაწინაურებული ადგილი ეკავათ.
   რადგან ფესტოს დისკოზე აღნიშნულია ცენტრი, თანაც მზის შესატყვისი ვარდულის სახით, რაც ასევე ცეცხლსაც გამოხატავს, თანაც ფირფიტა მსგავსად უძველესი კერებისა, მრგვალია და თიხისგან არის დამზადებული, რადგან ფირფიტა მარსივით წითელი დისკოა და მასზე ტექსტი ვერძის რქასავით დახვეული სპირალის ფორმით ვითარდება, ხომ არ არის ეს ფირფიტა კვირბი, ანუ ოქროს საწმისის შესატყვისი ნივთი?
   თუ კარგად დავაკვირდებით ფირფიტას, ნახატებით აჭრელებულ სპირალში, დახვეულ გველსაც ამოვიცნობთ, ანუ შეიძლება ითქვას, რომ მასზე დაფიქსირებული ინფორმაცია, რაღაც ცოდნა, გველის სხეულსაც განასახიერებს. ეს იდეა კი თავის მხრივ, ზოგიერთ ძველ რელიგიურ ტრადიციას ეხმიანება. მაგ. კლიმენტ ალექსანდრიელის ცნობით, ბაკხური ორგიების მთავარი ნიშანი დახვეული გველი იყო. ამ სიმბოლოს ასევე მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა გნოსტიკური მიმდინარეობების - ოფიტების და ნაასენთა მოძღვრებებში.
   რადგან წარწერებით ფირფიტის ორივე გვერდია დაფარული, ანუ მას გააჩნია ცნებები "წაღმა" და "უკუღმა", ამდენად სპირალებიც შესაბამისად, მაღლა და დაბლა მოძრაობას გულისხმობს.
   თუ ჩვენ ამ სპირალს "გავშლით", შემდეგ სურათს მივიღებთ: მზიდან (ცენტრიდან) დაშვებული სვეტი, რომელიც მიწისქვეშა წყლებში იშლება, ან მიწისქვეშა წყლებიდან ამოზრდილი ხე-ომფალოსი, რომელიც მზის, ვარსკვლავის, პლანეტის გამომხატველი კვირბით ბოლოვდება, და რომელსაც უძველესი საიდუმლოს სიმბოლო, ასევე ჰერმესის ჯადოსნური კვერთხის სიმბოლო - გველი შემოხვევია. მაგრამ ამავე დროს მივიღეთ ოქროს საწმისის მოდელიც - ხეზე შემოდებული მბზინავი ნივთი და ამ ნივთის მცველი, ხეზე შემოხვეული მარადფხიზელი გველეშაპი.
   ფირფიტის ტექსტი თავისებურ ლაბირინთადაც გვევლინება, სადაც "ცენტრში" მისასვლელი გზა თვალნათლივ არის მოცემული. ამ თვისებით ის არიადნეს გორგალის სიმბოლოს ემსგავსება, ანუ "გაკვალულ სივრცეს", ორიენტირს, თავისებურ "რუკას" განასახიერებს, რაც მას ერთხელ კიდევ კვირბის მნიშვნელობას ანიჭებს.

ე. ქ.

(ფრაგმენტები  წიგნიდან)

Copyright © 2004  გამომცემლობა "სანი".

15 Dec 2011

თეოგნოსტა

ერთი შეხედვით უცნაურად გამოიყურება, ის ფაქტი რომ ქართლში ქრისტიანობის გამავრცელებელი ქალია, თანაც ეს ქალი ქადაგებასთან ერთად, ნათლობის რიტუალს ატარებს და კურნავს ავადმოყოფებს. მაშინდელი ქრისტიანი მამები სასტიკად ეწინააღმდეგებოდნენ ქალების მონაწილეობას ეკლესიურ საკითხებში.  II-III საუკუნეების მიჯნაზე რომაელი ქრისტიანი მოღვაწე ტერტულიანე წერდა: “ქალს არა აქვს უფლება ილაპარაკოს ტაძარში. ნათლობის რიტუალი, წირვა, ან რამე მამაკაცის მოვალეობის მსგავსი ჩაატაროს, და ყველაზე მეტად ეკრძალება მღვდლის ფუნქცია შეითავსოს... ერეტიკოსები, როგორ ბედავენ, არ ყოფნით, რომ უსირცხვილოდ იქცევიან, ასწავლიან და დისკუსიაში ერთვებიან, ახლა უკვე ეშმაკსაც განდევნიან, ავადმყოფებს კურნავენ და შესაძლოა ნათლობასაც კი ასრულებენ”.
    იუდაურ-რომაული დოგმებისგან განსხვავებით, რომლებიც მოსეს კანონს ეფუძნებოდა, ქალისადმი სრულიად საპირისპირო დამოკიდებულებას ვხვდებით გნოსტიკურ წრეებში. ეგვიპტეში, სადაც ყველაზე დიდი გნოსტიკური მიმდინარეობა არსებობდა, კოპტურ ენაზე VI საუკუნეში ჩაწერილი ლეგენდაა ნაპოვნი, რომელიც ზუსტად ემთხვევა ქართულ ლეგენდას წმ ნინოზე. კოპტურ ტექსტში  ამ ქალს უცნაური სახელი “თეოგნოსტა” ჰქვია. ეს ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს – “ის, ვინც ღმერთი შეიმეცნა” – ანუ ამ ტერმინში პირდაპირ გნოსტიკური ფორმულაა მოცემული. ამ მიმდინარეობასთან სიახლოვეზე მიანიშნებს ის ფაქტიც, რომ ქართული და კოპტური ლეგენდით – ის “ტყვე ქალია”.
სწორედ გნოსტიკოსებმა გადმოგვცეს ალეგორიული მითი დატყვევებული ღვთაებრივი ქალური პრინციპის – სოფიას  (სიბრძნის) შესახებ. მათი მოძღვრების თანახმად – სოფია ღმერთის არსიდან გამომავალი პირველი პრინციპი იყო, რომელიც სისრულიდან დაეშვა ძირს – ქაოსში -  მისი ბუნებისთვის სრულიად უცხო გარემოში, სადაც სიბნელის და უმეცრების ტყვეობაში აღმოჩნდა და საშინლად იტანჯებოდა. ამ მდგომარეობაში ის არქონტებმა დაიჭირეს, მისი დამცირება მოინდომეს და ფიზიკურ სხეულში დაამწყვდიეს. ამისგან სისრულე ვეღარ იქნა სრულყოფილი, ამიტომაც მამამ გამოაგზავნა ვაჟი, რომელსაც უნდა ეხსნა სოფია. სოფიამ დაინახა ზეცაში კაშკაშა შუქით შემოსილი ლოგოსი, სიბნელეში გამოღვიძებული, გამოფხიზლდება და სინათლის მიმართულებით იწყებს ისევ ასვლას თავის პირვანდელ სამყოფელში.
    ამ მოძღვრების თანახმად ხსნა – ინდივიდუალურ, პიროვნულ დონეზე ხდება: ადამიანი, რომელიც ხვდება რომ მისი ცნობიერება წარმოიშვა პირველადი სისრულიდან და გაემართა ქაოსისაკენ, გრძნობს ერთის მხრივ გაუცხოებას, ხოლო მეორეს მხრივ კავშირს უფრო მაღალ ტრანსცედენტულ “მესთან”, ამ გაორებულ მდგომარეობაში მყოფი, ის გნოსისის შეცნობით ახერხებს პირვანდელი სრულყოფილების დაბრუნებას.
   ეს მითი ძველი აღთქმის ტექსტებისადმი კრიტიკულად განწყობილ წრეებში უნდა წარმოშობილიყო, რადგან ის უპირისპირდება სამოთხის ბიბლიურ ინტერპრეტაციას, სადაც ადამინის ტანჯვა პირველი ქალის მიერ ცოდნის მიღებამ გამოიწვია. ეს კრიტიკა სწორედ გნოსტიკოსებმა მოგვცეს, რომლებიც ამტკიცებდნენ რომ “პირველ” წყვილს არანაირი ცოდვა არ ჩაუდენია, და ადამინის ტანჯვაც იმით არის განპირობებული, რომ სამყარო (შესაბამისად ადამიანიც) თავიდანვე ხარვეზით შეიქმნა დემიურგის მიერ და მისი გამოსწორებაც მხოლოდ გარკვეული ცოდნის შეძენით შეიძლება და ხსნაც სწორედ სიბრძნის მიღების ამ პროცესშია დაფარული.
     იყო თუ არა ადრეული ქართული ეკლესია მართლაც გნოსტიკური და წმ ნინოსაც ჰქონდა თუ არა ალეგორიული სიახლოვე სოფიასთან - ამაზე გარკვეულ მინიშნებას “ქართლის ცხოვრებაში” ვხვდებით: - მას შემდეგ რაც წმ ნინომ მცხეთაში ქრისტიანობა იქადაგა, გადაწყვიტა ეკლესია აეშენებინა: “მოჰკუეთა ნაძვი და მისგან შემზადნა შვიდნი სუეტნი ეკლესიისანი”.   
    საინტერესოა, შვიდი ბოძის ეს სიმბოლო რას შეიძლება გამოხატავდეს და მცხეთაშიც პირველი ქრისტიანული ეკლესია რის მიხედვით შენდება? ამის პასუხს სოლომონის იგავების ტექსტში შევხვდებით, სადაც წერია რომ სიბრძნემ (სოფიამ) გათალა შვიდი ბოძი და აღმართა თავისი ტაძარი, ანუ ნინო ამ შემთხვევაში მართლაც გვევლინება სოფიას როლში, რომელიც სიბრძნის ტაძარს აშენებს.
    აღმართა ექვსი სვეტი, მაგრამ მეშვიდე მშენებლებს არ ემორჩილებოდა: “და ვითარ აღაშენეს კედელი იგი ძელითა, და აღმართნეს ექუსნი იგი სუეტნი, სუეტი იგი უდიდესი, რომელი საკვირველ იყო ხილვითა, საშუალ ეკლესიისა შესაგდებელად განმზადებული, ვერ შეძლეს აღმართებად მისა.” ღამით, როცა ყველას ეძინა, წმ ნინოს გამოეცხადა ცეცხლით შებურვილი (მანათობელი) ყმაწვილი: “რომელმაც რქუა რამე სამნი სიტყვანი", აიტაცა ბოძი და შემდეგ ზევიდან ცეცხლის სახით თავის ხარიხაზე დაუშვა.
    უცნაურია, მაგრამ ამ ეპიზოდშიც გნოსტიკური მითის მსგავსი მოვლენაა დაფიქსირებული, ღამით, სიბნელეში მყოფ წმ ნინოს – სოფიას მსგავსად - მანათობელი ჭაბუკი ეცხადება, რომელიც მას განსაცდელისგან დაიხსნის.
    მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ფაქტორი - წმ ნინოს ქართლში წამოსვლა - ქრისტეს სამოსის ძებნითაა განპირობებული: ქართლში მოსვლამდე ის “მსახურებდა ნიაფორსა დვინელსა ორ წელ, და ჰკითხვიდა ყოვლადვე ვნებათა მათთვის ქრისტესთა.. - სადა არს ჩრდილოსა იგი ქვეყანა, სადათ მოსრულთა მათ ჰურიათა წილ ხუდა და წარიღეს სამოსელი იგი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი?.. მიუგო და რქუა სარა ნიაფორმან: არს აღმოსავლეთით ქალაქი სახელით მცხეთა, ქვეყანა ქართლისა..”
    წმ ნინოს მიერ აშენებული ეკლესიაც იმავე სამოსის დაფარვის ადგილას ფუძნდება. ეგვიპტეში ნაპოვნი გნოსტიკური კოპტური ტექსტის “პისტის სოფია” თანახმად კი, დატყვევებული სოფიას სიბნელიდან დახსნა ქრისტეს სამოსს უკავშირდება. “ჩავიცვი ჩემი სამოსი და ზედ ხუთი სიტყვით დაწერილი საიდუმლო ვიპოვე, რომელიც ზეცას ეკუთვნის. შემდეგ ავედი ზეცაში, და ვიპოვე პისტის სოფია, მეცამეტე ეონის ქვემოთ მყოფი. ის მარტოდმარტო იჯდა ამ სამყოფელში, მწუხარე და სევდიანი, რადგან არ წაიყვანეს მისთვის განკუთვნილ ადგილას ზეცაში. ის ასევე წუხდა იმ ტანჯვის გამო, რომელიც მიაყენეს. და როცა პისტის სოფიამ განუზომლად მოკაშკაშე შუქით შეცვლილი დამინახა და შემიმეცნა, ძალიან დაიბნა; ჩახედა რა ჩემი სამოსის შუქს, -  მასზედ საკუთარი სახელის საიდუმლო ამოიკითხა...” 
     აქ გადმოცემული ამბავი, ასევე უცნაურად წააგავს იმ მეფის იდუმალ სიზმარს, რომლის ქალაქშიც წმ ნინო მოდის. ბნელ საკანში ჩაკეტილი ფარნავაზი დედამიწაზე დაშვებულ მანათობელ შუქს გამოყავს გარეთ. იქ სადაც ფარნავაზს ღამით “მზე” ეცხადება, რომელიც იხსის საკნიდან (ფიზიკური სხეულის ალეგორია), იმავე ადგილას წმ ნინოსაც, ღამის სიბნელეში, მანათობელი ჭაბუკი ეცხადება და იხსნის განსაცდელისგან. ისე გამოდის რომ ფარნავაზიც და ნინოც ერთი და იმავე ადგილას, ერთი და იმავე ინიციაციას გადიან, ანუ მიუხედავად იმისა, რომ წმ ნინო არმაზის კერპს ანადგურებს, მასა და ფარნავაზს შორის რაღაც ფარული კავშირი არსებობს
      წმ ნინოს მოღვაწეობის შესახებ არსებულ ძველქართულ ტექსტებში არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ამ ტექსტებში აქცენტი ყველგან მარიამ მაგდალინელზეა: ”ფრიად უყუარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარადის ისმენნ მისსა სიბრძნესა ჭეშმარიტსა”. ქრისტეს აღდგომის საიდუმლოს ერთადერთი მოწმეც მარიამია - “ჰრქუა მარიამ მაგდალენელსა იესუ: წარვედ, დედაკაცო, და ახარე ძმათა ჩემთა”. პატარა ნინოს კი თავისი მამა ასე არიგებს - “შენ მაგდალინელისა მარიამის შური აღიღე სიყუარულისათვის ქრისტესისა და დათა მათ ლაზარესთა”. (მოქცევაი ქართლისაი). ასევე მეორე ძველქართულ ტექსტში, სადაც ქართული ენა ლაზარესთან იგივდება, წმ ნინოსთან ერთად სწორედ მარიამი და მართა არიან ნახსენები.
    XX საუკუნეში ეგვიპტეში აღმოაჩენილი “გნოსტიკური ბიბლიოთეკის”, ტექსტებიდან მართლაც გახდა ცნობილი, რომ იესოსთან ყველაზე დაახლოებული სწორედ მარიამ მაგდალინელი იყო, რომელსაც ის სხვა მოწაფეებისგან გამოარჩევდა, მეტად უყვარდა და თავისი მოძღვრების ყველაზე დიდი საიდუმლოც მას გაანდო. ფილიპეს სახარებაში კი მარიამ მაგდალინელზეა ნათქვამი, რომ ის ღვთაებრივი სიბრძნის – სოფიას განსახიერება იყო.
   კიდევ ერთი საინტერესო ფაქტია – როცა ქართულად იწერება წმ ნინოს ცხოვრების და მოღვაწეობის ისტორია, დაახლოებით იმავე პერიოდში ჩნდება წერილობითი ტექსტებიც მარიამ მაგდალინელის გალიაში ჩასვლის და მის მიერ იქ ქადაგების შესახებ. ამაზე VII_VIII სს მიჯნაზე მცხოვრები მაინცის ეპისკოპოსი რაბან მაარი წერდა თავის წიგნში, ხოლო გენუის ეპისკოპოსი ჯაკოპო დე ვორაჯინი მარიამთან ერთად მარსელში მართას და ლაზარეს ჩასვლის ისტორიასაც გვიყვება: “წმ მართა, იესოს სახლის გამგებელი, სამეფო ოჯახში დაიბადა. მის მამას სარიემი ერქვა, დედას კი ევქარია. მამამისი წარმოშობით სირიიდან იყო. მართამ თავის დასთან ერთად დედისგან მემკვიდრეობით მიიღო ციხე-სიმაგრეები: მაგდალში, ბეთლემში და იერუსალიმში. ჩვენი უფლის ამაღლების შემდეგ, როცა მოციქულები სხვადასხვა ქვეყნებისკენ გაემართნენ, მართა თავის ძმასთან ლაზარესთან, მარიამთან და წმ მაქსიმესთან ერთად, ხომალდზე ავიდნენ და უფლის შეწევნით მშვიდობით მიაღწიეს მარსელის სანაპიროს. იქიდან ექსის მიმართულებით დაიძრნენ და გზადაგზა ადგილობრივ მცხოვრებლებს თავის რწმენაზე მოაქცევდნენ.”
    თუკი დასავლური ლეგენდებით ფრანგების მოქცევა მარიამს, მართას და ლაზარეს უკავშირდებათ, “ქართლის ცხოვრების” ტექსტის თანახმად ფრანგებს წმ ნინოს მამამ – ზაბილონმა უქადაგა ქრისტიანობა და მონათლა ისინი. ზაბილონი პატარა ნინოსაც სწორედ მარიამ მაგდალინელის და ლაზარეს დების მიბაძვისკენ მოუწოდებს, ანუ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ წმ ნინოსთან დაკავშირებული ქართული ტექსტები ალექსანდრიულ და სირიულ გნოსტიკურ წრეებს რაღაც სახით უკავშირდება, რომლის ტრადიციის გაგრძელებას შემდეგ უკვე საფრანგეთში შევხვდებით.

ე. ქ.

Copyright © 2011