7 Jun 2011

მოგვების რელიგია

ასომთავრული ანბანის სტრუქტურა – მისი კვადრატული და წრიული ფორმები - გამოკვეთილად დუალისტურია, რაც ალქიმიური და გნოსტიკური მოძღვრების მთავარ სქემას ახასიათებს. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ ქრისტიანული ხილიაზმის ესქატოლოგიური იდეა, სწორედ ალქიმიური მოძღვრებიდან იღებს სათავეს. ხილიაზმი – გნოსტიკოსების მსოფლმხედველობა იყო, რომელთაც სჯეროდათ წინასწარმეტყველება განკითხვის დღის კატაკლიზმით სამყაროს დასასრულზე, რის შემდეგაც დედამიწა კვლავ უნდა აღორძინებულიყო და ბევრად უკეთესი გამხდარიყო. ამ იდეის მიხედვით, განვითარების ერთი ეტაპის დასრულებას მოყვება ახალი ეტაპის დასაწყისი, უფრო მაღალ საფეხურზე ასვლა და ეს მხოლოდ ალქიმიური პრაქტიკიდან გამომდინარე ნივთიერებების ტრანსმუტაციით აიხსნება, რაც თავად “ბუნების” და “დროის” თვისებაში არსებული საიდუმლოა.
    რადგანაც ასომთავრული ანბანის შექმნა ისტორიულად ფარნავაზის სახელს უკავშირდება, საფიქრებელია, თავად ფარნავაზს ალქიმიასთან და გნოსტიციზმის საფუძვლებთან გარკვეული კავშირი ჰქონოდა, მითუმეტეს მის მიერ სახელმწიფო სტატუსით შემოღებული ენა და დამწერლობა, შემდგომ ეპოქაში მესიანურ პროგრამასთან  დააკავშირეს.
      “ქართლის ცხოვრების” ტექსტით, ფარნავაზის მამის სახელი უცნობია, მხოლოდ ის ცნობა არსებობს, რომ ფარნავაზი მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისშვილია და მისი მამაც და ბიძაც ალექსანდრე მაკედონელთან ბრძოლაში დაიღუპნენ. თავად ფარნავაზის დაუძინებელი მტერიც სწორედ მაკედონელის სარდალი აზოა. მხოლოდ მისი დამარცხების შემდეგ შესძლებს ფარნავაზი ქართული სახელმწიფოს დაფუძნებას. ასევე უცნობია ფარნავაზის დედის სახელი, რომელიც წარმოშობით სპარსელია..
      “ქართლის ცხოვრებაში” ფარნავაზზე არსებული ინფორმაციის - მისი წარმატებული სამხედრო პოლიტიკისა თუ შიდა სახელმწიფო მოწყობის – გაცნობისას, ჩნდება ვარაუდი, რომ მის ბიოგრაფიაში რაღაც დეტალი დაფარულია, თითქოს ინფორმაცია ბოლომდე არ არის გადმოცემული.
      მაინც ვინ იყო ფარნავაზი? ის მართლაც მცხეთის მამასახლისის ძმის შვილია, რომელსაც უბრალოდ ბედმა გაუღიმა, თუ დიდი ტრადიციის მქონე იმპერიის მმართველების გენეტიკური შთამომავალი, რომელსაც სახელმწიფო მოწყობის გამოცდილება ჰქონდა? არსებობს თუ არა ამ სახელთან დაკავშირებული სამეფო დინასტია ან რა საიდუმლოა თავად სახელში დაფარული? ეჭვს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ იმავე პერიოდში კარგადაა ცნობილი ერთი პიროვნება – ტროას მეფე ფარნავაზ III, რომელიც აქემენიდი ფარნაკების შთამომავალია და დარიოსთან ერთად ებრძვის ალექსანდრე მაკედონელს.
      ფარნავაზის სახელში მოცემული ტერმინი “ფარნა” – მომდინარეობს ძველირანული სიტყვიდან - ჰვარნაჰ და განმარტებულია, როგორც სამეფო დიდება, მზის ნათება, ღვთაებრივი ცეცხლის მატერიალური ემანაცია, წარმატება, ქარიზმა, სიუხვე და ა.შ. ირანულ მითოპოეტურ ტრადიციაში ეს არის ძალაუფლების და სიძლიერის მომცემი, სიმდიდრის და უკვდავების მომტანი ღვთაებრივი არსი. “ავესტაში” ფარნა საკრალური კეთილი წილია, “კარგი საგანია”. ის შეიძლება როგორც ღვთაებრივ პერსონაჟს, ისე ხალხს ეკუთვნოდეს, ვისთვისაც ფარნა – სიმდიდრის და ჯანმრთელობის განსახიერებაა. ფარნა ასევე სახლის დამცველი კეთილი სულია. ვისაც აქვს ფარნა –კარგი ბედის მქონეა, ანუ იღბლიანია. ფარნა განდიდების ობიექტია, ის დაუმარცხებელი და ძლიერია, გამარჯვების თანამგზავრია, რომელიც ცხადდება მანათობელი ცეცხლის სახით. მითოლოგემით ფარნა ხშირად ტრანსფორმირდება ზოომორფულ სახეებში და დაკავშირებულია ფრინველ ვარეგნასთან (შევარდენი ვარეგნი ღვთაება ვერეთრაგნის ინკარნაციაა). ფარნამ განსაკუთრებით ფართო გავრცელება ჰპოვა სასანიდურ ხელოვნებაში, სადაც ცხვრის სახე მიიღო. ეს სიმბოლოც ფარნას ვერეთრაგნასთან აკავშირებს, ვისი ატრიბუტიც იყო ცხვარი. დაწყებული შაპურა II-დან, ცხვრის გამოსახულება, როგორც ღმერთ ფარნას სიმბოლო, ფართოდ ვრცელდება, ხოლო ამიანე მარცელინი ამბობს, რომ ერთ ბრძოლაში შაპურ II ჰქონდა მდიდრულად შემკული ცხვრის თავიანი თავსაბურავი. მსგავსი გამოსახულებები ცნობილია კუშანო-სასანიდურ მონეტებზე, ჭურჭელზე და ა.შ. ჩანს ამ სიმბოლოს ღრმა ფესვები ჰქონდა უკვე ლურისტანის ბრინჯაოზე. პერსონაჟებს ცხვრისრქებიანი გვირგვინებით, უფრო ადრინდელ საბეჭდავებზეც ვხვდებით. ბაქტრიელ კუშანებთან ფარნა გამოისახებოდა სამეფო სამოსში გამოწყობილი ადამიანის სახით; ფართოდ არის ცნობილი მამაკაცი ღმერთი ფარროს გამოსახულებები მონეტებზე. ქრისტიანულ იკონოგრაფიაში კი ფარნას სახე წმინდანთა თავთან გამოსახულ შარავანდად გარდაისახა (მითოლოგიური ლექსიკონი).
      როგორც ვხედავთ, ფარნა - საკრალური ცნებაა და ცეცხლს, მზეს, ძლიერ ნათებას შეესატყვისება, რაც სიკეთის, სიძლიერის, გამარჯვების და წარმატების მომტანია. ამ სახით ფარნას სიმბოლური სიახლოვე მეფე ფარნავაზთან სრულიად ბუნებრივია, რადგან ის თავად ხედავს მანათობელ მზეს, რომლის ცვარის სახეზე ცხებით _ წარმატებული, მდიდარი, გამარჯვებული ხდება, ანუ ფარნავაზი “ფარნას” მფლობელია და ეს მის სახელშიც არის ასახული.
      ფარნას ზოომორფული სახეა ცხვარი, ამიტომაც შეიძლება დავუშვათ, რომ “ფარნა” შეესატყვისება ხეთური და ბერძნული მითებიდან ცნობილ სამეფო რეგალიას, რელიგიურ ფეტიშს - ცხვრის (ვერძის) ოქროს საწმისს, რომელიც პლანეტა მარსის გამომხატველია, ცეცხლის სტიქიას და ამ პლანეტისთვის დამახასიათებელ წითელ ფერს აღნიშნავს.. ოქროს საწმისი ასევე მზისადმი მიძღვნილი ფეტიშია, რადგან ოქრო მზის ლითონია. ხეთებისთვის, ისევე როგორც კოლხებისთვის, საწმისი სამეფო სიძლიერის და მეფის ლეგიტიმური მმართველობის გარანტია, ის ნაყოფიერების, სიმდიდრის, ბედნიერების მომტანი და ხალხის მფარველი რელიკვიაა.
      ხეთებთან ეს ნივთი საგაზაფხულო (საახალწლო) ბუნების განახლების დღესასწაულის რიტუალებში გამოიყენებოდა, რომელიც მარტის თვეში ეწყობოდა. ამ დღესასწაულის მთავარი მოტივი, ისევე როგორც კოლხეთში, გველეშაპის დამარცხება იყო. საინტერესოა, რომ საწმისი კოლხეთშიც მარსის ველზე ეკიდა, ანუ იმ პლანეტას უკავშირდებოდა, რომლისგანაც მოდის გაზაფხულის პირველი თვის – მარტის სახელი.
      ბერძნული ცნობებით, კოლხეთის საწმისი სინამდვილეში ეტრატი იყო, რომელზეც ოქროს მიღების ალქიმიური ფორმულები ეწერა. ისტორიულად ეს ერთერთი პირველი ალქიმიური ტექსტია, და ისიც საინტერესოა, რომ ეს ნივთი ჰერმესს ეკუთვნოდა, ვისაც მიეწერება ალქიმიის აღმოჩენა. რადგან საწმისზე ალქიმიური ტრაქტატი ეწერა, შესაბამისად მასზე ლითონების და აქედან გამომდინარე, ბუნების ტრანსმუტაციის იდეაც იყო მოცემული, რაც თავისთავად ხილიაზმის სქემასაც შეიცავს.
      სწორედ ალქიმიური გზით მიღებული ნივთიერება – წითელი ელექსირი – ფილოსოფიური ქვის ალეგორია, ძველი ხალხისთვის იყო სიუხვის, სიმდიდრის მომტანი არსი, კეთილდღეობა და უკვდავება, რაც განახლების გზით მიიღწევა და რაც ახასიათებს ფარნას. ფრანგი მეცნიერი ჰენრი კორბინი წერს, რომ ჰვარნა – იგივე გრაალია, რომელსაც შუასაუკუნეების რაინდები ფილოსოფიურ ქვასთან აიგივებდნენ. ფრანგი ანტონ ფავრის აზრით კი  “ჰვარნა – აღმოსავლური საკრალური ცოდნის განსახიერებაა. ვერძის ოქროს საწმისის შესატყვისი ეს სიმბოლო თავის გარშემო სპარსელ რაინდებს ბევრად ადრე კრებდა, ვიდრე ბურგუნდიელი ჰერცოგი ფილიპე კეთილი “ოქროს საწმისის” რაინდთა ორდენს დააარსებდა”.
ცხვრის სიმბოლოს გამომხატველ “ფარნას” - საწმისთან და ალქიმიის წითელ ელექსირთან კავშირი, კარგად ჩანს ვერეთრაგნის ძველ ირანული ეპოსის გადარჩენილი ტექსტიდან:  
“მშობიარობის ტკივილებს განიცდიდა ზეცა და დედამიწა, მშობიარობის ტკივილებით შეპყრობილი იწვა ძოწით მოსილი ზღვა, ზღვამ შვა წითელი ლერწამი, ლერწმის ყელიდან ამოდიოდა კვამლი, ლერწმის ყელიდან ამოდიოდა ალი, ალიდან ამოდიოდა ვაჟი, მას ჰქონდა ცეცხლის თმა, მას ჰქონდა წვერი ალისებრი, ხოლო თვალები – მზე”.

წითელი “ზღვიდან” ცეცხლოვანი ვაჟის დაბადება – ფილოსოფიური ქვის დაბადების ალეგორიაა და ამ ეპოსში ომის და გამარჯვების ღმერთის ვერეთრაგნის დაბადებას გადმოსცემს, რომლის ატრიბუტია ცხვარი. ეს ამბავი იკონოგრაფიულად ძალიან გავს ბერძნულ კომპოზიციებს, სადაც ცეცხლზე შემომდგარი ჭურჭლიდან ცხვარი (ვერძი) – ასევე ომის ღმერთის - წითელი მარსის სიმბოლო ამოდის და ამ ალქიმიურ ოპერაციას მედეა ატარებს. ალქიმიურ პრაქტიკასთან ერთად, ეს სწორედ გაზაფხულზე (მარტში) განხორციელებული ბუნების განახლების, აღორძინების გამომხატველი და საწმისის კულტთან დაკავშირებული ალეგორიული სცენაა.
      ალქიმიური ელექსირის შესატყვისი ფილოსოფიური ქვა, შუასაუკუნეების ლიტერატურაში გრაალის სახით არის მოცემული და მისი ლათინიზირებული სახელი “ლაპის ექსცილის” განიმარტება როგორც “ციდან ჩამოვარდნილი ქვა”. ბევრი მკვლევარი გრაალის სიმბოლოს წარმოშობას ფრიგიის ტერიტორიაზე არსებულ კიბელას კულტს უკავშირებს, რომელსაც ფრიგიის ტაძრებში ციდან ჩამოვარდნილი მეტეორიტული ქვის სახით სცემდნენ თაყვანს. ეს ქვა დიდი რაოდენობით შეიცავს მარსის ლითონს – რკინას. ისე საინტერსოა, რომ ერთი ძველი ავტორი ფრიგიას კოლხეთად მიიჩნევს და ამბობს - ფრიგიას სახელი ოქროს ვერძით მოფრენილი ფრიქსეს გამო შეერქვაო. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ძველად ტროა-ფრიგია და კოლხეთი ერთ კულტურულ და პოლიტიკურ სივრცედ მოიაზრებოდა. ბერძნები კოლხეთიდან საწმისის და მედეას გატაცების, ანუ კოლხეთის დასუსტების შემდეგ – ტროას წინააღმდეგ იწყებენ ბრძოლას. შუასაუკუნეებში კი პოპულარული იყო დარეს ფრიგიელის წიგნი ტროას დაცემის შესახებ, სადაც ნათქვამია, რომ ტროას ომი კოლხეთიდან საწმისის გატაცებამ გამოიწვია.
      ისე, სახელი ფარნავაზიც ფრიგიას უკავშირდება. როგორც უკვე ვთქვით, იმავე პერიოდში, ანუ ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში, სანამ ქართლში ისტორიულ ასპარეზზე ფარნავაზი გამოჩნდება – ფრიგიას მართავს ვინმე ფარნავაზ III, რომელიც ფარნაკების დინასტიის წარმომადგენელია. ამ დინასტიის დამაარსებელი ფარნაკე I – სპარსეთის მეფის - აქემენიდი არსამეს ვაჟიშვილი იყო. არსამეს (დარიოს I-ის პაპას) რამდენიმე ვაჟი ჰყავდა, რომელთაგან ისტორიულად მისი ორი ვაჟია ცნობილი – ფარნაკე და ვიშთასპე – დარიოსის მამა. (ფარნაკების დინასტია ასე გამოიყურება – ფარნაკე I, ართავაზ I, ფარნავაზ I, ფარნაკე II, ფარნავაზ II, ართავაზ II, ფარნავაზ III).
ფარნაკეს ვაჟი ართავაზი 477 წელს ჰელესპონტის ფრიგიის სატრაპად დაინიშნა და დაარსა ლოკალური დინასტია, რომელიც საუკუნეზე მეტხანს მართავდა ამ მხარეს.. ამ მმართველებიდან ჩვენთვის საინტერესოა ართავაზ II - ფრიგიის სატრაპი, რომელიც ცხოვრობდა ძვ წ. IV საუკუნეში. ის იყო ფარნავაზ II ვაჟი, ხოლო დედის მხრიდან მეფე ართაქსერქსე II-ის შვილიშვილი. დაახლ 358 წ. შეურთდა სხვა სატრაპებს რომლებიც ათენელების დახმარებით აჯანყდნენ მეფე ართაქსერქსე III-ის წინააღმდეგ, თუმცა ყველაზე კრიტიკულ მომენტში ათენმა უარი უთხრა აჯანყებულებს დახმარებაზე და აჯანყება ჩაიშალა. 352 წ. ართავაზი თავის მხედართმთავარ მემნონთან და შვილებთან ერთად იძულებული გახდა მაკედონიაში გაქცეულიყო, სადაც ის ძალიან კარგად მიიღო მეფე ფილიპე II-მ. 345 წ. მემნონის ძმამ, მენტორმა სპარსელებს ართავაზის პატიება სთხოვა და თავადვე დაეხმარა სამშობლოში დაბრუნებულიყო. 331 წელს ართავაზი გავგამელესთან ცნობილ ბრძოლაში სპარსელების მხარეს მონაწილეობდა, სადაც სპარსეთის არმია დაამარცხა ალექსანდრე მაკედონელმა. დამარცხების შემდეგ ართავაზი მაკედონელების მხარეს გადავიდა და ალექსანდრემ ის ბაქტრიის სატრაპად დანიშნა. 327 წელს თავის ნებით დატოვა სამსახური.
      სწორედ ამ ართავაზის ვაჟია ფარნავაზ III. ფარნავაზი და მისი და ბერსინა, ბავშვობაში მამასთან ერთად მაკედონიაში იმყოფებოდნენ, სადაც გაიცნეს პატარა ალექსანდრე (არის ცნობები რომ ბერსინა ალექსანდრესთან ერთად არისტოტელეს გაკვეთილებს ესწრებოდა, მოგვიანებით მისი საყვარელი გახდა და ალექსანდრესგან ვაჟიშვილი – ჰერკულესი ეყოლა). ფარნავაზი მოგვიანებით მთავარსარდალ მემნონთან ერთად დაბრუნდა ფრიგიაში და ეგეოსის ზღვაზე სპარსელთა ფლოტს ჩაუდგა სათავეში. 333 წელს დარიოსი ალექსანდრესთან ბრძოლაში დამარცხდა და ფარნავაზიც იძულებული გახდა კუნძულ კოსზე გახიზნულიყო (ზოგი ცნობით მან საბოლოოდ კავკასიის ალბანეთს შეაფარა თავი). მას შემდეგ მისი ბედი უცნობია.
      ბუნებრივია ჩნდება ეჭვი, რომ “ქართლის ცხოვრებაში” აღწერილი მეფე ფარნავაზის ამბები, რაღაც კავშირში უნდა იყოს ფრიგიის ფარნავაზების ამბავთან, მითუმეტეს “მცხეთა” – ფარნავაზის ქალაქის სახელი – განმარტებულია, როგორც მესხთა ქალაქი და ფრიგიაც და კაბადოკიაც, ქართველების წინაპარი მესხებით და ტაბალებით იყო დასახლებული. წმ ნინოც, რომელიც მცხეთაში მოდის, სწორედ ფრიგიის მომიჯნავე კაბადოკიიდან არის წამოსული, ხოლო საქართველოს სახელი – გეორგია – ასევე კაბადოკიელი წმ გიორგის გამო ერქმევა. ვახუშტი ბატონიშვილი კი წერს, რომ ქართული სალიტერატურო ენა, ანუ ის ენა, რომელსაც ფარნავაზი სახელმწიფო ენად გამოაცხადებს –  მესხების ენაა.
      საინტერესოა, რომ აქემენიდების სპარსული სახელმწიფო მიდიურ ტრადიციაზე დაფუძნდა, ხოლო ძველი ავტორები წერენ, რომ მიდიას სახელი კოლხი მედეას გამო შეერქვა. ჰეროდოტეს ცნობით:  – “მიდიელებს ძველად ყველანი არიებს ეძახდნენ. ხოლო როცა ათენიდან კოლხი მედეა მოვიდა, ამ არიებმა სახელი გამოიცვალეს და მიდიელები დაირქვეს, ასე ამბობენ თავად მიდიელები”.
      დიოდორე სიცილიელიც წერს, რომ მედეა დაუკავშირდა ეგეოსს და ეყოლა მედოსი, რომელიც შემდეგ მიდიელებზე გამეფდა. სხვა ცნობით, მედეამ ფინიკიას მიაღწია, აქედან მცირე აზიის ჩრდილოეთში ავიდა, მისთხოვდა ვიღაც გამოჩენილ მეფეს, რომლისგანაც შვა ვაჟი მედოსი. მამის შემდეგ შვილმა მემკვიდრეობით მიიღო სამეფო ხელისუფლება, მამაცობით ყველა გააკვირვა და ხალხს თავის სახელის მიხედვით მიდიელები შეარქვა. ბიზანტიელი მწერლი ევდოკია გადმოგვცემს: “ატიკიდან ლტოლვილი აიეტის ასული მედეა კოლხეთისაკენ გაემართა, მაშინ შეერქვა მისგან მიდიელთა ქვეყანას სახელი. ამბობენ წამლების ოსტატურად მკეთებელი მედეას წყალობით მიდიელებიც დახელოვნებული წამალთმკეთებლები არიან. ასევე ამბობენ, რომ როცა მედეა მიდიელებზე მბრძანებლობდა, გარეთ სახეშებურვილი დადიოდა და იქაურებს ქალის ტანსაცმლის ტარება ასწავლა, რათა გარეთ გამოსვლის დროს სამოსით შებურვილი ყოფილიყვნენ”.
      თუ ამ ცნობებს დავუჯერებთ, შეიძლება ითქვას, რომ მედეას მიდიის კულტურულ-რელიგიურ ფენომენზე, რაღაც გავლენა მოუხდენია და კოლხური სამყაროსაც მიდიასთან რაღაც კავშირი ჰქონია. ჰეროდოტე იმასაც წერს, რომ “კოლხეთიდან მიდიაში გადასასვლელი მანძილი დიდი არაა და მხოლოდ ერთი ტომია ამ ქვეყნებს შორის, ესაა სასპეირების ტომი, ამათ რომ გასცდები უკვე მიდიაში ხარო” (I.104), ცოტა ძნელი სათქმელია, რა საზღვრებში გულისხმობს კოლხეთს და მიდიას, როცა გეოგრაფიულადაც ასე აახლოვებს ერთმანეთს.
      “მოგვი” – ძვ. წ. IV საუკუნიდან მოყოლებული ძირითადად ზოროასტრელი ღვთისმსახურების სახელად მოიზრებოდა, ჰეროდოტე კი წერს, რომ ტერმინი თავდაპირველად მიდიაში მცხოვრები ექვსი ტომიდან ერთერთის სახელი იყო (1.101). ხოლო მეორეგან მოგვს – “ქურუმთა კასტის” აღმნიშვნელად ასახელებს (1.132).  მკვლევარებიც ფიქრობენ რომ ეს ხალხი ქურუმთა კასტას განეკუთვნებოდა და მათგან წარმოსდგებოდნენ, არამარტო მიდიელი, არამედ სპარსელი ღვთისმასახურებიც. ეს ტერმინი აღნიშნავს ცეცხლის რელიგიის მიმდევარ, განსაკუთრებული სიბრძნის მქონე ვარსკვლათმრიცხველს, მკურნალს, ჯადოქარს და ალქიმიკოსს, ანუ იმ დარგების მცოდნეს, რაც ჰერმეტიზმისთვის არის დამახასიათებელი, და მათ ცოდნას რომ მედეასთან – მითოლოგიურად მზის (ცეცხლის) ღმერთის ნათესავთან, - ასევე ჯადოქართან, ალქიმიკოსთან და მკურნალთან კავშირი ჰქონდეს – ბუნებრივად გამოიყურება.
       საბერძნეთიდან გამოძევებული მედეასთვის, რომელი ქვეყნისთვისაც ის უცხო ბარბაროსად დარჩა, ხოლო მისი ცოდნა მაგიად და ჯადოქრობად შეფასდა, - ბერძნული სამყარო ანტაგონისტურია. ასევე ტროა-ფრიგიაც და აქემენიდების სპარსეთიც – ბერძნული სამყაროს მთავარი მოწინააღმდეგეა: ამ ორი კულტურული ფენომენის განადგურება ბერძნებს უკავშირდება. ჰეროდოტეც წერს, რომ კოლხები, ტროელები, სპარსელები და ფინიკიელები ერთ ბანაკში იყვნენ და ელინებს უპირისპირდებოდნენ. სპარსელები კი თურმე ამბობდნენ - რაც ელინებმა ილიონი აიღეს, მას შემდეგ ელინები სპარსელების მტრად ითვლებიანო.
       ქრისტეს დაბადების წინა პერიოდში იუდეაც ბერძნული სამყაროს მემკვიდრის – რომის – ხელშია. ამ დროს სადღაც აღმოსავლეთში ცეცხლის რელიგიის მიმდევარი მოგვი-მეფეები, მოუთმენლად ელიან მათი მხსნელის დაბადებას, ისინი ელოდებიან ვარსკვლავს, რომელმაც უნდა ამცნოს მათ მეფის (მესიის) დაბადება.
       და აი ერთ დღესაც ვარსკვლავი გამოჩნდა, ის დადგა გამარჯვების მთაზე და მოგვებიც გაყვნენ მას, მივიდნენ იუდეის ბეთლემში, სადაც მარიამი და ახალდაბადებული იესო მოინახულეს და თაყვანი სცეს, როგორც საკუთარ მესიას და მხსნელს. და ეს ხდება მაშინ, როცა ისრაელის სამეფოში ეს ამბავი არავინ იცის და მეფე ჰეროდეც მხოლოდ მოგვებისგან გაიგებს მომავალი მეფის დაბადების ამბავს.
 “მსოფლიოში ერთადერთი რელიგია, რომელიც მესიანიზმს იცნობდა (იგულისხმება ბიბლიური სამყაროს მიღმა) ესაა ზარატუსტრას მესიანიზმი.. ზარატუსტრას შემდეგ წარმოიშვა რწმენა იმისა, რომ მაზდა ადამინებს გამოუგზავნიდა ახალ მხსნელს, ეს რწმენა საბოლოოდ იუდაურ მესიანიზმს დაემსგავსა, მოგვები ასწავლიდნენ რომ გარკვეული დროის შემდეგ მსხნელი დედამიწაზე მოვიდოდა, რათა ბოროტება დაემარცხებინა. ნიშანდობლივია, რომ ძველი აღთქმა - ეგვიპტის, ბაბილონის ფინიკიის საბერძნეთის “ღმერთების” წინააღმდეგ მებრძოლი, არსად პირდაპირ არ გამოდის ირანის რელიგიის წინააღმდეგ”.
       საქართველოშიც  წმ. ნინოს ქადაგების შემდეგ მეფე მირიანი ჯერ ნებროთის (მოგვების) წიგნს ჩახედავს და მერე ირწმუნებს ნინოს რელიგიას. ამ წიგნში ეწერა მესიის მოსვლაზე. ანანია ჯაფარიძე წერს - “მემატიანე მოგვითხრობს, რომ წარმართობის ხანის ქართველმა მეფე მირიანმა წმინდა ნინოს ქადაგების მოსმენის შემდეგ გადაიკითხა წარმართული “ნებროთის წიგნი” (მაზდეანური რჯულისა). მოხუც ებრაელთაგანაც გამოიკითხა სჯულის საკითხები, რადგან დაინტერესდა “მხსნელით”. წმინდა ნინოს, ასევე  ებრაელთა და “ნებროთის წიგნის” მითითებანი  მესიაზე ერთმანეთს ემსგავსებოდნენ – “მაშინ გულისხმა ყო მეფემან მირიან, რამეთუ ძველნი წიგნნი და ახალნი ეწამებოდეს და ნებროთის წიგნიცა დაამტკიცებდა და შეექმნა სურვილი ქრისტეს სჯულისა”. ქართულ წყაროებში აშკარად დადასტურებულია ის აზრი, რომ ბიბლიურ წიგნებში გადმოცემული მესიანიზმის იდეა ზოროასტრიზმშიც არსებობდა.. საინტერესოა ისიც, რომ “ნებროთის წიგნი”, როგორც ჩანს, ნამდვილად ჰქონდათ ძველ საქართველოში, რადგან მისი ციტატა, დამოწმებული მემატიანის მიერ, სწორედ ზოროასტრიზმის უმთავრესი იდეის შემცველია, მასში ნათქვამია “ცის მეუფის მოსვლისა” და “ხსნის” შესახებ”.
      ადრექრისტიანული ხანის გნოსტიკური მიმდინარეობებიც, დუალისტური სტრუქტურით, სწორედ ზოროასტრულ რელიგიასთან იყო ახლოს და თუ ბიბლიურ ტრადიციაშიც მესიანური იდეა ამავე რელიგიიდან მოხვდა, ხოლო ამ რელიგიის მსახური მოგვების მოძღვრება ქართველების წინაპრებს რაღაც ფორმით უკავშირდება, რომლებიც მზის (ცეცხლის) რელიგიის მიმდევარი ალქიმიკოსები იყვნენ _ მაშინ დუალისტური სქემის მქონე ქართულ ასომთავრულ ანბანსაც ცეცხლის რელიგიის კულტთან უნდა ჰქონდეს კავშირი. ისე, კახეთში (ნეკრესში) ნაპოვნი ასომთავრული ანბანით შესრულებული უძველესი წარწერა, მასზე გადმოცემული ტექსტის მიხედვით, სწორედ ცეცხლის კულტის მიმდევრებს ეკუთვნოდათ.

ე. ქ.

Copyright © 2009 ჟურნალი "დრო მშვიდობისა".