9 Mar 2013

სიმონ მოგვი – ფაუსტუსი


“ტერმინი გნოსტიციზმი წარმოსდგება ბერძნული სიტყვიდან გნოსისი და ითარგმნება (თუმცა ცოტა შეცდომით), როგორც ცოდნა, გნოსტიკოსად კი მოიაზრება ის ადამიანი, რომელიც ხსნას ცოდნის საშუალებით ეძებს, თუმცა გნოსტიკური ცოდნა სინამდვილეში არ გვევლინება რაციონალურ შემეცნებად და მითუმეტეს არ შეიძლება განისაზღვროს როგორც ჩვეულებრივად დაგროვილი ინფორმაცია. ელეინ პეიჯელსი თავის ნაშრომში “გნოსტიკური სახარებები” გვიჩვენებს, რომ იმ მნიშვნელობით, რითაც გნოსტიკოსები ხმარობდნენ ამ ტერმინს, ის შეიძლება ვთარგმნოთ როგორც მიხვედრილობა, რადგან გნოსისი გვთავაზობს ინტუიტიურ პროცესს, სადაც ჩართულია თვითშემეცნება და ცოდნა საბოლოო ღვთაებრივ რეალობაზე. ზოგიერთი მეცნიერი თვლის რომ გნოსტიციზმი სათავეს იღებს ფსიქიკის განცდებში, სადაც არქეტიპული ფსიქოლოგია ხვდება რელიგიურ მისტიციზმს. გნოსტიკური გზავნილების სიცოცხლისუნარიანობა და მიმზიდველობაც, პირველ რიგში, ადამიანის ცნობიერების ღრმა შრეებთან მის სიახლოვეზეა დაფუძნებული. მიუხედავად იმისა, რომ პირველი 3-4 საუკუნის განმავლობაში გნოსტიკოსებს, როგორც ერეტიკოსებს, დასცინოდნენ და დევნიდნენ, დასავლური კულტურის მთელი ისტორიის მანძილზე მათი სწავლება და პრაქტიკა მაინც ზედაპირზე ამოტივტივდებოდა ხოლმე. ვერ ასწრებდნენ გნოსტიციზმი გამქრალად გამოეცხადებინათ, რომ ის ისევ ჩნდებოდა შეცვლილი ფორმით, მაგრამ უცვლელი არსით და თან ბევრ მიმდევარს იძენდა.” (სტეფან ჰოლერი)

მართლაც, კატარული ერესიდან მოყოლებული, აღორძინების ეპოქის, “ფაუსტის” თემაზე შექმნილი ლიტერატურის თუ ეგზისტენციალიზმის სახით, გნოსტიციზმის იდეები დასავლეთ ევროპის ისტორიას ფარულ დინებად გასდევდა.

მე პირადად, რატომღაც მგონია, რომ გნოსტიციზმი მომავლის რელიგიაა და ის ფაქტი რომ პირველ საუკუნეებში გავრცელება ვერ მოახერხა, არა მარტო დევნის, არამედ გარკვეულწილად ეპოქასთან მენტალური შეუსაბამობის ბრალიც იყო, რადგან ის ეპოქა – დაპირისპირების, ომების ნიშნით ხასიათდებოდა, მაშინ როცა ახალი – მერწყულის ეპოქა შემეცნების, დოკუმენტალიზმის, ინტელექტის ნიშნითაა ცნობილი. ის ვერ იტანს დოგმებს, ამსხვრებს სტერეოტიპებს და დაპირისპირებულ პოლუსებს თავის თავში აერთიანებს. შესაბამისად ის ჰარმონიის და მშვიდობის - ქალური ეპოქაა.

თავის დროზე სწორედ გნოსტიკოსებმა მოგვცეს ძველი აღთქმის ყველაზე დიდი დოგმის - სამოთხისეული მითის – კრიტიკა: იმდროინდელ პატრიარქალურ სამყაროში დაუპირისპირდნენ ძველი აღთქმის დოქტრინებს და საფუძველშივე თავდაყირა დააყენეს მისი დოგმები, რადგან თქვეს რომ მოსეს ღმერთი ერთი ჩვეულებრივი ეონია და მას საერთო არაფერი აქვს ზეციურ მამასთან, რომ სამოთხის მითის ბიბლიური ინტერპრეტაციაა სწორედ ადამიანის ცოდვის სათავე, რადგან ყველაზე დიდი ცოდვა – უმეცრებაა, შესაბამისად ცოდნის მიღება ვერ გამოიწვევდა ადამიანის დაცემას. მათ ასევე ქალი ბიბლიური “პირველი ცოდვის” სტერეოტიპისგან დაიხსნეს და ქალური ღვთაებრივი პრინციპი კოსმიურ მოვლენად აქციეს, ის ღმერთის თავდაპირველ პარტნიორად გამოაცხადეს, ანუ მათ ზოგადად ადამიანი სამოთხის ცოდვის კომპლექსისგან გაათავისუფლეს და მას პირადი არჩევანის და შემეცნების გზით პიროვნული განვითარების, თავისუფლების გზა გაუხსნეს.

გნოსტიციზმის დამაარსებლად სიმონ მოგვი ითვლება. ის სირიული მიმდინარეობის მოთავედ გვევლინება, ქრისტიანი მამები კი ყველანაირი ერესის წამომწყებად სწორედ მას მიიჩნევენ. გადმოცემით ის იყო III ს-მდე არსებული გნოსტიკური სექტის – სიმონიანების ან ელენიანების (სახელი მომდინარებს მისი თანამგზავრი ელენედან) დამაარსებელი. თავიდან იოანე ნათლისმცემლის მოწაფე ყოფილა, შემდეგ ალექსანდრიაში წასულა, უკან დაბრუნებული კი უკვე ის ჩასდგომია სათავეში იოანეს სკოლას, რადგან მისი მოწაფეებიდან სიმონი ფავორიტად ითვლებოდა.

სიმონი სამარიის ქალაქ გიტაში დაიბადა და ბევრი თვლის რომ თავად ეს ფაქტი, დაბადების ადგილის გამო, მას წარმოაჩენს თავისებურ ერეტიკოსად, რადგან სამარიტელები ძველი დროიდანვე ცნობილი იყვნენ როგორც იუდაიზმის ერეტიკული ფორმის მიმდევრები. ისინი თავის თავს “ჭეშმარიტების მცველებს” უწოდებდნენ, უარყოფდნენ იერუსალიმის ტაძარს და მოსალოცად სამარიის წმინდა მთაზე დადიოდნენ. სამარიტელების გამოჩენა ასურელების მიერ ძვ.წ. 722 წ. სამარიის დაპყრობას უკავშირდება. ამ დროს ადგილობრივი ებრაელები იქიდან გადაასახლეს და მათ მაგივრად ბაბილონელები, მიდიელები, ხამათელები ჩაასახლეს. ახალ მოსახლეებს ძველი აღთქმის კულტმსახურებთან თავიდანვე მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ, რადგან ადგილობრივ რელიგიასთან ერთად, თავის ძველ ღმერთებსაც სცემდნენ თაყვანს.

შეიძლება სამარიტელების კავშირი მიდიურ და ბაბილონურ სამყაროსთან იყო იმის მიზეზიც, რომ სიმონს ძველი მოგვების და ქურუმების ცოდნა კარგად ჰქონდა შეთვისებული. მისი ახლობლები ყვებოდნენ მაგიის მიღწევებზე, რომელსაც სიმონი ფლობდა. მას თურმე შეეძლო მთის შრეები ისე გაევლო, თითქოს რბილი თიხა ყოფილიყოს. გადმოვარდნილიყო მაღალი მთიდან და მშვიდობიანად დაშვებულიყო მიწაზე. ქანდაკებები გაეცოცხლებინა, უხიფათოდ გაევლო ცეცხლში, ორსახოვანი გამხდარიყო, ბატკნად, თხად ან გველად გადაქცეულიყო, ოქროთი შემოსილიყო, ქვები პურად ექცია, რკინა დაედნო და ა.შ.

ირინეოსის ცნობით სიმონი სახელგანთქმული ჯადოქარი იყო. იუსტინე კი წერდა, რომ - სიმონი რომში დიდ სასწაულებს ახდენდა და ღმერთადაც კი იქნა აღიარებული. მდინარე ტიბროსის კუნძულზე მას, როგორც ღმერთს - ქანდაკებაც დაუდგეს. თითქმის ყველა სამარიტელი, ასევე ზოგიერთი ადამიანი სხვა ხალხიდან, მას “პირველ ღმერთად” მიიჩნევდა. მასთან ერთად თაყვანს სცემდნენ ვიღაც ელენეს, რომელიც სიმონს მუდამ თან დაჰყვებოდა და უწოდებდნენ მისგან გამოსულ “პირველ აზრს”. რომში სიმონს საპატიო სახელით – ფაუსტუსით მიმართავდნენ. ერთერთი ყველაზე საინტერესო თავისებურება, რასაც მას მიაწერდნენ – ფრენის შესაძლებლობა იყო. აქედან გამომდინარეობდა მისი ეპითეტი - მფრინავი. ბევრს ეკამათებოდა პეტრეს, რასაც დღევანდელ დღეს შეგვიძლია, სასწაულებში შეჯიბრი დავარქვათ იმის დასადგენად, თუ ვის უფრო მეტი ძალა ჰქონდა. (საერთოდ, იმდენად ცნობილი იყო მისი დაპირისპირება პეტრესთან, რომ ხშირად სიმონს მოციქულ პავლესთან აიგივებდნენ ხოლმე).

პირველი ისტორიული ცნობა სომონის შესახებ მოციქულთა საქმეებში გვხვდება. აქ სიმონი ქრისტიანობა მიღებული და მონათლული ფილიპეს მიერ, მოციქულებს სასწაულებს ევაჭრება და ზებუნებრივი ძალების მიყიდვას სთხოვს, მაგრამ პეტრეს მიერ იქნა მხილებული. (8.9.-12). მიუხედავად იმისა რომ ამ ნაწყვეეტში სიმონი ინათლება, სინამდვილეში მას ვერ ჩავთვლით ქრისტიან მოღვაწედ, რადგან ქრისტიანობის მიღებამდე მას უკვე საკუთარი, სრულიად ჩამოყალიბებული რელიგიური მოძღვრება გააჩნდა და ბევრი მიმდევარიც ყავდა.

სიმონს რამდენიმე ტრაქტატი დაუწერია, მაგრამ ისინი დაიკარგა და მხოლოდ მცირე ფრაგმენტებიღა შემორჩა სხვადასხვა ავტორთან. ამ ტექსტებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ სიმონისთვის ყველაფერი არსებულის აბსოლუტური საწყისი – ცეცხლი იყო. ის ასწავლიდა რომ ცეცხლი ყველა გამოვლენილი საგნის მწვერვალი, სამყაროსეული პრინციპი, უსაზღვრო ძალაა, დაბადებული ფარული პოტენციალურობიდან. ეს ცეცხლი გვევლინება ხილული სამყაროსეული ყოფის თავდაპირველ მიზეზად, ფესვად, შეიცავს რა საკუთარ თავში როგორც გამჟღავნებულ, ისე დაფარულ, საიდუმლო მხარეს და რადგან ყველაფერს მოიცავს, შესაბამისად დაჯილდოებულია გონით, ასევე განსჯის უნარით და შეუძლია განვითარება გაფართოების და ემანაციის გზით. ეს ცეცხლი არ არის დედამიწისეული, ის ღვთაებრივი შუქია, იდეალურად ინტელექტუალური – “ერთიანობაში არსებული, რასაც არ აქვს დასაწყისი, არც დასასრული,”. საკუთარი თავის თავადვე წარმომშობი, ის ვლინდება აზრში, ანუ აბსოლუტური საწყისის პირველი აქტი არის ყოვლისმომცველი აზრის გამოყოფა, და ბადებს რა მას, აბსოლუტური განიხილება როგორც - გონი და მამა.

აზრის ძალისგან ღვთაებრივი იდეა გადადის ქმედებაში. აქედანაა თავდაპირველი ემანაციების სერია. აზრის საშუალებით დაბადებული ქმედება და ცეცხლის ობიექტური მხარე გვევლინება დედად, ხოლო მისი საიდუმლო მხარე – მამად. სიმონი ამ ემანაციებს უწოდებდა სიზიგებს (შეერთებული წყვილი ანუ ორნი), რადგან ისინი ემანირდებიან წყვილად: ერთი როგორც აქტიური, მეორე როგორც პასიური ეონი. ამ გზით გამოვლინდა სამი წყვილი (სულ ექვსი, ცეცხლი იყო მეშვიდე), რომლებსაც სიმონმა შემდეგი სახელები უწოდა: გონი  და აზრი, ხმა და სახელი, აზროვნება  და განსჯა; შემდეგ ამ თავდაპირველი ექვსიდან ემანირდა შუალედური სამყაროს ექვსი ეონი და ა.შ.. საბოლოოდ წარმოიშობიან დაბალი რანგის ეონები, რომლებიც ქმნიან ჩვენ სამყაროს.

და მაინც რაში მდგომარეობდა სიმონის მოძღვრების მთავარი თავისებურება?
ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის იყო, რომ სიმონი ყველგან თან დაატარებდა ტვიროსელ ქალს - ელენეს, რომელზეც ამბობდა რომ ის ღმერთიდან გამომავალი “პირველი აზრი” იყო. ირინეოსი წერს, რომ სიმონმა ფინიკიის ქალაქ ტვიროსში გამოისყიდა ვიღაც ქალი, სახელად ელენე, რომელიც ყველგან თან დაყავდა და უწოდებდა პირველ აზრს - ენოიას, ყველა საგნის დედას, რომლის მეშვეობითაც ღმერთმა თავდაპირველად ჩაიფიქრა შეექმნა ანგელოზები. მისგან გამოსული ეს აზრი (მამის ნების მცოდნე), დაეშვა ქვედა სამყოფელში და დაბადა “ძალები”, რომელთა მიერ, სიმონის თქმით, შექმნილია ეს სამყარო. რაც ისინი შექმნა, მათგანვე დაკავებულ იქნა შურის გამო, რადგან მათ არ უნდოდათ ყოფილიყვნენ ვინმეს მიერ დაბადებულები. მამას საერთოდ არ იცნობდნენ. მამის აზრი კი დაკავებულ იქნა მისგანვე დაბადებული ძალების და ანგელოზების მიერ, ვისგანაც განიცდიდა ყველანაირ დამცირებას. ამიტომ ის ვეღარ დაბრუნდა თავის მამასთან და ადამიანის სხეულშიც კი იქნა დატყვევებული, და დრო და დრო, როგორც ჭურჭლიდან ჭურჭელში, გადადიოდა ერთი ქალის სხეულიდან მეორეში. ის იყო იმ ელენეში, რომლის გამოც მოხდა ტროას ომი. მოგზაურობდა რა ერთი სხეულიდან მეორეში, იტანდა ყველა სახის დამცირებას, და სწორედ ის არის გზააბნეული ცხვარი. ამიტომაც სიმონი თვითონ მოვიდა, რათა დააბრუნოს და ბორკილებისგან იხსნას ის, ხოლო ადამიანებს მოუტანოს ხსნა მამის შეცნობის გზით. ანგელოზები ცუდად მართავდნენ სამყაროს, რადგან ყოველი მათგანი მიისწრაფოდა უზენაესი ძალაუფლებისკენ. ამიტომ მოვიდა საგნების გამოსწორების მიზნით და დაეშვა გადასხვაფერებული.

როგორც ვხედავთ, აქ უკვე სახეზეა მხსნელის მოვლინების იდეა, და მისი საშუალებით კოსმიური აზრის დახსნა სიბნელის ტყვეობიდან, რაც თავად ადამიანის შინაგან სამყაროში მიმდინარე პროცესია. ამასთან დაკავშირებით ს. ჰოლერი წერს რომ “ე.წ. სიმონიანური მითის სტრუქტურა უშეცდომოდ გამოხატავს გნოსტიკური მონომითების ელემენტებს: ქალს და კაცს შორის არსებული ერთიანობის გაყოფა, ქალური პრინციპის დაშვება და გაუცხოება, ვისი როლიც მდგომარეობს სამყაროს შემქმნელების შექმნაში, ქალურის დაცემა დაკარგული თავისუფლების მდგომარეობაში, მსხნელის მოსვლა, რომელიც ან თავად არის წინარე ღმერთი, ან წარმოადგენს მის განსხეულებას. სიმონის მეშვეობით ელენეს გათავისუფლება, მაგალითია ყველა სხვა ადამიანის გამოსყიდვის ცრუ კოსმოსის მონობიდან, სადაც ისინი აღმოჩდნენ. სამყაროსეული სულის და სამყაროსეული გონის, შესაბამისად ეროსის და ლოგოსის გაერთიანებამ - გამოავლინა საწინააღმდეგო მხარეების შემოქმედებითი გაერთიანების არქეტიპი, რომელსაც მივყავართ შეზღუდულობისაგან თავის დახსნამდე და ახალი, უფრო მაღალი შეგნების დაბადებამდე.”

ე. ქ.