22 Feb 2012

გოთიკური ტაძარი

გოთიკური სატაძრო არქიტექტურა ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ევროპული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად. შუა საუკუნეების ხელოვნებისთვის ეს სტილი ძალზედ თამამი სიახლე იყო. ევროპაში გოთიკა უეცრად გაჩნდა და ზოგისთვის თავიდან მიუღებელიც კი აღმოჩნდა. აღორძინების ხანის იტალიელ მხატვარ ჯორჯო ვაზარის ის არ მოსწონდა და ამბობენ, თითქოს ამ მიმდინარეობას სწორედ მან შეარქვა სახელად "გოთური" - "ბარბაროსულის" მნიშვნელობით. თურმე მოლიერიც აღშფოთებული საუბრობდა მასზე, თუმცა, მათგან განსხვავებით, ძალიან ბევრი ადამიანი აღტაცებული იყო ამ სტილის სიდიადით, სილამაზით და იდუმალებით. XIX საუკუნეში ბევრმა ამ არქიტექტურულ სტილში პოეტური წარმოსახვის სიმბოლოებიც დაინახა. შატობრიანისთვის გოთიკური ტაძრები სავსე იყო რელიგიური ექსტაზით და გალური ტყეების მომხიბვლელობით, ახალგაზრდა გოეთესთვის კი უმაღლესი ჰარმონიის გამოხატულებას წარმოადგენდა.

უკვე XX საუკუნეში ალქიმიკოსმა ფულკანელიმ თავისებურად ახსნა, როგორც ტერმინი "გოთიკა", ასევე ტაძრების დეკორში დაფარული სიმბოლოები. ტაძრების ქანდაკებებში მან ალქიმიური ფორმულები ამოიცნო. მისივე აზრით, ცნება "art gothique" - ორთოგრაფიული დეფორმაციაა სიტყვისა "argotique" (ჟარგონული). "ჟარგონი - ეს არის იმ ადამიანების ენა, რომელთაც გემ "არგოთი" კოლხეთში იმოგზაურეს, ანუ "ჟარგონი" იმათი ენაა, ვისაც არ უნდა მათი ნათქვამი სხვებმაც გაიგონ. "არგოს" ენა, ეს არის "ჩიტების ენა" - ფილოსოფოსების და ხელდასხმულთა ენა, ამიტომაც გოთიკური ტაძარი - არგოტიკული ხელოვნების ნიმუშია" - წერდა ის.

ეს სტილი თავიდან საფრანგეთში გაჩნდა და იქიდან სწრაფად გავრცელდა ინგლისში, გერმანიაში და შემდეგ მთელს ევროპაში. საფრანგეთში პირველ სრულყოფილ გოთიკურ ნიმუშად მიჩნეულია სენ-დენის ტაძარი. სწორედ სენ-დენის ძველი ეკლესიის აბატმა სუგერიუსმა შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი გოთიკური სტილის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ამიტომაც გოთიკური სტილის წარმოშობა თარიღდება 1137-1143 წლებით, როცა სუგერიუსმა სენ-დენის ეკლესია გადააკეთა.

“ახალი სტილის ესთეტიკური პრინციპები "სინათლისა" და "ზეციური ემანაციების" შესახებ, სუგერიუსმა მისი მფარველი მოწამის - წმინდა დენის მოძღვრებებზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა. სუგერიუსი და მისი თანამედროვეები თვლიდნენ, რომ წმინდა დენი - საფრანგეთში ქრისტიანობის გამავრცელებელი, I საუკუნეში მცხოვრები დიონისე არეოპაგელი იყო, რომელიც ათენში შეხვდა მოციქულ პავლეს, მისგან ქრისტიანობა მიიღო და შემდეგ მისივე მოწაფე გახდა. დიონისე არეოპაგელის ფილოსოფიური ნაშრომების ბერძნული ასლები, საფრანგეთში სენ-დენის სააბატოში ინახებოდა. ეს ნაწერები IX საუკუნეში კარლოს დიდის ვაჟს, საფრანგეთის მეფე ლუდოვიკოს, ბიზანტიის იმპერატორმა საჩუქრად გადასცა, მან კი ტექსტები მონასტერს უბოძა. მოგვიანებით გაირკვა, რომ დიონისე არეოპაგელის წიგნები სინამდვილეში ანონიმურ ავტორს ეკუთვნოდა, რომელიც სავარაუდოდ V საუკუნეში ცხოვრობდა, თავიდან ნეოპლატონიკოსი იყო და მხოლოდ მოგვიანებით მიუღია ქრისტიანობა. დიონისეს ნაწერები უაღრესად მისტიკურ ხასიათს ატარებდა. შეიძლება ითქვას, რომ მისი თეოლოგია წარმოადგენდა მოძღვრებას "სინათლეზე", რადგან ღმერთს და მისტიკურ იერარქიას იგი აგვიწერს სინათლის კატეგორიაში. ის ღმერთს აიგივებს სინათლესთან და სიკეთესთან, ანუ მისთვის ღმერთი, როგორც სიკეთე ყველაფერზე მაღლა მდგომი "არქეტიპული სინათლეა", რომელიც შუქს აძლევს ყველაფერს, რასაც კი მისი მიღება შეუძლია. "იგია საზომი ყველა არსების და მათი მარადისობის პრინციპის რიცხვი, წესრიგი და ერთიანობა" _ წერდა დიონისე არეოპაგელი. სწორედ ეს იდეა ესადაგებოდა სუგერიუსის თეოლოგიური შეხედულების ყველა ძირითად ელემენტს. ამიტომაც,  ფილოსოფიურ ხარისხში, სენ-დენის ტაძრის ფორმას და შემდგომ ყველა მომდევნო გოთიკურ ტაძარს, დიონისე არეოპაგელის მოძღვრების ეს პრინციპები დაედო საფუძვლად” (დანიელ გოტიე).

დიონისე არეოპაგელის წიგნებისადმი და მასში განვითარებული ფილოსოფიური იდეებისადმი ინტერესი მომდევნო საუკუნეებშიც დიდი იყო. ამ ფილოსოფიურმა მოძღვრებამ მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა, როგორც აღორძინების ხანის, ასევე ახალი დროის ფილოსოფიაზე. არეოპაგიტული მოძღვრების შესახებ საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამდნენ მარსილიო ფიჩინო და პიკო დელა მირანდოლა, ხოლო XV ს იტალიური რენესანსის წარმომადგენელმა ლორენცო ვალამ და ნიდერლანდელმა ერაზმუს როტერდამელმა დაამტკიცეს, რომ არეოპაგიტული წიგნები V საუკუნის დიდი ნეოპლატონიკოსის პროკლეს იდეებს ატარებდა და შესაბამისად V საუკუნეზე ადრე ვერ შეიქმნებოდა. ასე დაიმკვიდრა დასახელებული წიგნების ავტორმა ფსევდო-დიონისე არეოპაგელის სახელი.

დიდი ხნის მანძილზე არავინ იცოდა, ვისი პიროვნება იმალებოდა ფსევდო დიონისე არეოპაგელის სახელის მიღმა, მხოლოდ XX საუკუნის 40-იან წლებში ორი მეცნიერი - შალვა ნუცუბიძე და ბელგიელი ერნესტ ჰონიგმანი, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი კვლევის შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ფსევდო დიონისე არეოპაგელი - სინამდვილეში ქართველი უფლისწული - პეტრე იბერი იყო.

პეტრე იბერი - მურვანი, დაიბადა 411 წელს ქართველი მეფის ვარაზ-ბაქარის ოჯახში. დედის მხრიდან ის იყო ბაკურ მეფის შვილიშვილი. პატარა მურვანის მასწავლებლად და აღმზრდელად ფილოსოფოსი მითრიდატე ლაზი მოუწვევიათ, რომელიც მას მთელი ცხოვრების მანძილზე აღარ მოშორებია. თორმეტი წლის მურვანი სამეფო მძევლად გაგზავნეს კონსტანტინოპოლში, ბიზანტიის კეისრის თეოდოსი II-ის მოთხოვნით. აქ ქართველი უფლისწულის აღზრდას კეისრის მეუღლე, დედოფალი ევდოკია ხელმძღვანელობდა. იმპერატორის სასახლეში მურვანს დიდი ნიჭი გამოუმჟღავნებია, კარგი განათლებაც მიუღია, მეფის კარზე ნდობა და ავტორიტეტიც დაუმსახურებია, მაგრამ ბიზანტიის სახელმწიფო რეჟიმით უკმაყოფილომ, მალე ეს ქვეყანა მიატოვა და პალესტინაში გაიქცა. იერუსალიმში ჩასვლისას ბერად აღიკვეცა, სახელი შეიცვალა და პეტრე დაირქვა. შემდგომში პეტრე იბერმა, თავის ჯგუფთან ერთად, მრავალი ქვეყანა შემოიარა და საბოლოოდ მაიუმში დასახლდა. 452 წელს ის მაიუმის ეპისკოპოსად აირჩიეს. პეტრე იბერმა იერუსალიმში ააშენა ქართველთა მონასტერი და ჩამოაყალიბა სამონასტრო სასწავლებელი, სადაც მისივე ხელმძღვანელობით ფილოსოფიური და კულტურული ხასიათის მუშაობა მიმდინარეობდა. პეტრეს ხელმძღვანელობითვე, სირიაში შეიქმნა ქართველთა კოლონია, რომელიც მომდევნო საუკუნეებშიც განაგრძობდა არსებობას და ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კერას წარმოადგენდა.

ე. ქ.

Copyright © 2006  დაიბეჭდა ჟურნალში "ჯორჯიან ეარვეისი".