6 Jan 2011

ფესტოს დისკოს ალქიმიური ოპუსი

“ფილოსოფიური ქვის”   მომზადების პროცესი ყველა ეპოქაში დიდ საიდუმლოს წარმოადგენდა. იგი არა მარტო ქიმიურ ოპერაციებს, არამედ მისტიკურ სფეროსაც მოიცავდა და შეეძლო როგორც ლითონების ოქროდ გადაქცევა, ასევე თავად ადამიანის ფიზიკური და სულიერი სრულყოფა. ამავე დროს, “ფილოსოფიური ქვის” მფლობელი დიდი ძალაუფლების და სიმდიდრის პატრონი ხდებოდა, ამიტომაც ალქიმიას ძველად მეფეთა ხელოვნებას უწოდებდნენ.
     ალქიმია, ისევე როგორც სამჭედლო საქმე, სამიწათმოქმედო კულტურულ ტრადიციაში წარმოშობილი ხელოვნებაა. სწორედ მიწათმოქმედია ის, ვინც კარგად ერკვევა გეოლოგიურ ქანებში, დედამიწის შახტებში ჩაბუდებული ლითონების თვისებებში. მან კარგად იცის, თუ რა აკავშირებს ამ ლითონებს ნიადაგის ზედაპირზე ამოსულ მცენარეებთან და ცაში მოძრავ პლანეტებთან..
     ალბათ ამიტომაც, ძველი ალქიმიკოსები ალქიმიურ სამუშაოს სამიწათმოქმედო საქმიანობასთან აიგივებდნენ. ფულკანელი წერს, რომ “ალქიმიას ხშირად ზეციურ მიწათმოქმედებას უწოდებდნენ, რადგან თავისი კანონებით, გარემოებებით და პირობებით ალქიმიკოსების შრომა გლეხის შრომას ჰგავს.  როგორც დათესილი ხორბლის მარცვლიდან, ხორბლის თავთავი ამოდის, ასევე ლითონის გასამრავლებლადაც, პირველ რიგში მისი თესლია საჭირო. არ არსებობს ისეთი კლასიკური ჰერმეტიული ავტორი, რომელსაც მაგალითები და მტკიცებულებები სამოწათმოქმედო სფეროდან არ ჰქონდეს აღებული”.
     ძველი ბერძნული ცნობების თანახმად, ერთ-ერთი პირველი ალქიმიური ტრაქტატი ოქროს საწმისზე ეწერა. ისიც ნიშანდობლივია, რომ საწმისის მოსაპოვებლად იასონს სწორედ “სამიწათმოქმედო” დავალება უნდა შეესრულებინა. არესის (მარსის) ველზე მას ცეცხლისმფრქვეველი ხარების მეშვეობით მინდორი უნდა მოეხნა, ხნულებში გველეშაპის კბილები დაეთესა და იქიდან აღმოცენებულ მეომრებს შებრძოლებოდა. ნიკოლა ფლამელი იასონის ამ დავალებას ალქიმიურ პროცესად მიიჩნევს, ფულკანელი კი წერს, რომ თავად “მითი ოქროს საწმისზე არის ალქიმიური სამუშაოს სრული აღწერა, რასაც მივყავართ ფილოსოფიური ქვის მიღებამდე”.
     რადგანაც საწმისზე ალქიმიური ფორმულები ეწერა, ამიტომაც ალქიმიკოსების ყველაზე საყვარელი მითიც, სწორედ არგონავტების მოგზაურობის ამსახველი ისტორიაა. მაგრამ, როგორ გამოიყურებოდა ეს საწმისი, ან სად მოხვდა საბოლოოდ მას შემდეგ, რაც ის არგონავტებმა გაიტაცეს – ამის შესახებ ბერძნული წყაროები აღარაფერს ამბობს.. ასეთი მნიშვნელოვანი ნივთი კი უკვალოდ ნამდვილად ვერ გაქრებოდა.
     საწმისის პოვნა თუ გვინდა, პირველ რიგში ის საგანი უნდა მოვძებნოთ, რომელზე დაფიქსირებული ინფორმაციაც, ყველაზე მეტად ალქიმიურ სიმბოლოებს წააგავს. საბერძნეთის ერთ-ერთ მუზეუმში მართლაც არის დაცული ასეთი ნივთი. ეს არის კუნძულ კრეტაზე ფესტის სასახლის გათხრისას არქეოლოგების მიერ ნაპოვნი დისკო, რომელსაც პირობითად “ფესტოს დისკო” შეარქვეს. ეს ნივთი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო არქეოლოგიურ აღმოჩენად ითვლება და თავისებურ ინტელექტუალურ თავსატეხს წარმოადგენს. ფირფიტა ნაბეჭდი პატარა ნახატებით არის აჭრელებული და ძალიან წააგავს ჩვენში ცნობილ ხევსურულ სამეკვლეო კვერს. ზოგი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს ნახატები დამწერლობის ნიშნებს გამოხატავს, ზოგის აზრით დისკო - სათამაშო დაფაა, ზოგისთვის კალენდარია, ერთმა მას ბრინჯაოს ხანის კომპიუტერიც კი შეარქვა. დისკოს სხვადასხვა ენაზე გაშიფვრის უამრავი მცდელობაც არსებობს, მაგრამ მეცნიერულად დადგენილი და დამტკიცებული ჯერ არცერთი არ არის.

მაინც რა ინფორმაციას შეიძლება მალავდეს ფესტოს დისკო? პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ დისკოს ნახატების ერთობლიობა, ზოგადი სქემა გამოხატავს დახვეულ გველს, რომლის ტანი ისეა მოხაზული, რომ თავი ემთხვევა კუდს, ანუ ის სიმბოლურად განასახიერებს “ურობოროსს” – თავისი კუდის მკბენელ გველს - “მარადიული დაბრუნების” სიმბოლოს. ეს ნიშანი  მიუთითებს, რომ გზის დამთავრება ნიშნავს ახლის დაწყებას. ეს იგივე წრეა – დროის ბრუნვის მეტაფორა, ციკლური განმეორება - ძველიდან ახლის შექმნის იდეა (ამ თვალსაზრისით უკვდავების სიმბოლო). ეს ნიშანი განსაკუთრებით პოპულარულია ალქიმიაში. ალქიმიკოსები ამბობენ, რომ ურობოროსი თვითჩაკეტილობის და მიმდინარე პროცესების განმეორების სახეა, რომელიც სითხის გათბობით, აორთქლებით, კონდენსირებით ხელს უწყობს სუბსტანციის სრულყოფას.
     ერთ-ერთი ძველი ალქიმიური ტექსტი, რომელიც ასევე დისკოზეა გადმოცემული, ძალიან წააგავს ფესტოს დისკოს. იგი ეკუთვნის ეგვიპტის ალექსანდრიაში მე-4 საუკუნეში მცხოვრებ ალქიმიკოს ქალს კლეოპატრას, რომელიც წერს:
      ერთი არის ყველაფერი,
      მისგან არის ყველაფერი
      ერთი არის გველი
      მას აქვს ორი სიმბოლო
      კეთილი და ბოროტი.
 ამ ტექსტშიც სწორედ ურობოროსზეა საუბარი, რომელიც ალქიმიურ ნახატებში ხშირად ორი დრაკონის სახით გამოისახება. ნიკოლა ფლამელი წერს: “ყურადღებით განიხილე ეს ორი დრაკონი, რადგან ისინი არიან ფილოსოფიის ჭეშმარიტი საწყისები, რომლების ჩვენებას ბრძენი ხალხი თავისი შვილებისთვისაც კი ვერ ბედავდა. ის რომელიც ქვევით არის, უფრთო, წარმოადგენს ფიქსირებულს, მამაკაცურს; ზედა კი არის მფრინავი და ქალური პრინციპი, შავი, გაუმჭვირვალე და მრავალი თვის განმავლობაში ცდილობს გაიმარჯვოს პირველზე. პირველს უწოდებენ სულფურს, ანუ სითბოს და სიმშრალეს, მეორეს - ცოცხალ ვერცხლს, ანუ ცივს და ნოტიოს. ესენია მერკურიალური სუბსტანციის მზე და მთვარე”. ფესტოს დისკოს გვერდებზეც სწორედ ეს ორი პრინციპია გამოსახული. ერთი მხარე, რომლის ცენტრში ცეცხლის შესატყვისი ვარდული ხატია _ “მშრალი” ნივთიერების აღმნიშვნელია, ხოლო მეორე მხარის წყალი, ზუსტად შეესატყვისება “სველ” პრინციპს.
     ყველაზე ძველი ალქიმიური ტექსტი - ჰერმესის ზურმუხტის ფირფიტა - ასევე მოგვითხრობს ერთი წარმომავლობის ამ ორ ალქიმიურ სიმბოლოზე და აქედან გამომდინარე, ფესტოს დისკოს სქემასაც ესადაგება. ამ ტექსტთან კავშირი იქიდანაც ჩანს, რომ ფესტოს დისკოს ორივე მხარე თანაბარი რაოდენობის 30-30 უჯრად არის დაყოფილი, ორივე მხარეზე ინფორმაციის გადმოსაცემად 32-32 ნიშანია გამოყენებული, ორივე მხარეზე შუაგულში ცენტრია აღნიშნული ანუ შეიძლება ითქვას, რომ ფირფიტის ზედა და ქვედა მხარეების მოხაზულობა ერთმანეთს “სარკისებურად” ირეკლავს, ეს კი “ზურმუხტის ფირფიტის” ტექსტის პირდაპირი ილუსტრაციაა:
      
       “ის, რაც არის ქვევით, შეესატყვისება მას, რაც არის ზევით;
       და ის, რაც არის ზევით, შეესაბამება მას, რაც არის ქვევით,
       რათა განხორციელდეს სასწაული ერთიანი საგნის.
       ამგვარად, ყველა ნივთი წარმოსდგა ერთიდან, ერთიანობის    
       მეშვეობით, ყველა ნივთი წარმოსდგა ამ ერთი  არსიდან - შეგუების მეშვეობით”.

ახლა უკვე ძველი ტექსტების გამოყენებით შევეცადოთ ავხსნათ ფესტოს დისკოს ნახატები, ისე რომ არ დავარღვიოთ საერთო კანონი და არ შევეხოთ საიდუმლოს, რომლის შესახებაც ალქიმიკოსები არც წერდნენ და არც ხმამაღლა საუბრობდნენ.
რადგანაც ალქიმიკოსები ბევრ რამეს საიდუმლოდ ინახავენ, ისინი ტექსტის გადმოსაცემად უფრო ხშირად ალეგორიულ ნახატებს მიმართავენ ხოლმე. ცნობილმა ალქიმიკოსმა ნიკოლა ფლამელმაც თავის ნახატების სახით გადმოცემულ ალქიმიურ ტრაქტატს - “იეროგლიფური ფიგურები” დაარქვა, ნახატებით არის მოცემული ალქიმიური ინფორმაცია ერთ ძველ წიგნში – “Mutus Liber”, რომელსაც ტექსტის უქონლობის გამო “მუნჯთა წიგნი” შეარქვეს. ასევე ნახატებით იყო შესრულებული ტექსტის დიდი ნაწილი იმ ძველ წიგნში, რომელიც თითქოსდა აღმოაჩინა ფლამელმა, ამიტომაც ალქიმიკოსების სამუშაოს  “რებუსი” – ნახატებიანი გამოცანა ჰქვია. ფესტოს დისკოს ნახატების რეალისტური ხასიათიც მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ისინი ალქიმიური “რებუსის” იეროგლიფებია, ანუ ამბავი უნივერსალური ენით - სიმბოლოების ენით არის გადმოცემული. ამასთანავე ნახატები ისეა განლაგებული, რომ მათი თანმიმდევრობა – კონკრეტულ “ისტორიას” გადმოგვცემს. მიუხედავად იმისა, რომ ნახატები ძალიან პატარა ზომისაა, მათ კიდევ თავისებური დეტალები ახლავს თან, ანუ თითოეული ნახატი ქვეტექსტის შემცველია და რამდენიმე მნიშვნელობა გააჩნია (ნიკოლა ფლამელიც წერს, რომ დიდი საიდუმლო იეროგლიფური ფიგურების სწორედ ყველაზე უმნიშვნელო და პატარა დეტალებშია დაფარული).
     საინტერესოა ისიც, რომ ინფორმაციის გადმოსაცემაად სულ 45 ნიშანია გამოყენებული, ხოლო თითო მხარეს მხოლოდ 32-32, რაც მარცვლოვანი დამწერლობით შესრულებული ტექსტისთვის ძალიან ცოტაა, რადგან ტექსტი ფონეტიკურად ღარიბი გამოვიდოდა, მაშინ როდესაც ნახატები იდეურად იმდენად მდიდარია, რომ ბევრი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.

ფონ ველინგის თანახმად, “ფილოსოფიური ქვის” პატარა ნაწილი რომ დავაგდოთ წყლის ზედაპირზე, იგი მინიატურაში გაიმეორებს სამყაროს წარმოქმნის და განვითარების ისტორიას. სამყაროს წარმოქმნა თავისთავად ადამიანის შექმნასაც გულისხმობს. ამდენად ალქიმიური პროცესი შესაქმის აქტის შესატყვისია და ადამის დაბადების ალეგორიასაც გადმოგვცემს.
    დისკოზე მოცემულ ნახატებშიც მოთხრობილია პირველკაცის - “პატარა მეფის” (როგორც მას ალქიმიკოსები უწოდებენ) ალქიმიური მითი: მისი დაბადება ბაღში, “მატერიით” შემოსვა, სამოთხიდან გაძევება-დაცემა, წარღვნა, შემდგომი ისტორია და საბოლოოდ ისევ პირვანდელ სტატუსში ანუ სამოთხეში დაბრუნება. ეს სქემა ზოგადად კაცობრიობის ისტორიის ამსახველ ფსიქოლოგიურ სქემასაც წარმოადგენს და ამდენად კოლექტიური არაცნობიერის ხატის ილუსტრაციას განასახიერებს. საინტერესოა, რომ მთელი ეს ისტორია ფილოსოფიური ქვის მიღების პროცესს ასახავს. ქართულ ფოლკლორში იგივე ალეგორია ცნობილია “ამირანის მითის” სახელით, რომლის სიუჟეტებიც პირდაპირ გადმოგვცემს ალქიმიურ ოპერაციებს.                               
    მაგრამ საიდან უნდა დავიწყოთ დისკოზე ტექსტის კოთხვა? რადგანაც მთლიანი სქემა გველის სხეულს გამოხატავს, რომლის კუდიც და თავიც ცენტრშია მოთავსებული, სავარაუდოდ, ტექსტიც ერთ-ერთი ცენტრიდან უნდა იწყებოდეს. თუ რომელი მხრიდან, ამის გარკვევაში მითოლოგიური ინფორმაცია დაგვეხმარება. ხალხურ თქმულებებში გველი განძის მცველი ან ძვირფასი ქვის მფლობელია და ხშირ შემთხვევაში ქვა მას ან პირში უდევს ან გვირგვინივით თავზე ადგას. ალქიმიური ოპერაციების საბოლოო მიზანიც ხომ ძვირფასი ქვის მიღებაა, და რადგანაც ის თავთან “ფიქსირდება”, გამოდის რომ ალქიმიური ოპერაციის შემცველი ტექსტი საწინააღმდეგო მხრიდან, ანუ მეორე მხარის ცენტრიდან უნდა იწყებოდეს. ამ ადგილას დისკოზე ვარდულია მოთავსებული. ცეცხლის და პლანეტის აღმნიშვნელი ეს სიმბოლო, ალქიმიკოსებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშანია, რადგან მუშაობისას ვარდული  (ვარსკვლავის სახით), ახალი ეტაპის დადგომას გამოხატავს (დისკოზე ვარდულების განლაგება თავისებურ სქემებსაც გვაძლევს, რაც ნახატების გარკვეული თანმიმდევრობით დალაგებაში გვეხმარება. ცენტრალურის გარდა, დისკოზე კიდევ სამი ვარდულია მოცემული, რაც ალქიმიური სამუშაოს სამ მთავარ ეტაპს შეესატყვისება. ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ორ სქემას განვიხილავთ).
    ვარდული გამოხატავს მონადას, პირველარსს, პლანეტარულ სივრცეს, საიდანაც ხდება გონის დაშვება. ფლამელი წერს, რომ “ვარდული - ბრძენთა სურმა - ის ქაოსია, საიდანაც იბადება ყველა ლითონი. იგი ლითონის და მინერალის ყვავილია, პირველი ვარდია, რომელიც არსებობს ჩვენს სამყაროში. ამ ყვავილთა ყვავილიდან ჩვენ პირველ რიგში გამოვყოფთ გონს, რომელიც შესაქმის აქტისას მიმოდიოდა წყლებზე. თეთრად მოელვარე, ის ვარსკვლავთა ბზინვარება, მზის ნათებაა. სწორედ ბრძენთა სურმა (და არა ჩვეულებრივი სურმა) არის ფესვი, ანუ  დიადი სამუშაოს ღერძი”.
    დედამიწაზე მოხვედრილი ეს ვარსკვლავური მზის ენერგეტიკა (სხივის სახით) შეაღწევს თესლში, ხორბლის თავთავში და გაფხვიერებულ ნიადაგში მოხვედრილი ეს მარცვალი, მცენარესავით ამოდის, როგორც ორსქესიანი (ორტყავიანი) პირველკაცი, “მიწიდან” დაბადებული ანდროგინული ადამი – მერკური, სიმბოლურად გამოსახული “მზის” და “მთვარის” ნიშნებით. ამ სიმბოლოში ფარი (მთვარე) - პასიური ნივთი, ქალურ საწყისს განასახირებს და “სულის” შესატყვისია, კაცის თავი (მზე) – “გონს”, მამაკაცურს, აქტიურს. (ამ კაცს ბერძნულად “სპარტელი” – “დათესილი” ჰქვია. საინტერესოა, რომ სწორედ სპარტელი მეომრისთვის იყო ფარი მთავარი რელიკვია. მიწიდან დაბადებული მეომრები აიეტის მიერ მოხნული მინდორშიც გვხვედება, ანუ ამ შემთხვევაში ალქიმიური სამიწათმოქმედო ალეგორია და მიწის წიაღიდან დაბადებული ფარიანი მეომარი, გაერთიანებულია. ეს ორივე ალქიმიური სიუჟეტი კი ფესტოს დისკოზეა მოცემული).
    ამ ანდროგინულ სიმბოლოსთან დაკავშირებით ფლამელი წერს - ეს სუბსტანცია “გვევლინება სამეფო ტრიუმფის მცენარედ, ის არის მთვარე და პატარა არასრულყოფილი მეფე, რომელიც ჩვენ ფილოსოფიური ხელოვნების მეშვეობით, დიდების უმაღლეს ხარისხში უნდა ავიყვანოთ; ის ასევე დედოფალია, ამდენად განასახიერებს - მზის ცოლს, რადგან შეიცავს მამაკაცურსაც და ქალურ საწყისსაც”.
    ზევიდან დაშვებული გონის ნაყოფი გარკვეული დროის მერე, უკვე თავად შედის სიმწიფეში, რაც ნიშნავს, რომ იგი უკვე გამოსადეგია მუშაობის დასაწყებად. ნელ ცეცხლზე შემომდგარი, მისი აქროლებადი ბუნებიდან ფრინველის (მტრედის ან არწივის) სახით ამოდის “ანიმა”, ანუ ხდება მისი გაყოფა, მისგან ქალური (ნაზი) სუბსტანციის გამოყოფა, ამიტომაც ჩნდება უკვე ქალის ნახატი. ეს სუბსტანცია თავისი  “წონით” უნდა გაუტოლდეს პირველადი ნივთიერების ნახევარს, ამიტომაც ტყავები უკვე გაყოფილია და მათ შორის სასწორის ნიშანია მოთავსებული.
     ამასთან დაკავშირებით ერთ-ერთ ალქიმიურ კანონში წერია, რომ “ჩვენ ჰერმეტიულ სამუშაოს ვიწყებთ “სამი პრინციპის” გაერთიანებით, რომლებიც განსაზღვრული პროპორციით უნდა ავიღოთ, რაც იმაში მდგომარეობს, რომ სხეულის ნახევარი წონა უნდა გაწონასწორდეს გონით და სულით”.
     შემდგომ მოდის ოპერაცია ცეცხლზე, საიდანც გახურების გზით კვლავ ხდება ფრინველის სახით არსებული აგენტის გამოყოფა, ხოლო _ გაცივების გზით - ისევ უკან დაბრუნება, ოპერაცია სამჯერ მეორდება და მას სუბლიმაცია ეწოდება.
     ფულკანელი წერს: “ბრძენთა მერკურის მიღების პროცესს სუბლიმაცია ეწოდება, რადგან მისი მთავარი პირობა მკვრივი მასიდან გამოყოფილი თხელი სუბსტანციის მაღლა ასვლაა. ჩვენი გამხსნელი, სული აქ სიმბოლურად არწივის როლს თამაშობს, რომელიც აიტაცებს თავის მსხვერპლს, ამიტომაც ფილალეტი, კოსმოპოლიტი და სხვები გვირჩევენ მივცეთ მას აფრენის საშუალება, ვაიძულოთ აიჭრას ჰაერში. ხომ ცნობილია, რომ სული მაღლა ადის, ნივთიერება კი დაბლა ილექება. რა არის ნაღები, თუ არა რძის საუკეთესო ნაწილი? ვასილი ვალენტინი გვასწავლის, რომ ფილოსოფიურ ქვას იღებენ ისევე, როგორც სოფელში კარაქს, თქვეფენ ნაღებს, რომელიც ჰგავს ჩვენს ფილოსოფიურ ვერცხლისწყალს, ამიტომაც მერკურს ასევე ქალწულის რძე ჰქვია”.
    (ამ ოპერაციის დროს გამოყოფილი დალექილი მასა ფესტოს დისკოზე გამოხატულია ხარის ფეხის სახით, როგორც მძიმე, მიწის ნიშანი, ხოლო ზევიდან მოგდებული, მოტივტივე, შესქელებული ნივთიერება – ხომალდის სახით).

“შენ განაცალკევებ მიწას ცეცხლისგან, ნაზს მკვრივისგან,
ფრთხილად,  დიდი ხელოვნებით,
და ეს არსი ადის მიწიდან ცაში და კვლავ ეშვება მიწაზე,
იძენს რა ზედა და ქვედა სფეროების ძალებს,
ასე მოიპოვებ მთელი სამყაროს დიდებას” –

წერია ზურმუხტის ფირფიტაზე და ეს სიტყვები  სწორედ ამ ოპერაციას ასახავს. ამგვარად, მკვრივი ნივთიერების მუდმივი გამოხდის გზით და მისი შეკავშირებით მფრინავთან, გამოიხატება ალქიმიკოსების პირველი დევიზი "Solve et Coagula” (გახსენი და შეასქელე). მატერია იქცევა გონად და მეტალის სული, ტოვებს რა დაბინძურებულ გარსს, იმოსება უფრო ძვირფას, უფრო ფასეულში, რომელსაც ძველმა ავტორებმა “ფილოსოფიური მერკური” უწოდეს.
     ძალიან საინტერესოა, რომ ამირანის მითშიც ვხვდებით ამ ოპერაციას ოდნავ შეცვლილი სახით. მითში ამ პროცესს შემდეგი სიუჟეტი გამოხატავს: “ახალდაბადებული ამირანი სულკალმახმა აკვანში ჩააწვინა, გულზე წიგნი დაადო და აკვანი სამი გზის გზაჯვარედინზე დადგა. მიტოვებული ბავშვი ტირილით არემარეს იკლებდა, ტირილის ხმამ ცაში ღმერთი შეაშფოთა და მან ამბის გასაგებად მიწაზე ყორანი ჩამოგზავნა. ყორანი სწრაფად დაეშვა ძირს, ცალი თვალი ამოკორტნა მტირალ ბავშვს, ცაში დაბრუნდა და ღმერთს უთხრა, არაფერი არ ხდება, ხალხი ხმაურობსო. ბავშვი კი ისევ ტიროდა, დღე და ღამე არ ჩერდებოდა. ღმერთმა ახლა ყვავი გამოგზავნა. ყვავმაც იგივე მოიმოქმედა,  მეორე თვალი ამოკორტნა და უკან გაბრუნდა. შეშფოთებულმა ღმერთმა შემდეგ უკვე მტრედი გამოგზავნა, მტრედი შურდულივით დაეშვა დედამიწაზე, საჩქაროდ აკვანთან მიიჭრა, ჩვილის მკერდზე წერილი ამოიკითხა, ფეხები სისხლში დაისველა, ცაში აფრინდა და ღმერთს ყველაფერი მოახსენა. ამის შემდეგ უკვე თავად უფალი ჩამობრძანდა დედამიწაზე. აკვანთან მივიდა, ვაშლი შუაზე გაჭრა, ნახევრები თვალებად ჩაუდგა და ბავშვსაც თვალი აეხილა, შეხედა თეთრწვერა მოხუცს, მოეწონა და გაუღიმა”.
    ამ სიუჟეტში აკვანი “მთვარეს” განასახიერებს, სადაც ჯერ კიდევ პატარა “მზე” იმყოფება, ხოლო ზევით და ქვევით მოძრავი ფრინველების სახით, ის აგენტი - ნივთიერება იგულისხმება, რომელიც ამ ოპერაციის დროს გამოიყოფა. საინტერესოა, რომ მითის სიუჟეტშიც, ისევე როგორც ფესტოს დისკოზე, ეს პროცესი სამჯერ მეორდება,. სამი გზის გზაჯვარედინი – გარკვეული რეჟიმის ცეცხლის ნიშანია, რომლის ცენტრში აკვანია მოთავსებული. ღმერთის მიერ ბოძებული ახალი თვალები კი, “მატერიის” გაუმჯობესებული ხარისხის და სამუშაოს სწორად წარმართვის მაჩვენებელია.
    შემდეგ, “ტყავში გახვეულ პატარა ამირანს შავ ზღვაში შეაცურებენ. ერთხელ ამირანის ძმები ბადრი და უსუპი თევზაობისას ზღვაში ნავით ღრმად შევლენ და სიღრმეში პატარა კუნძულს დაინახავენ. ამ დროს კუნძულზე ზღვიდან ხარი და ძროხა გამოცურდებიან, შუა ზღვიდან კი ვაჟი ამოხტება, - წელს ზევით ოქროსი, წელს ქვევით ვერცხლის. ერთ მხარეზე მზის სურათი ჰქონდა, მეორე მხარეს კი მთვარის. ვაჟი ზღვის ძროხასთან მივიდა, რძე მოსწოვა, მერე ხარს ზურგზე შეახტა, ქედზე გაჰყვა, რქებს შუა დადგა და ცეკვა დაიწყო”.
    ეპიზოდი ზღვაში, კიდევ უფრო მეტი გულახდილობით აღწერილი ალქიმიური ეტაპია, სადაც ამირანი პირდაპირ დასახელებულია ვერცხლის და ოქროს ნაერთად, ამალგამად, რომელიც კოაგულაციის დროს სითხის თავზე მოგდებული შესქელებული ახლადწარმოქმნილი ნივთიერების (კუნძული) ზედაპირზე ამოდის და რომელიც დედამიწის ნიშნის – ძროხის რძით  იკვებება, ხოლო შემდეგ ხარის (მთვარის) რქებშუა ცეკვავს. ეს ეტაპი ასახავს ვერცხლისწყლის ნაერთში, როგორც ზღვაში, წარმოშობილი ქვის პირველად შესქელებას ანუ ქვას თავის ადრეულ ეტაპზე, რომელიც ჯერ კიდევ “ჩვილია” და “რძით” კვება სჭირდება. ანუ ფესტოს დისკოზე, ისევე როგორც ამირანის ისტორიაში, მოცემულია ალქიმიური სამუშაოს ორი უმთავრესი ოპერაცია: სუბლიმაცია და კოაგულაცია
    იგივე ოპერაციას ბიბლიაში ნოესთან დაკავშირებით ვხვდებით - დიდი წვიმის და ქარიშხლის შემდეგ, როდესაც ამინდი გამოვა და წყალიც დაიწევს, ნოეს კიდობანი მთის წვერზე შეჩერდება. გადარჩენილი ნოე კიდობნიდან ორჯერ ყორანს გაუშვებს, მესამე გაშვებისას მტრედი უკან დაბრუნდება და სასიხარულო ამბის სახით ზეთისხილის რტოს მოუტონს. ამის შემდეგ ნოე კიდობნიდან გამოდის და გადარჩენის და ღმერთთთან ახალი აღთქმის დადების    ნიშნად, ცაზე ცისარტყელას ხედავს, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ყველაზე რთული ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
    ამ შემთხვევაშიც, წვიმისგან წარმოშობილ ზღაში მოცურავე კიდობანი დედამიწის პირველადი შეშრობის (შესქელების) გზით მიღებულ კუნძულზე (წყლიდან ამოსულ მთის წვერზე) შეჩერდება, ფრინველის სახით გამოყოფილი აგენტის გამოშვების შემდეგ, როდესაც მესამე ცდაზე ეს ნივთიერება თეთრდება  (მტრედის სახით გამოხატული), ნოე კიდობანს – ძველ გარსს ტოვებს და განახლებულ სამყაროში გადმოდის.
    მსგავსი ალეგორია შემდგომი დროის ქართულ ლიტერატურაში უკვე ილიასთან გაიჟღერებს:
      ბაზალეთისა ტბის ძირას                  
      ოქროს აკვანი არისო,
      და მის გარშემო წყლის ქვეშე
      უცხო წალკოტი ჰყვავისო.
      მწვანეა მუდამ წალკოტი
      არასდროს თურმე არ სჭკნება,
      ქვეყნისა დროთა ტრიალსა
      იგი არ ემორჩილება.
      ვერ ერჩის თურმე მის მწვანეს
      ვერც სიცხე, ვერცა ზამთარი,
      და იმის მზიან ჩრდილებში
      მუდამ გაზაფხული არი.
      წალკოტის შუაგულშია
      ის აკვანი ასვენია,
      და ჯერ კაცთაგან იქ ჩასვლა
      არავის გაუბედნია.
      ამბობენ, - თამარ დედოფალს
      ის აკვანი იქ ჩაუდგამს,
      და ერს თვისთა ცრემლთ ნადენით
      ტბა კარვად ზედ დაუხურავს.
      ამას კი აღარ ამბობენ, -
      აკვანში ვინ ჩააწვინა,
      ან თვით ერმა თვისი ცრემლი
      ზედ ტბად რისთვის დაადინა....
      იქნებ, აკვანში ის ყრმა წევს,
      ვისიც არ ითქმის სახელი,
      ვისაც დღე-და-ღამ ჰნატრულობს
      ჩუმის ნატვრითა ქართველი?
      თუ ესე არის, ნეტა მას
      ვაჟკაცსა სახელოვანსა,
      ვისიცა ხელი პირველად
      დასწვდება იმა აკვანსა!
      თუ ესე არის, ნეტა მას
      დედასა სახელდებულსა,
      ვინც იმ ყრმას პირველ მიაწვდის
      თვის ძუძუს მადლით ცხებულსა!

ამ შემთხვევაშიც, ამირანივით აკვანში მწოლიარე პატარა ყრმა, მომავალი გმირი, “ფილოსოფიური ქვის” ალეგორიაა. ამ ალქიმიურ სიმბოლოსთან შემთხვევით არ არის ნახსენები თამარ მეფე. ერთი ძველი მესხური თქმულების თანახმად, თამარს “წერომ თეთრი და ყვითელი წინდის ჩხირები მოუტანა, ეს ჩხირები მას რძეში ჩაუცვივდა და რძე ოქროს და ვერცხლის ზოდებად იქცა”. ეს ლეგენდა შეფარულად მიგვანიშნებს, რომ თამარი ალქიმიაში კარგად  ერკვევოდა, ის “რძეც” სინამდვილეში იმ ნივთიერებას განასახიერებს, რითაც ყრმა ამირანი “იკვებება”. ისიც არ არის შემთხვევითი, რომ ქართულ ლიტერატურაში ერთადერთი, ვინც ოქროს საწმისთან არის გაიგივებული – ეს სწორედ თამარია.
     
      ვინ ჩნდა საწმისად, მსგავსად აწ მისად
      წინასწარ-მთქმელი მოსწავებულად
      ცად, საყდრად, ღრუბლად, ღაწვ-ბროლ-ვარდ-შუბლად,
      თამარ, შენ გიცნობ განცხადებულად.

მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ ილიამ თავის ლექსში ესხატოლოგიური საიდუმლო, სწორედ ალქიმიას დაუკავშირა და მესიანური პროგრამის სახით მოგვცა. სამყაროს დასასრულის და მისგან ახლის შექმნის ისტორია, ისევე როგორც კაცობრიობის მხსნელის მოვლინება, ყველა ძველი ხალხის მითებშია ცნობილი. ეს მოვლენები კოსმოლოგიურ ხასიათს ატარებს, სიმბოლურად ალქიმიურ სამუშაოს ასახავს და პრეცესიული ციკლის დასრულების შედეგად, პოლუსების შეცვლას უკავშირდება. ამდენად, მას ასტრონომიული თვისება ახასიათებს, რაც სწორედ ურობოროსის სიმბოლოშია გადმოცემული.

ე. ქ.

Copyright © 2006.  ჟურნალი "მნათობი".