17 Jan 2011

სირიუსის მისტერია

ქართლის ცხოვრების” ტექსტში გადმოცემულ ფარნავაზის სიზმარში არის ერთი უცნაური პასაჟი – მზის სხივის მეშვეობით სარკმლიდან ველზე გასული ფარნავაზი ხედავს მიწაზე დაშვებულ მზეს, რომელსაც „მოჰხოცა ცუარი მ(ზ)ისასა და იცხო პირსაო“  – გვეუბნება ქრონიკის ავტორი. რასაკვირველია, აქ არ არის საუბარი პლანეტარულ მზეზე, მაგრამ მაინც საინტერესოა გაირკვეს, რას შეიძლება ნიშნავდეს მზის ბუნებისთვის სრულიად უცხო მოვლენა _ ცვარი?
      ქართულ ეთნოგრაფიულ მასალებში გვხვდება ტერმინი - „ზის ცვარი“: ხევსურები ციხე-კოშკების მშენებლობისას ლამ-კირის მომზადების დროს წყალში თურმე „ზის ცვარს“ ურევდნენ.. მათივე თქმით ეს არის _ რძე. საფიქრებელია, რომ ფარნავაზის სიზმარში ნახსენები მზის ცვარიც შეიძლება რძეს გამოხატავდეს, რადგან ძველი მისტერიების დასრულებისთანავე მისტებს, როგორც ახლადდაბადებულ ბავშვებს, რძეს ასმევდნენ ხოლმე.
      ამირანის ეპოსში კი ბავშვის რძით განბანის რიტუალი გვხვდება. ზ. კიკნაძე წერს, რომ „ეს ეპიზოდი მხოლოდ სვანურ ვარიანტშია დადასტურებული. რძეში პატარა ამირანს დედობილი განბანს, როცა შეატყობს რომ ის არაჩვეულებრივი ბავშვია.. რძეში განბანა არქაული მოტივია, გამოყენებული როგორც ნათლობის გაძლიერებული ვარიანტი“. ფარნავაზის მიერ მზის ცვარის სახეზე ცხებაც ნათლისღების თავისებურ რიტუალს გადმოგვცემს და რადგანაც მზის ამ ემანაციას „რძე“ გააჩნია, უნდა ვიფიქროთ რომ ის ქალური ბუნების მქონეა, ანუ ქალღვთაებას განასახიერებს.
      ქართულ მითოლოგიაში მზის ქალღმერთის ერთერთი კარგად შემონახული სახეა _ ბარბალე, რომლის კულტი ყველაზე მეტად სვანეთშია დაცული. სწორედ მასთან არის დაკავშირებული მზის კალენდარული დღესასწაულები, მზის ამოსვლის მხარეს ანუ სახლის აღმოსავლეთ კედლის სარკმელთან შესასრულებელი ლოცვები, ასევე ნაყოფიერების, რძის მომატების, თვალის სინათლის მომცემი რიტუალები, ანუ ყველა ის დეტალი, რაც ფარნავაზის სიზმარშია თავმოყრილი.   
      ვ. ბარდაველიძე წერს, რომ ბარბალეს დღეობაზე რიტუალის შესრულება             სახლში აღმოსავლეთ კედლის მარჯვენა სარკმელთან ხდებოდა. სადღეობო რიტუალს სახლის უფროსები ასრულებდნენ და შესაწირსაც იქვე შეექცეოდნენ. შესაწირავების მიძღვნის აზრს და ლოცვა-ვედრების შინაარსს საქონლის გამრავლების, წველის ბარაქისა და საქონლის მომვლელ-მეპატრონეთა კეთილდღეობის გამოთხოვა შეადგენდა.
      გავრცელებული იყო ბარბალეს სახელზე საფურე ხბოს და ძროხის დაყენება, კარგ მეწველ ძროხას წაღმა შეაბრუნებდნენ და მას სახელად ბარბულას შეარქმევდნენ.. როდესაც სვანის ოჯახში უშობელი მოიგებდა, ოჯახში ძროხის მწველელი ქალი კვირისტავს მონახავდა, ამ საგანს ახლად მოგებულ ძროხას შეუშვერდა და ცალი ხელით ისე ჩამოწველიდა, რომ რძის ცვარი აუცილებლად კვირისტავის ნახვრეტში გასულიყო, შემდეგ ამ კვირისტავს და საგანგებოდ გამოცხობილ ყველისგულიან კვერს სალოცავ ბარბოლში წაიღებდა და იქ ბარბალეს სახელზე შესწირავდა წველის ბარაქის, ძროხის სისაღისა და გამრავლებისათვის ლოცვა-ვედრებით. შესაწირ კვერს იქვე შეექცეოდა, კვირისტავს კი დატოვებდა, სამაგიეროდ სალოცავი ადგილიდან ბალახს მოგლეჯდა და შინ წაიღებდა.
      როგორც ვხედავთ, ბარბალეს კულტისთვის დამახასიათებელი ყოფილა რძის მატების, ძროხის, და ზოგადად მსხვილფეხა საქონლის კულტი, რაც ბევრად უფრო ძველი - სამონადირეო ეპოქის დროინდელი ირმის კულტიდან იღებს სათავეს. ეს არქაული პასაჟი ერთ ხალხურ ლექსს შემოუნახავს, რომლის თანახმად ქართველი მეფეები ირმის გაზრდილად ითვლებოდნენ:
ბატონიშვილ ერეკლესა
ირმის ძუძუ უწოვნია,
წყალი უსვამს ალგეთისა,
თრიალეთზე უძოვნია
გადუგდიათ საჩალეში,
მონადირეს უპოვნია.
      საინტერესოა, რომ სიზმარში მზის ნახვის შემდეგ სანადიროდ წასული ფარნავაზიც ირემს ხვდება და მისი საშუალებით განძის პოვნისას, სწორედ ის სიზმარი ახსენდება _  თითქოს მზესა და ირემს შორის რაღაც კავშირი არსებობდეს.
      ძველად მზის კულტი მართლაც ირემთან რომ ყოფილა დაკავშირებული, ამაზე  არქეოლოგიური მასალაც მიუთითებს. ბრინჯაოს სარტყელების კომპოზიციებზე, სადაც ირმებზე ნადირობის სცენებია გამოსახული, ირმების ტანი მზის ნიშნებითაა აჭრელებული. ამავე სარტყელებზე მზის ეს სიმბოლოები ცხოველების თვალის აღმნიშვნელადაც ხატია, ანუ „თვალის“ და „მზის“ (ან ზოგადად პლანეტის) სიმბოლოებს ძველად ეტყობა მსგავსი დატვირთვა ჰქონდა და შეიძლება სალაპარაკო ენაშიც ერთიდაიმავე ტერმინით გამოითქმებოდა 
       ვ. ბარდაველიძეც წერს, რომ „მზე და სავსე მთვარე, თავის მანათობელი თვისებით (ასევე ფორმით) ძველ ხალხებში თვალთან იყო შედარებული. ანალოგიურ მოვლენას ვხვდებით ქართველ ხალხშიც, რასაც ენობრივი ფაქტებიც ამჟღავნებს. თვალთახედვის აღმნიშვნელი ქართული სიტყვა „მზერა“ ისევე, როგორც სიტყვა „მზე“ თავდაპირველად მნათობთა ზოგადი თვისების _ ბზინვის, ბრწყინვალების აღმნიშვნელი ყოფილა“.
       ისიც მნიშვნელოვანია, რომ თვალთახედვის სიჯანსაღე, თვალის სნეულების განკურნება _ ბარბალესთან იყო დაკავშირებული: „ქართლში თვალის ტკივილით დაავადებულებს ან მათ მახლობლებს ბარბალეს სახელობის ეკლესიებში ვერცხლის ან სანთლის „თვალის კაკლები“ მიჰქონდათ და თვალების განკურნებისათვის ლოცვა-ვედრებით ბარბალეს სწირავდნენ. სვანეთში თვალის სნეულებით შეპყრობილი პირისთვის დიასახლისი სამ სადღეობო კვერს აცხობდა, რომლებსაც ცალკე შესწირავდნენ ხოლმე და შეწირვის დროს თვალთა შუქის მინიჭებისთვის ლოცულობდნენ. დღეობა ბარბალობას ლოცვა-ვედრება და შესაწირავის მიძღვნა სახლში, აღმოსავლეთის კედლის მარჯვენა სარკმელთან სრულდებოდა. ზემო სვანეთის მოსახლეობის რწმენაში სახლის ეს ნაწილი წმიდათაწმიდა ადგილად იყო მიჩნეული.“
       თუკი მართლაც ძველი ხალხისთვის მზის და მთვარის სიმბოლო თვალების აღმნიშვნელი იყო, მზის ქალღმერთ ბარბალეს კულტმსახურებაში აღმოსავლეთ კედლის მარჯვენა სარკმლის გამოყენება, ხომ არ ნიშნავს რომ ის მზისთვის იყო განკუთვნილი, მაშინ როცა მარცხენა ალბათ მთვარის სარკმელს შეესატყვისებოდა?
        საინტერესოა, რომ თვალის სამკურნალოდ ბარბალეს სახელზე სამი კვერის შეწირვა ხდებოდა, ანუ თითქოს ორ თვალთან ერთად, „მესამე თვალიც“ იგულისხმებოდა, და თუ მზის და მთვარის სარკმელები მარჯვენა და მარცხენა თვალის სიმბოლოებია, მაშინ გამოდის, რომ გარკვეული არქიტექტურული სტილისთვის დამახასიათებელი მესამე სარკმელი _ „მესამე თვალს“ – ნათელხილვის სიმბოლოს უნდა განასახიერებდეს.
     სამი სარკმლის სიმბოლოს ტრდიცია კარგად ჩანს ადრეშუასაუკუნეების ბაზილიკური ტიპის ქართულ ეკლესიებში, სადაც აღმოსავლეთის მხარეს სამი სარკმელია გაჭრილი, რომელთაგან ცენტრალური უფრო დიდია და უფრო მაღლაა განთავსებული, ისევე როგორც „შუბლის თვალი“. სარკმელები რომ თვალს შეესატყვისება იქიდანაც ჩანს, რომ სარკმლის ზედა კამარულ რელიეფურ შემკულობას – წარბი ჰქვია.
      ამ მოსაზრებას თითქოს ეხმიანება ბარბარესთან დაკავშირებული ქრისტიანული ლეგენდაც. ლეგენდის თანახმად წმ. ბარბარე ფინიკიელი იყო, მზის ქალაქ ჰელიოპოლისიდან. ბარბარეს მამამ, დიოსკორემ, მაღალი ციხე-კოშკი აუშენა და შიგ დაამწყვდია. ბარბალე ამ გოდოლში მარტო ცხოვრობდა და შვებას ბუნების სილამაზის ჭვრეტაში პოულობდა. ერთხელ დიოსკორემ გადაწყვიტა ქალიშვილისთვის მეტი თავისუფლება მიეცა და ბრძანა ბარბარესთვის მდიდრული აბანო აეშენებინათ, რომელსაც მზის და მთვარის თაყვანისცემის ნიშნად, ორი სარკმელი ექნებოდა. ცოტა ხანში დიოსკორე საქმის გამო შორს გაემგზავრა, თავისუფლად მყოფმა ბარბარემ გაიცნო ქრისტიანები, რომელთაგან გაიგო ქრისტეს მოძღვრება, აღიარა ქრისტიანული სწავლება და მოინათლა. ერთხელ ბარბარე ბაღში სეირნობდა, სადაც მამამისის ბრძანებით აბანოს აშენებდნენ. ბარბარემ დაინახა ორი სარკმელი და მშენებლებს მოსთხოვა მესამეც გაეჭრათ, რათა ადამიანის ნახელავში ღმერთის სამსახოვნება აღბეჭდილიყო, მაგრამ მშენებლებმა თავდაპირველად უარი უთხრეს, რადგან ეშინოდათ დიოსკორესი, მაშინ ბარბარემ ასე დაარიგა: „რომელი მე გარქუ, ყავთ ეგრეთ და ოდეს მოვიდეს მამაი ჩემი იგი, და ოდეს გკითხას თქუენ რაისათვის განაღეთ მესამე სარკუმელი, მიუგეთ და არქუთ მას: ასულმან შენმან ესრეთ ინება ყოფაი სარკუმელთა“.
      ამ ქრისტიანულ ლეგენდაში სამი სარკმლის სიმბოლოსთან ერთად, ფარულად კიდევ არის მინიშნება ერთ საინტერესო მოვლენაზე - ძველად აბანოს სანათლავის ანუ ბაპტისტერიუმის სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და საინტერესოა, რომ სწორედ იქ ხდება ბარბარეს მოთხოვნით მესამე სარკმლის გაჭრა; და თუ ორი სარკმელი პლანეტარულად მზეს და მთვარეს უკავშირდება, ეს მესამე სარკმელი – მესამე თვალის სიმბოლო – რომელიმე კონკრეტული ცის სხეულისთვის ხომ არ იჭრება? ძველი ხალხისთვის თაყვანისცემის საგანი, მზესთან და მთვარესთან ერთად, ვარსკვლავიც იყო, მაგრამ რომელი ვარსკვლავი შეიძლება ჩაითვალოს ასეთ მნიშვნელოვნად? რადგანაც ეს ქრისტიანული ლეგენდაა, შეიძლება თავად ქრისტიანულ ტექსტში ვიპოვოთ ახსნა. ამ მოვლენას ხომ არ შეესატყვისება ქრისტეს მიერ წარმოთქმული ფრაზა  – „მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი, ცისკრის კაშკაშა ვარსკვლავი“ (იოანე. გამოცხადება 22. 16) _  ხომ არ არის მინიშნება ცისკრის ვარსკვლავზე, რომელიც ასევე სირიუსს, ცაზე მართლაც ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს გამოხატავს?
      მესამე სარკმლის „გაჭრა“, ანუ მესამე თვალის ახელა ხომ არ არის სიმბოლურად სირიუსთან და ბაპტისტერიუმში ნათლობის (თუნდაც რძით) რიტუალთან დაკავშირებული, როცა წყლის სიბნელიდან გამოსული მისტი, ხედავს სირიუსს, რომელსაც მანამდე ვერ ამჩნევდა? იგივე იდეას ვხედებით შუასაუკუნეების გერმანელი ავტორის ნაწარმოებში „პარციფალი“, სადაც რაინდი, მის წინ მდებარე გრაალის დანახვას, მხოლოდ ნათლობის შემდეგ ახერხებს.
      თუკი ეს სიმბოლოები ქრისტიანულ ლეგენდაში წმ. ბარბარეს უკავშირდება, წარმართული მზის ქალღმერთ ბარბალესაც ხომ არ აქვს რაღაც კავშირი სირიუსთან? მითუმეტეს, თავის პლანეტარულ სისტემაში სირიუსიც მზეს განასახიერებს, რადგან მის გარშემოც მოძრაობენ მცირე პლანეტები, ანუ ის სიმბოლურად „მეორე მზეა“ – რომელსაც მისტერიებში ღამის მზესაც უწოდებდნენ.   
      საინტერესოა, ძველქართულში თუ არის სირიუსთან და მის სახელთან დაკავშირებით რაიმე ცნობილი? ეს ვარსკვლავი „ძაღლის თანავარსკვლავედში“ მდებარეობს და რადგან თავის გალაქტიკაში მზეს განასახიერებს, ამიტომაც შესაძლებელია მის სახელსაც მზესთან ჰქონოდა საერთო..
      ივ. ჯავახიშვილი, წერს რომ „მზის ძველის-ძველი სახელის ნაშთი და კვალი სხვადასხვა რთულ, ცის სფეროსთან დაკავშირებულ სიტყვებში უნდა ვეძებოთ. ამ მხრივ საყურადღებოა ტერმინი „არდადეგი“. არდადეგი ჩვეულებრივ ანტიკური „კანიკულების“ მნიშვნელობით იხმარება, ანუ იმ დროის აღსანიშნავად, როდესაც სირიუსი, ანუ ძაღლ-ვარსკვლავი მზესთან ამოდის და ჩადის, ე.ი. 22 ივლისიდან 23 აგვისტომდე; ხოლო საბა ორბელიანის ცნობით „არდადეგი - მზე რა ლომში შევა გასვლამდე“ - ასეთ მდგომარეობას ეწოდებოდა, ანუ მზის ლომის თანავრსკვლავედში დგომას ასახავდა, რაც ასევე ემთხვევა 22 ივლისიდან 23 აგვისტომდე პერიოდს. „არდადეგი“ ორნაწილიანი სიტყვაა, სადაც მეორე ნაწილი „დეგი“ თუ ლომზე დგომის გამომხატველია, მაშინ ამ ტერმინის პირველი ნაწილი „არდ“ უეჭველია მზის აღმნიშვნელი უნდა ყოფილიყო“.
      რადგან ზაფხულის ეს პერიოდი, ანუ ლომის თანავარსკვლავედში მზის შესვლა, სირიუსსაც უკავშირდება, „არდი“ იქნებ არა მზეს, არამედ სირიუსს აღნიშნავდა? „არდადეგის“ შესატყვისი ლათინური სიტყვა „კანიკულა“ სწორედ სირიუსს გულისხმობს და სიტყვა-სიტყვით ძაღლის ვარსკვლავს ნიშნავს. ეგვიპტეში ძაღლის თანავარსკვლავედის ეს მთავარი ვარსკვლავი ძველი მისტერიების ყველაზე დიდ საიდუმლოს –ქალღმერთ ისისს განასახიერებდა, სწორედ ის იყო – მისტერიების ფარული მზე, რომელიც გამოისახებოდა ჩვილი ბავშვით ხელში, საიდანაც მკვლევართა აზრით, ქრისტიანობაში ღვთისმშობლის იკონოგრაფია გადავიდა. ისისი „კვებავდა’ თავისი მისტიკური რძით იმ კანდიდატს, რომელმაც წარმატებით დაძლია ყველა სიძნელე და მიაღწია „ეპოპტის“ ანუ „ნათელმხილველის“ მდგომარეობას. ამ შემთხვევაში კანდიდატი უკვე მის შვილს _ ჰორს შეესატყვისებოდა. 
      ძველი ჰერმეტიული ტექსტებითაც ალქიმიის წარმოშობა სწორედ ისისს უკავშირდებოდა, ერთ-ერთ ჰერმეტიულ ტექსტში ისისი თავად უყვება თავის შვილს ჰორს, თუ როგორ შეხვდა მას ციური არსება და ოქროს მიღების საიდუმლო გაანდო. ამ საიდუმლოს ქალღმერთი მხოლოდ თავის ვაჟს გადასცემდა, ამიტომაც ისისს ძველი ქურუმები და ფილოსოფოსები ალქიმიკოსთა დიად სამუშაოსთან, ასევე ფილოსიოფიური ქვის, სიცოცხლის ელექსირის და უნივერსალური მედიცინის სიმბოლოსთან აიგივებდნენ.
       მათ სჯეროდათ, რომ ის ცოდნა, რაც ჰერმეს ტრისმეგისთისგან მომდინარეობდა, ადამიანის სულიერი, გონებრივი, მორალური და ფიზიკური აღორძინების საიდუმლო ფორმულას მალავდა.. (ეს ცოდნა, რომელიც პროფანებისგან საგულდაგულოდ იყო დაფარული, მხოლოდ მისტერიების სკოლის ინიცირებულებს ეცნობებოდათ). ძველი ფილოსოფოსების მიერ ამ საიდუმლო დოქტრინის გასაღები, ასევე ქალღმერთ ისისსში იყო სიმბოლიზირებული. ამიტომაც ისისს ყოველთვის ჰერმესთან აკავშირებდნენ. პლუტარქე საერთოდ იმასაც წერდა, რომ ძველი ავტორების თქმით ისისი ჰერმესის შვილი იყო, ხოლო სხვები ამტკიცებდნენ _ ის პრომეთეს ქალიშვილიაო. ამიტომაც,  „ქართლის ცხოვრების“ ავტორის მიერ ფარნავაზის ისტორიაში შეფარულად გადმოცემული თემა, რომელიც ჩვენ ჰერმეტიულ ტრადიციას დავუკავშირეთ, საფიქრებელია, სირიუსის მისტერიებში ინიცირებასაც გულისხმობდა.

ე. ქ.

Copyright © 2008. ჟურნალი "დრო მშვიდობისა".