14 Mar 2011

ნიშნები

სიღნაღის მუზეუმში ინახება ბრინჯაოს ირმის პატარა ქანდაკება, რომელსაც ტანზე რამდენიმე ნიშანი აქვს ამოტვიფრული - ბორჯღალი, ორი წრე და ნაძვი. ერთი შეხედვით შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ჩვეულებრივი ორნამენტებია, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით და ძველი დამწერლობის ასო-ნიშნებს შევადარებთ, დავინახავთ რომ ისინი ძალიან გავს იბერიული დამწერლობის ასოებს. მსგავსი ნიშნები კიდევ უფრო ძველ კერამიკაზე გვხვდება: ენეოლითური ხანის ჭურჭელზე ბეშთაშენის ციკლოპური ციხიდან და მოზრდილ ჭურჭელზე თრიალეთის ადრებრინჯაოს ხანის ყორღანიდან; ანუ რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უძველეს ხანაში რაღაც დამწერლობა შეიძლება არსებულიყო.
      ბერძნული წერილობითი წყაროდან ვიცით, რომ კოლხებს ჰქონდათ დამწერლობა _ სამოგზაურო რუკების შემცველი კვირბები. აღწერით ეს ძეგლები ქვის სვეტებს წარმოადგენდა, რომელზეც ზევიდან მრგვალი ან პირამიდული, წარწერებით დაფარული ნივთები იდო. ტერმინი „კვირბი“ ქართულ ენაში კერას, შუა ცეცხლს, ასევე კერის ცეცხლზე დასადებ სიპ ქვას აღნიშნავს, რომელზეც პურს აცხობენ ხოლმე. ეს ტერმინი საქართველოს ყველა კუთხეშია გავრცელებული და ამიტომ საფიქრებელია, ამ სახელის მქონე წარწერებიანი ძეგლებიც ძველად მთელი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულიყო. მითუმეტეს ამ სვეტებს ხმელთაშუა ზღვის აუზში საკმაოდ დიდ არეალზე ვხვდებით. ისინი მცირე აზიაში, კრეტაზე, ფინიკიაში, პირინეის ნახევარკუნძულზე, ძველ შუამდინარეთში და ეგვიპტეშიც იყო ცნობილი.
      ფინიკიელი მშენებლის – ხირამის მიერ აშენებული სოლომონის ტაძრის შესასვლელში მდგარი ორი ბოძი - „იახინი“ და „ბოაზი“ - კვირბებს განასახიერებდა. მასონური ლეგენდებით ეს ბოძები შიგნიდან ცარიელი იყო და შიგ ქვისმთლელთა ინსტრუმენტებთან ერთად, უძველესი საიდუმლო ნაწერები ინახებოდა, ანუ ისინიც ძველი ტექსტების საცავს წარმოადგენდა. ზოგი ცნობით მათზე გლობუსები (იგივე რუკები) იდო. ალბერტ პაიკი წერს, რომ „ეს ბოძები ტვიროსელი ოსტატის ხურამის მიერ იყო შექმნილი, ქარების და ცეცხლისადმი მიძღვნილი იმ ორი დიადი ბოძის ანალოგად, რომლებიც საქვეყნოდ ცნობილი მელქარტის ტაძრის წინ ქალაქ ტვიროსში იდგა. იორკის წესდება გვიმტკიცებს რომ ერთერთზე გამოსახული იყო ცის გლობუსი, მეორეზე კი – დედამიწის რუკა“. მელქარტის ამ ბოძებს ძველად „ალკიდას კვირბებსაც“ უწოდებდნენ, ხოლო ესპანეთის ტერიტორიაზე მდგარი ეს ძეგლები „ჰერკულესის ბოძების“ სახელითაა ცნობილი.
      ძველი მასონური ლეგენდებით ეს ორი ბოძი, შეესატყვისებოდა იმ წარწერებიან ბოძებს, რომელებიც ბიბლიური ლამეხის შვილებმა: თუბალ-კაენმა, იავალმა, იუვალმა და ნამახმა წარღვნისგან რაღაც მნიშვნელოვანი ცოდნის გადასარჩენად აღმართეს. (მათვე მიაწერენ სხვადასხვა ხელობის: მჭედლობის, გეომეტრიის, არქიტექტურის, ცხვრის მოშენების, საქსოვი საქმის გამოგონებასაც). ერთ-ერთი სვეტი მოგვიანებით თითქოს ჰერმესმა აღმოაჩინა და კაცობრიობას აცნობა სვეტზე დაწერილი საიდუმლოებები, ანუ წარღვნის შემდეგ ამ ძეგლებზე დაფიქსირებული ცოდნის გამავრცელებლად ჰერმესი ითვლებოდა.
      ბიბლიური პირველი მჭედელი თუბალ-კაენი და ასევე ბიბლიიდან ცნობილი ტაბალები, ქართველების წინაპრებად არიან მიჩნეული. სოლომონის ტაძრის ამშენებელი და მასონთა ლეგენდების მთავარი მოქმედი პირი ტვიროსელი ხირამიც – ასევე თუბალ-კაენის შთამომავალია. ისიც საინტერესოა, რომ ქართველების და ქართლის ძველი სამეფოს აღმნიშვნელი სახელი „იბერი“ – სწორედ „ტაბალიდან“ მომდინარეობს.
      რადგანაც ტერმინი „იბერი“ ტაბალს უკავშირდება, შეიძლება ძველად არსებულ იბერიულ დამწერლობასაც ტაბალებთან და აქედან გამომდინარე, საქართველოს ტერიტორიასთან ჰქონოდა კავშირი. მითუმეტეს ცნობლია, რომ ეს ტერიტორია, თავის წიაღისეული სიმდიდრეების გამო, უძველესი დროიდან მეტალურგი ტომებით იყო დასახლებული. დამწერლობა კვირბების შექმნაც სწორედ მჭედელ ქურუმებს –კორიბანტ-კაბირებს მიეწერებოდათ. ეს იყო მეტად გასაიდუმლოებული ქურუმთა ორგანიზაცია, რომელთა მისტერიების მთავარი საიდუმლო ცეცხლის მომტანი პრომეთეს მითს ასახავდა. პავსანიასის ცნობით, პრომეთე თავადაც კაბირი იყო, და რადგანაც პრომეთე ამირანის შესატყვისია, ხოლო ამირანიც და პრომეთეც, მითოლოგიური ტრადიციით, კავკასიონის მთებში მჭედლებმა „მიაჯაჭვეს“, ამიტომაც მჭედელ ქურუმთა ძველი დამწერლობაც, სწორედ კავკასიონის მთებში უნდა ვეძებოთ. (სხვათა შორის, მითოლოგიურად ამირანი ყაზბეგის მთაშია დაბმული, ხოლო „ყაზბეგის განძიდან“ ცნობილ ვერცხლის თასზე არამეულად ამოტვიფრულია სიტყვა „კაბირი“).
      რამდენიმე წლის წინ, კავკასიონის მთებში - თუშეთში და ხევსურეთში აღმოაჩინეს ქვები, რომლებზეც ამოკვეთილია ძველი იბერიული დამწერლობის მსგავსი ასო-ნიშნები, სტილიზირებულ ნახატებთან და ორნამენტებთან ერთად. საინტერესოა, რომ ამ ქვების უმრავლესობა კოშკებშია ჩაშენებული, ანუ ისინი არქიტექტურულ ელემენტად გვევლინება და კოშკის, როგორც სვეტის სიმბოლოს დეკორს წარმოადგენს, თუმცა ერთი შეხედვითაც ემჩნევა, რომ ნახატიანი ქვები კედლების ქვებთან შედარებით, ბევრად უფრო ძველია. ნახატები ძირითადად რიყის ქვებზე – ანუ მდინარის ქვებზეა ამოტვიფრული.
      ქვებზე გადმოცემული ორნამენტები თუშურ-ხევსურულ ტანსაცმლზე და ფარდაგებზე მოქსოვილ ორნამენტებს ემთხვევა, რაც ალბათ იმის მაჩვენებელია, რომ ნახატიანი ქვები იგივე ხალხის შექმნილია, რომელმაც საქართველოს მთიანეთში მეცხვარეობას, მატყლის დამუშავებას და მისგან მიღებული მასალისგან ქსოვის ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი.
      ქვებზე გამოსახულია უცნაური რომბები, ზიგზაგები, ცხოველები, შეიარაღებული მეომრები, მხედრები, ჯვრიანი დისკოები, კვადრატები და ა.შ. ადგილობრივ მოსახლეობას აღარაფერი ახსოვს ამ ქვების ნამდვილი დანიშნულების ან წარმოშობის შესახებ, როგორც ჩანს ისინი მეორად საამშენებლო მასალად არის გამოყენებული და თავიდან შეიძლება რომელიმე ძველი ნაგებობის ქვები ან საკულტო დანიშნულების ფეტიშები ყოფილიყო. საერთოდ რიყის ქვების საამშენებლოდ გამოყენება საქართველოში უძველესი დროიდან არის ცნობილი, ამიტომაც შეიძლება დავუშვათ, რომ ეს ქვები ქვისმთლელი მშენებლების საქმიანობას უკავშირდებოდა. 
      მაგრამ არის კი საქართველოში რაიმე სხვა ტიპის, ბევრად უფრო ძველი ნაგებობები, სადაც მსგავსი ნახატიანი ქვებია მშენებლობის დროს ნახმარი? ასეთი ნაგებობები მართლაც არსებობს და ისინი III-II ათასწლეულით თარიღდება, ეს არის ქვით ნაგები წრიული ყორღანები.
      1959 წელს ზურტაკეტის ამ ნაგებობების შესწავლისას აღმოჩნდა, რომ დარბაზების კედლების ზოგიერთ ქვაზე ამოკაწრულია უცნაური ნიშნები. თანაც ეს ნიშნიანი ქვები გვხვდება სხვადასხვა დონეზე, ისინი სხვადასხვა მანძილითაა ერთმანეთისგან დაშორებული და მათი ზომებიც განსხვავებულია.
      ერთ ყორღანში აღმოჩნდა 60-ზე მეტი ნიშნიანი ქვა, მეორეში 117, მესამეში 78. ქვებზე სქემატურად  გამოსახულია ცხოველები – ირემი, თხა, ხარი, ფრინველი, გველი. ასევე პარალელური ხაზებისგან შედგენილი ბადეები, სამკუთხედები, რომბები. ნიშნები ქვებზე სხვადასხვა სიძლიერითაა ამოკაწრული. ზოგიერთი ნაკაწრი ღრმაა და ფართო ხაზებითაა შესრულებული, ზოგიც უფრო სუსტად არის გამოხატული. ნაკაწრები ფილაქვებზე და რიყის ქვებზეა დაფიქსირებული. ზოგ შემთხვევაში ნიშნიანი ქვა კედლის წყობის პირველ რიგშია მოქცეული. ასეთ ქვებზე ნიშნების ამოკაწვრა მისი წყობაში დატანის შემდეგ ძალზე ძნელი იქნებოდა, ამიტომაც გამოითქვა ვარაუდი, რომ ნიშნები ქვებზე ძირითადად კედლის წყობის ამოყვანამდეა შესრულებული. ისიც ითქვა, რომ თავდაპირველად ეს ქვები, შეიძლება სხვა ნაგებობის ქვები იყო, სადაც ისინი ერთმანეთის გვერდიგვერდ იდგა, შემდეგ კი ყორღანის აგების დროს, ქვები ხელახლა გამოიყენეს და განლაგებაც დაირღვა. მითუმეტეს, მე-6 ყორღანში აღმოჩნდა ერთი, დარბაზის სამხრეთის ბურჯში პირქვე ჩადგმული ქვა, რომელიც კედლის წყობაში არ იჯდა. ეს ქვა ორფერდაა და გამოსახულება ორივე ფერდზე გვხვდება.
      ოთ. ჯაფარიძის მოსაზრებით - „ქვებზე ამოკაწრული სქემატური ორნამენტები იმეორებს იმავე ყორღანებში ნაპოვნ თიხის ქოთნებზე (საერთოდ თრიალეთური კულტურის კერამიკაზე) გამოსახულ ორნამენტულ სახეს. არ არის გამორიცხული, რომ ჩვენში უკვე III ათასწლეულიდან მოყოლებული დამწერლობის სისტემის შექმნის გარკვეული ცდები არსებობდა. ზურტაკეტის ყორღანების ზოგიერთ ნიშნიან ქვას შეიძლება პიქტოგრაფიული ან თუნდაც იდეოგრაფიული მნიშვნელობა ჰქონდა. როგორც ჩანს, ჩვენში გარკვეული ნიშნებით აზრის გადმოცემას უფრო ადრინდელ საფეხურზედაც ჰქონდა ადგილი. ბ. კუფთინი ოზნში აღმოჩენილ ერთ-ერთ თასზე გამოხატული ნიშნების შესახებ აღნიშნავდა, რომ აქ შესაძლოა საქმე გვქონდეს უძველესი დამწერლობის ცდასთან. მისი აზრით ეს ნიშნები მოგვაგონებენ პროტოელამურ დამწერლობას. ამირანის გორაზე აღმოჩენილ ერთ-ერთ თიხის ჭურჭელზე დატანილი ნიშნების შესახებ შ. ამირანაშვილი აღნიშნავდა რომ ეს ნიშნები უთუოდ არქაული ხანის დამწერლობას ეკუთვნის და რომ ისინი პიქტოგრამის ხასიათს ატარებენ. იგი ამ ნიშნებს უკავშირებდა მესოპოტამიის უძველეს დამწერლობას. ტ. ჩუბინიშვილი ამირანის გორას ჭურჭლებზე მოცემულ გამოსახულებას უახლოებს ჯემთედ-ნასრის გვიანდელი პერიოდის საბეჭდავებზე გამოსახულ ნიშნებს. ასევე შეიძლება ვიფიქროთ, რომ ზოგი ნიშანი მშენებლობაში მონაწილე გარკვეული ჯგუფის აღმნიშვნელი იყო, ზოგიც ცალკეული პიროვნების. კრეტაზე III ათასწლეულის ბოლოს საამშენებლო ქვებზე გვხვდება ქვისმთლელთა აღმნიშვნელი ხაზოვანი ნიშნები. საფიქრებელია, რომ ზურტაკეტის დიდ ყორღანთა მშენებლობაში ერთი ტომის სხვადასხვა გვარის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. ზოგი ნიშანი შესაძლოა სულაც ცალკეული გვარის აღმნიშვნელი ყოფილიყო“...
      ანუ, მეცნიერის აზრით - ეს ნიშნები, რაც სავარაუდოდ ადრეული დამწერლობის სისტემის თავისებური, მარტივი ფორმაა _ ქვისმთლელთა ორგანიზაციას ეკუთვნოდა. ისე, თრიალეთის ყორღანები საკმაოდ რთული, მონუმენტური ტიპის  ნაგებობებია და მათი მშენებლობა საინჟინრო ხელოვნების მაღალ დონეს ნამდვილად მოითხოვდა, მითუმეტეს რამდენიმე წლის წინ ამ ყორღანებთან მისასვლელი „პროსპექტებიც“ გამოვლინდა, მსგავსად აცტეკების და მაიას ხალხების პირამიდული ტაძრების ფართოდ ნაგები ქუჩებისა, რომელთაც რიტუალური დანიშნულება ჰქონდა.
      გასული საუკუნის 90-იანი წლების ბოლოს, როცა თრიალეთის ზეგანზე არსებული წალკის წყალსაცავი დროებით წყლისგან დაცალეს, მის ფსკერზე წყლით გადარეცხილი ყორღანები და მათკენ მიმავალი გზები გამოჩნდა. ყორღანების გზები 1 მეტრი სისქისაა და ქვების რამდენიმე ფენისგან შედგება, სიგანე 4,5 მეტრიდან 7 მეტრამდეა, სიგრძე – 40 მ-დან 400 მ-დე. ძვ,წ. III-II ათასწლეულების მიჯნაზე გზების გამართვის ამგვარი წესი საინჟინრო საქმის ცოდნას მოწმობს. ყორღანების გზებს ეგვიპტის პირამიდებთან აგებულ გზებს ადარებენ.
      არაბული წყაროები კი ეგვიპტის პირამიდების აგებას ჰერმესს მიაწერს - პირამიდები აგებულია ჰერმესის მიერ, რათა გადაერჩინათ მეცნიერების და ხელოვნების მიღწევები წარღვნის დროსო. (ჰერმესის სახელის ფუძე „ჰერმა“ – სვეტს, „ქვების გროვას“, ანუ პირამიდას, ყორღანს მართლაც აღნიშნავს. პირველი ყორღანის შექმნაც მის სახელს უკავშირდება. როცა ჰერმესმა ასთვალება არგუსი გაანადგურა, ღმერთებმა მისი საქციელის გამართლების ნიშნად, ქვებისგან ყორღანი აღმართეს).
      არაბი ალ-მასუდი კი გადმოგვცემს: არსებობდა ლეგენდა, რომლის თანახმად დიდი პირამიდა აგებულია წარღვნამდე სამასი წლით ადრე, ძველი ცოდნის შესანახად. პირამიდის კედლები და ჭერი დაფარული ყოფილა ქვაზე ამოკვეთილი წარწერებით, რომლებიც შეიცავდნენ ასტრონომიულ, მათემატიკურ და სამედიცინო ტრაქტატებს. ამ ცნობას კოპტური ლეგენდაც ადასტურებს, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ რაღაც მნიშვნელოვანი ტექსტები ამოკვეთილი იყო პირამიდის გარეთა ზედაპირზე, მაგრამ ეს ფიქალები მოგვიანებით თურმე სადღაც გაქრა. ანუ გარკვეული ტრადიციის თანახმად, ამ ნაგებობებში წარღვნამდელი ცოდნა ქვაზე ამოკვეთილი წარწერების სახით იყო შენახული.
საინტერესოა, რომ თრიალეთის სამ უდიდეს ყორღანში, გიზის დიდი პირამიდის მსგავსად, არ აღმოჩნდა ადამიანის ძვლები, ანუ შეიძლება ისინი სულაც არ იყო სამარხები, როგორც ეს მიჩნეულია. იქნებ ეს ყორღანებიც, ხეოფსის პირამიდასავით, გარკვეული ცოდნის საცავს, ასტრონომიული მნიშვნელობის მქონე საკულტო ნაგებობებს და მისტერიების ჩასატარებელ ადგილს წარმოადგენდა? ასევე ცნობილია, რომ პირამიდებიც და ყორღანებიც ზუსტი ასტრონომიული გათვლით შენდებოდა. ამბობენ, რომ გიზის სამი პირამიდა ორიონის დიდი თანავარსკვლავედის სამი ვარსკვლავის შესატყვისია, ხოლო შიდა კამერიდან გამავალი შახტები სამხრეთით – ორიონის და სირიუსის, ხოლო ჩრდილოეთით - დიდი დათვის და დრაკონის ვარსკვლავებზეა დამიზნებული _ ანუ ძველმა ქვისმთლელმა მშენებლებმა კარგად იცოდნენ პლანეტების და ვარსკვლავების მოძრაობის სქემები და ამ სქემების შესაბამისად ნაგებობის დაპროექტება. შენობის მეშვეობით მათ შეეძლოთ დედამიწაზე ცის სქემა (რუკა) გადმოეტანათ, ანუ ცის და დედამიწის ჰარმონიული კავშირი განეხორციელებინათ.
      ხევსურულ ქვებზეც სწორედ ასტრონომიული სიმბოლოებია ძირითადად გამოსახული. ამის შესახებ გ. გიგაური წერს, რომ თუკი შუამდინარულ, ეგეოსურ და ეგვიპტურ ნიშნებში ეკონომიურად განვითარებული რეგიონის ატრიბუტები გვხვდება: გუთანი, საზიდარი, ჭურჭელი, ცული და სხვა. რაც დამწერლობით სისტემაში სტილიზირებულ სიმბოლოებადაა გადასული,
საქართველოს მთაში შემორჩენილ ნიშნებში უფრო ჭარბობს ბორჯღალი, მნათობები, სხივები,  მზეები, წრეები, წერტილები, ხაზები  ჯვრიანი წრეები, კლაკნილი, კომეტის ტიპები, სპირალები, ორმაგი წრეები, სამკუთხედი და ზევიდან დანახული დასახლებული ადგილის სიმბოლოები. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს „სკრიპტები“ კოსმოგონიური წარმოდგენების საფუძველზე წარმოიშვა.
      იგივე შეიძლება ითქვას ასომთავრულ ანბანზეც, რომლის ასოებიც გეომეტრიული პრინციპით არის აგებული. ასომთავრულიც ჩვენ ხომ ქვისმთლელთა დამწერლობად მივიჩნიეთ, სადაც წრეწირის (ცა) და კვადრატის (დედამიწა) შეერთების გზით მიღებული კოსმიური ჰარმონიის გარდა, ალქიმიური სიმბოლოებიც არის გადმოცემული. ცნობილია, რომ ალქიმიაშიც ორი ელემენტია მთავარი – გოგირდი და ვერცხლისწყალი – ერთი წვადი, ანუ “ფიქსირებული”, ხოლო მეორე აქროლებადი, ანუ “მფრინავი”. სწორედ ამ ორი პრინციპის შეერთებით წარმოიშვა კოსმიური ანდროგინის სიმბოლო, რომლის არსებობასაც “მზის” და “მთვარის” კავშირი განაპირობებს. ეს იდეა ხშირად „ქიმიური ქორწინების“ სახით არის გადმოცემული, რაც ჩვენი აზრით _ ასომთავრულშია განხორციელებული და თუ ძველი ხევსურული ნიშნები დაკავშირებულია ამავე სიმბოლოებთან, ხევსურულ ქვებზეც უნდა იყოს მსგავსი იდეა.
მართლაც, ხევსურეთში ნაპოვნ ერთ-ერთ ქვაზე „მზის და მთვარის ქორწინების“ სცენა - სექსუალური აქტის სახით გვხვდება, სადაც ქალურ ნიშანს მთვარის ფორმა აქვს, ხოლო მამაკაცურს - წრიული. (მამაკაცის გვერდით რვაქიმიანი ვარსკვლავი ხატია, რაც შეიძლება იმის მიმანიშნებელია რომ სცენა პლანეტა ვენერას (ან მარსს),  ცისკრის ვარსკვლავს უკავშირდება, რომელიც დილით ომის ღმერთს განასახიერებდა, ხოლო საღამოს სიყვარულის ქალღმერთს, ამასთან დაკავშირებით არსებობდა ანდროგინული, წვერებიანი აფრიდიტას კულტი).
      საინტერესოა, რომ იმავე ქვაზე იეროგამიის სცენის გვერდით, მეომრების შებრძოლებაც ხატია, ანუ ალქიმიური სიუჟეტი აქაც ომის თემასთან ერთადაა, თანაც ამავე ქვაზე ვერძის და ვაზის რქების მსგავსი სპირალებია მოცემული, მამაკაცი მეომრების თავი კი უცნაურია – მათ მცენარეული სახე აქვთ - ერთ შემთხვევაში ქინძის-თავის, მეორე შემთხვევაში ფოთლის ფორმის, თითქოს მიწიდან დაბადებულები არიან. ორივე ეს ფორმა კი ემთხვევა აღმოსავლეთ საქართველოში ნაპოვნ უძველეს (III-II ათასწ.) სატევარების და ქინძისთავების ფორმებს, ანუ თითქოს კაცები ლითონის „ქონდრისკაცები“ არიან. მსგავს ქინძისთავებს მტკვარ-არაქსის კულტურაშიც ვხვდებით, ასევე მარტყოფის ყორღანებშიც.
      მცენარესავით მიწიდან დაბადებული მეომრების შესახებ მითოლოგიური ისტორია აიეტს უკავშირდება. აიეტი ომის ღმერთის მინდორს  ცეცხლისმფრქვეველი ხარებით ხნავდა და ხნულებში ხორბლის მაგივრად, გველეშაპის კბილებს თესავდა, საიდანაც შეიარაღებული მეომრები იბადებოდნენ. ნიკოლა ფლამელი კი გვეუბნება, რომ ეს ალქიმიური ფორმულაა და ალქიმიურ ოპერაციას გადმოგვცემს. ეს აზრი ალბათ სიმართლეს შეესატყვისება, რადგან ალქიმიური ფორმულების შემცველი საწმისიც იმავე ველზე ინახებოდა.
      პირველი ალქიმიური ტრაქტატის შემქნელად ჰერმესი სახელდება, ანუ ეს საიდუმლო მისი საკუთრებაა, ისევე როგორც ამ საიდუმლოს შემცველი საწმისი. ეგვიპტის ტაძრის ერთი ტექსტი კი ჰერმესის დაწერილ სხვა წიგნზე მოგვითხრობს. თურმე არსებობდა ძველი სიბრძნის წიგნი, სახელად "პირველი დროის ყორღანების ჩამონათვალი", რომელშიც დაშიფრული ყოფილა რომელიღაც ყორღანების ადგილმდებარეობა. მასში ასევე მოცემული იყო ინფორმაცია უდიდეს პირველყოფილ ყორღანზე და იმ ადგილზე, საიდანაც "დაიწყო დრო".
      და თუ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ძველი ყორღანების მშენებლობაც, ისევე როგორც ალქიმია და საამშენებლო საქმესთან დაკავშირებული დამწერლობა, ჰერმესის კულტმსახურებსთან იყო დაკავშირებული, მაშინ ამ ნაგებობებში აღმოჩენილი და მათი მსგავსი თუშურ-ხევსურული ნიშნებიც, ჰერმეტიზმთან მიმართებაში შეიძლება განვიხილოთ.

ე. ქ.

Copyright © 2009 ჟურნალი "დრო მშვიდობისა".