27 Nov 2010

ასომთავრული – ჰერმეტიკოსების დამწერლობა

ქართული ასომთავრული ანბანის სტრუქტურა სხვა ანბანებისგან ერთი უცნაური თავისებურებით გამოირჩევა: ასოების მოხაზულობაში არსად არ არის გამოყენებული ირიბი ხაზი (ერთის გარდა). ყველა ასო ვერტიკალზეა აგებული და მართი კუთხის წრეწირთან შეერთების (ან მონაცვლეობის) პრინციპითაა  შექმნილი _ ანუ, მისი ფორმები გამოკვეთილად კვადრატული და წრიულია. ამ გეომეტრიული ფორმების მისაღებად კი გონიოს და ფარგლის გამოყენებაა საჭირო. ორივე ეს ინსტრუმენტი უძველესი დროიდან მოყოლებული, ქვისმთლელი-არქიტექტორების სიმბოლოა. ასომთავრული ანბანით შესრულებული ძველი წარწერებიც, უფრო მეტად ქვებზეა ამოკვეთილი და ტაძრების კედლებზეა განთავსებული, რაც მშენებელთა ორგანიზაციასთან კავშირზე მიუთითებს.
     იოანეს გადაშლილ სახარებაზე დადებული შეერთებული გონიო და ფარგალი, მასონური ორგანიზაციების ემბლემას წარმოადგენს. იოანეს სახარება ლოგოსთან დაკავშირებული ინფორმაციით იწყება და შესაქმისეული აქტისას მის შემოქმედებით ძალას გადმოგვცემს. საინტერესოა, რომ სწორედ იოანეს სახარებაშია მოთხრობილი ლაზარეს ისტორიაც, რომელიც ძველქართულ ტექსტში ქართულ ენასთან და დამწერლობასთან არის გაიგივებული.
      ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი.
არსებობს ერთადერთი წერილობითი წყარო, სადაც წერია, რომ ანბანი ძვ.წ. IV_III საუკუნეების მიჯნაზე მეფე ფარნავაზმა შექმნა. ამ ფაქტთან დაკავშირებით მემატიანე ლეონტი მროველი წერს, რომ “ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. მან განავრცო ენა ქართული და შექმნა მწიგნობრობა ქართული”.
      თუკი ქართული ანბანი მართლაც ქრისტიანობამდეა შექმნილი, ის რომელიმე წარმართული კულტის ქურუმთა წრეში უნდა წარმოშობილიყო; ამიტომაც თავად ანბანის სტრუქტურაში შეიძლება ვეძებოთ ის რელიგიურ-კულტურული მიმდინარეობა, რაც მისი შექმნის ეპოქისთვის იქნებოდა დამახასიათებელი და შესაბამისად, ამ დამწერლობის ხასიათშიც აისახებოდა.
      სულხან საბას ლექსიკონში სიტყვა “გონი” (იგივე გონიო) განმარტებულია, როგორც “კერპი ამართული”. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კერპები – ძველი მენჰირები - თევზის ფორმის ქვის სვეტებია. ქართული ანბანის ასოების ვერტიკალზე აგებაც, ამ სვეტების კულტის გამოძახილად, შეიძლება ჩაითვალოს რაც ქართულ მითოლოგიაში “კალმახის” პიროვნებაში გამოიხატა. ეს ის თევზია, რომელიც თავის ქცევით ზესწრაფვის სიმბოლოს განასახიერებს. ქართული არქიტექტურაც ამ თვისებით გამოირჩევა. ამის დამადასტურებელია სვანეთში, ხევსურეთში, თუშეთში, კახეთში შემონახული კოშკები, ქართული ქრისტიანული ეკლესიების გუმბათის გრძელი ყელი, “სვეტიცხოველის” სახელი, მასთან დაკავშირებული ლეგენდა და ა.შ.
      მშენებლების გარდა, ფარგალი და გონიო დიდ როლს თამაშობს ალქიმიურ სიმბოლიზმშიც. ურობოროსის ცენტრში გამოსახული შეერთებული ეს ორი ინსტრუმენტი, განასახიერებს დროის მარადიული ბრუნვის შუაგულში მოქცეულ .ცის და მიწის კავშირს, სადაც ფარგალი – ზედა სფეროს - კოსმიურ სულს გამოხატავს, ხოლო გონიო  – მატერიას. მათი ჰარმონიული შერწყმით მიიღება პირველკაცი – ადამი. ამიტომაც, ალქიმიურ ნახატებში ეს საგნები ალქიმიურ ანდროგინს უჭირავს ხოლმე ხელში. ეს არის ორსქესიანი არსება – “რებისი” – რომელიც თავის თავში ორ საწყისს – ქალურს და მამაკაცურს აერთიანებს. ალქიმიკოსებისთვის იგი პირველადი მატერიის აღმნიშვნელია და სიმბოლურად “მზის” და “მთვარის” სინთეზად გაიაზრება. ამ შემთხვევაში გონიო მთვარის და ვერცხლის ნიშანია, ხოლო ფარგალი – მზის, ანუ ოქროს აღმნიშვნელი. აქედან გამომდინარე, ეს ანდროგინული სიმბოლო ორი ნივთიერების ნაერთსაც განასახიერებს, რაც კარგად არის ცნობილი ქართულ მითოლოგიაში. ამირანის მითში ნათქვამია, რომ როდესაც პატარა ამირანი “ზღვიდან ამოვიდა, წელს ზევით ოქროსი იყო, ხოლო წელს ქვევით ვერცხლის. მას ერთ მხარეზე მზის სურათი ჰქონდა, მეორე მხარეს კი მთვარის”. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს წყლიდან ამოსული ბიჭი - კალმახის ვაჟია, ხოლო მათი ისტორია პირდაპირ ასახავს ალქიმიურ ოპერაციებს.
“მზის და მთვარის ქორწინების" იდეა ასევე გადმოცემულია ჰერმესის "ზურმუხტის ფირფიტის” სახელით ცნობილ უძველეს ალქიმიურ ტექსტშიც, სადაც წერია, რომ “ერთიანი არსის” ანუ ფილოსოფიური ქვის მამა არის მზე, ხოლო დედა _ მთვარე. ხელოვნებაში ეს თემა ორი ერთნაირი ფიგურის სახით გვხვდება, რომლებიც სამყაროს ცენტრის – სიცოცხლის ხის - ორივე მხარეს დგანან და ერთნაირი ფორმის მიუხედავად, შინაგანად სრულიად განსხვავებულ ცნებებს - სინათლეს და სიბნელეს, სიცხეს და სიცივეს, ცეცხლს და წყალს, მარჯვენას და მარცხენას - აღნიშნავენ.
      ძალიან საინტერესოა, რომ დავათის სტელაზე გამოსახული ასომთავრული ანბანიც, სიცოცხლის ხის მსგავსად, ასეთივე ორი ერთნაირი ფიგურის ცენტრშია მოთავსებული. გამოითქვა მოსაზრება, რომ ანბანის შემცველ ეტრატს, რომელიც ფიგურებს ხელში უჭირავთ, თევზის ფორმა აქვს. ისიც საინტერესოა, რომ ეს გამოსახულება ქვის ოთხკუთხა სვეტზეა ამოკვეთილი, ეს სვეტი კი ეკლესიის კედელში ჩაშენებული და რატომღაც დამალული ყოფილა.
      დავათის ტაძრის სვეტის მსგავს სტელებს საბერძნეთში “ჰერმებს” უწოდებდნენ. ეს სვეტები ჰერმესის კულტს უკავშირდებოდა და ისინი ლოგოსის სიმბოლოდ მიაჩნდათ. ჰერმესი ძველად სხვადასხვა მეცნიერების გამომგონებლად, ასტრონომიული და ალქიმიური ტრაქტატების ავტორად ითვლებოდა. მოთოლოგიური ტრადიციითაც, ძველ ხალხებში დამწერლობის შექმნა და გავრცელება ჰერმესს მიეწერებოდა.
      იამბლიქოსი წერს, რომ “ღმერთი ჰერმესი, სიტყვის მბრძანებელი, ძველი დროიდან მოყოლებული ერთადერთია, ვინც ღმერთების შესახებ ჭეშმარიტი ცოდნის სათავეში დგას. ჩვენი წინაპრები მას მიაწერდნენ სიბრძნის აღმოჩენას და ყველა თავის ნაწარმოებსაც ჰერმესის სახელით აწერდნენ ხელს. სწორედ ჰერმესის ძველი სტელების წაკითხვის შემდეგ შეიმუშავეს საკუთარი ფილოსოფია პითაგორამ და პლატონმა”.
      მასონურ და ალქიმიურ ტრადიციებსაც ჰერმესის კულტი დაედო საფუძვლად. მ.პ. ჰოლი წერს, რომ “ყველა ხელოვნების ოსტატი, ყველა ხელობის მცოდნე, სამი სამყაროს გამგებელი, ღმერთების მწერალი და სიცოცხლის წიგნის შემნახავი, ჰერმეს თრისმეგისთი, ძველი ეგვიპტელების მიერ უნივერსალური გონის განსახირებად იყო მიჩნეული. ამ ღმერთს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა მასონი სწავლულებისთვისაც, რადგან სწორედ ჰერმესი ითვლებოდა ხელდასხმის იმ რიტუალების ავტორად, რომლებიც მასონებმა მისივე მისტერიებიდან ისესხეს. ამიტომაც, თითქმის ყველა მასონური სიმბოლო თავის ხასიათით ჰერმეტიულია.”
      ალქიმიაშიც პირველადი მატერიის, ანუ ანდროგინული “რებისის”  სიმბოლო თავად ჰერმესია და “სიცოცხლის ხეც” მასვე შეესატყვისება. ნიკოლა ფლამელი წერს, რომ “მერკური არის ხე ყველა ლითონისთვის – სრულყოფილისთვის, და მათთვისაც რომლებსაც ჩვენ არასრულყოფილს ვუწოდებთ; ის ერთადერთი ზრდის და კვებავს მათ, ხოლო ამ ხის მბრწყინავი ნაყოფი - მზე და მთვარეა”.
     ეგვიპტეში ჰერმესი თოთთან იყო გაიგივებული. მართალია, თოთი მთვარის ღმერთს განასახიერებდა, მაგრამ ამავე დროს მზის ღმერთის გულად ითვლებოდა. მისი წმინდა ფრინველი იყო იბისი, რომლის მოფრენაც ნილოსის ადიდების პერიოდს უკავშირდებოდა. ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ თოთი მართავდა ყველა ენას, ეგვიპტის არქივები და ბიბლიოთეკები მისი მფარველობის ქვეშ იმყოფებოდა. იბისისთავიანი თოთი გამოისახებოდა კალმით და საწერი დაფით ხელში, ხოლო თავზე ახალი მთვარის ფორმის თავსაბურავი ეხურა. სწორედ თოთის ეპითეტი იყო “კვადრატული და წრიული”, ანუ ის გეომეტრიული ფორმა რაც ასომთავრულშია გადმოცემული. ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ ასომთავრული ანბანის შემქმნელს ჰერმეტიზმთან და ალქიმიკოს ქვისმთლელთა წრეებთან უნდა ჰქონოდა ახლო კავშირი.
      ქართული ანბანის შემქნელად დასახელებული მეფე ფარნავაზი ცნობილია თავის სამშენებლო პოლიტიკით და ქართულ ენასთან დაკავშირებული რეფორმით. “ქართლის ცხოვრების” ტექსტის მიხედვით, ფარნავაზი ის პიროვნებაა, ვინც უცხო დამპყრობლებისაგან გაათავისუფლა საქართველოს ტერიტორიები, გაატარა პოლიტიკურ_რელიგიური რეფორმები და ერთიანი, ძლიერი ქართული სახელწიფოს მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი _ ანუ მითოლოგიური თვალსაზრისით - ფარნავაზი კულტურული გმირია, ახალი ეპოქის დამამკვიდრებელი, კოსმიური წესრიგის შემომტანი პირველი მეფეა, მაგრამ რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს მას ჰერმესთან და ჰერმეტიზმთან? იმ დროის საქართველოში ეს ღმერთი თითქოს არ ფიგურირებს.
      ცნობილია, რომ ფარნავაზმა აღმართა არმაზის კერპი, რომელიც ასეა აღწერილი “დგა კაცი ერთი სპილენძისა, და ტანსა მისსა ეცვა ჯაჭვ ოქროსი, და თავსა მისსა ჩაბალახი მყარი, და თუალნი ესხნეს ზურმუხტი და ბივრილი, და ხელთა მისთა აქუნდა ხრმალი ბრწყინვალე ვითარცა ელვა, და იქცეოდა ხელთა შინა.. და კუალად იყო მარჯუენით მისსა კაცი ოქროსი და სახელი მისი გაცი; და მარცხენით მისსა უდგა კაცი ვეცხლისა, და სახელი მისი გაიმ, რომელნი იგი ღმერთად უჩნდეს ერსა მას ქართლისასა”.
       არმაზი, როგორც სპილენძის და ოქროს ნაერთი, მეომარი მამაკაცი ღვთაება – აბჯრით და მბზინავი ხმლით, _ საკმაოდ რთულ და საინტერესო სინთეზს წარმოადგენს, რომელიც თავის თავში რამდენიმე ასპექტს აერთიანებს.
მას აშკარად მარსის – ომის ღმერთის იერი აქვს, მაგრამ მთვარის ღმერთის თვისება ახასიათებს – ის მართავს დედამიწის წყლებს, რაც მთვარის ფუნქციაა: „ქალდეველთა ღმერთი ითრუჯან და ჩუენი ესე ღმერთი არმაზ ყოვლადვე მტერ არიან: ამან მას ზედა ზღუა მოაქციაო” – წერია „ქართლის ცხოვრებაში”. მაგრამ ამავე დროს არმაზი სიყვარულის ქალღმერთის – ვენერას პლანეტარული ლითონისგან _ სპილენძისგან არის შექმნილი. მითის თანახმად ვენერაც წყალთან არის დაკავშირებული – ის ზღვიდან იბადება. ასტროლოგების ინფორმაციით ზღვის ბინადართა ორგანიზმი თურმე დიდი რაოდენობით შეიცავს სპილენძს, რადგან სუნთქვის პროცესი ამ არსებებში სპილენძის დახმარებით ხორციელდება, ანუ გარკვეულწილად არმაზი თევზის კულტთანაც ყოფილა ახლოს.
      არმაზი – ხეთურ-ლუვიური მითოლოგიიდან ცნობილი მთვარის ღმერთ „არმა“-სთან არის გაიგივებული. საინტერესოა, რომ მცირე აზიის იმ ადგილებში, სადაც „არმა“-ს კულტის გავრცელების არეალია, ჰერმესი სწორედ მთვარის ღმერთის სახით იყო წარმოდგენილი. არმა - ზურგზე ფრთებით და ახალი მთვარის ფორმის ქუდით გამოისახებოდა, რაც მერკურის ატრიბუტებია. მერკური (ვერცხლისწყალი) ადვილად აქროლებადი, „სწრაფი“ ნივთიერებაა, რასაც ძველად  „ფრთების“ ალეგორიის მეშვეობით გადმოსცემდნენ. (საბერძნეთში ჰერმესის ფრთიანი სანდლები და ფრთიანი ქუდი მის ამ თვისებას აღნიშნავდა). არმას ქუდის აღწერილობაც ასევე ესადაგება მერკურის ალქიმიურ ნიშანს – ჯვარზე მოთავსებულ წრეს მთვარის ფორმის რკალი ადგას.
    “ქართლის ცხოვრებაში“ კი წერია, რომ „ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თვსსა: ესე არს არმაზ, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქუა. ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა, და მიერითგან ეწოდა არმაზი კერპისა მისთვის“ო, ანუ როგორც ირკვევა, ფარნავაზი - იგივე არმაზი ყოფილა, და არმაზის ციხე-ქალაქსაც სახელი ამ კერპის გამო შერქმევია. ბერძნულ წყაროებში კი „არმაზციხე“ ძალიან საინტერესო სახელით გვხვდება: პლინიუსი მას “ჰერმასტს” უწოდებს, კლავდიუს პტოლემაიოსი კი “ჰარმასიკას”, რაც ძალიან საეჭვოდ ჰგავს ჰერმესს. ძველქართულადაც ჰერმესის დღეს ოთხშაბათს – ერმისა ერქვა, და თუკი შეიძლება დავუშვათ, რომ არმაზი ჰერმესს განასახიერებდა, გამოდის რომ თავად ფარნავაზი ყოფილა ჰერმესის ალეგორიულ სახე და ამდენად ის ანბანიც, რომლის შექმნა ფარნავაზს მიეწერება, ბუნებრივია - ჰერმეტიული ტრადიციის მატარებელი იქნებოდა.

ე. ქ.

Copyright © 2008  დაიბეჭდა ჟურნალში "დრო მშვიდობისა" სათაურით "არმაზი".